განათლება,მთავარი,სიახლეები

„თუ ბათუმს ყველაფერი დაუტოვეს, ჩვენთვისაც უნდა დაეტოვებინათ“ – სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი

16.02.2026 •
„თუ ბათუმს ყველაფერი დაუტოვეს, ჩვენთვისაც უნდა დაეტოვებინათ“ – სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი

„თუ ქაღალდზეც აღარ გვექნება აფხაზეთის უნივერსიტეტი და არ გვეყოლება კანონიერი ხელისუფლება, მაშინ გამოგვიცხადებია კაპიტულაცია. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რადგან ხვალ შეიძლება აფხაზეთის დევნილი მთავრობაც გააუქმონ“ – ამბობს სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასქირი „ბათუმელებთან“.

რა დარჩება სოხუმის უნივერსიტეტისგან „ოცნების“ განათლების „რეფორმით“ და რატომ არ აპირებს შეგუებას დევნილი უნივერსიტეტი? – ამ თემაზე ვესაუბრეთ ზურაბ პაპასქირს.

  • ბატონო ზურაბ, სოხუმის უნივერსიტეტის შენარჩუნება განათლების გარდა არის პოლიტიკური საკითხიც. რატომ დაასუსტეს ასე თქვენი უნივერსიტეტი და არ გაითვალისწინეს პოლიტიკური კონტექსტი, როგორ ფიქრობთ?

რა თქმა უნდა, პირველ რიგში პოლიტიკური თემაა ჩვენი არსებობა, რადგან, ხვალ და ზეგ, ჩვენ სოხუმში დაბრუნებას ვაპირებთ.

თუ არ ვფიქრობთ დაბრუნებაზე, ხელი ჩავიქნიეთ და სხვა გეგმები აქვს მთავრობას? ჩვენ, უნივერსიტეტის პროფესურას, სხვა გეგმები არ გვაქვს. ვფიქრობთ სოხუმში ჩვენს მომავალზე და ის, რომ დღეს გაგვაუქმეს და უნივერსიტეტი დაგვტოვეს ფორმალურად, ეს არის კატასტროფა.

ბათუმის უნივერსიტეტისთვის ხომ გაკეთდა გამონაკლისი, ჩვენთვის კი – არა. ესე იგი, აქ საქმე გვაქვს კონსტიტუციის სრულ იგნორირებასთანაც, რადგან თუ ბათუმის უნივერსიტეტი იმიტომ დატოვეს ხელშეუხებელი, რომ აჭარა ავტონომიური რესპუბლიკაა, იგივე უფლებები გვაქვს ჩვენც კონსტიტუციით. ერთადერთი განსხვავება ჩვენ შორის არის ის, რომ იძულებული ვართ, ვიყოთ დევნილობაში.

  • ახლა სად ხართ და რამდენჯერ მოგიხდათ ადგილის ცვლილება დევნილობაში?

სოხუმის უნივერსიტეტი ახლა თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზეა. 4-5 წელი მომთაბარე ცხოვრებას ვეწეოდით. თავიდან სკოლებში ვიყავით გაფანტული, ერთი ფაკულტეტი ორთაჭალაში იყო, მეორე  – დიღმის მასივში, სანზონაშიც ვიყავით.

სავალალოა ის, რომ ხელისუფლების პირველმა პირებმა ისტორიაც კი არ იციან. 1980-იანი წლების დაწყებამდე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეორე იყო საქართველოში და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გამოვგლიჯეთ მოსკოვს უნივერსიტეტის სტატუსი. ეს იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირში არ შეიძლებოდა მოკავშირე რესპუბლიკას ორი უნივერსიტეტი ჰქონოდა. თითო უნივერსიტეტის ქონის უფლებას აძლევდნენ მხოლოდ. ჩვენ კი, 1979 წლიდან ვართ უნივერსიტეტი.

ზურაბ პაპასქირი

სხვათა შორის, ბათუმი და ქუთაისიც აყენებდნენ მაშინ უნივერსიტეტის სტატუსის საკითხს, მაგრამ არ მისცეს. ეს მთელი ისტორიაა, ახლა გამოდის ეს კაცი (კობახიძე) და ამბობს „თქვენ არ არსებობდითო“.

  • კობახიძემ ან მიქანაძემ ისტორია არ იციან, თუ რუსული პოლიტიკის კვალს ხედავთ ამ ყველაფერში?

არ იციან, უვიცები არიან. ჩვენი უნივერსიტეტი იყო, რომელიც დადგა სოხუმში საქართველოს ინტერესების დასაცავად და არ დაუკრა ტაში აფხაზეთის გამოყოფას საქართველოდან. არ წავედით პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ეროვნულ ღალატზე და ამის გამო სისხლიც დაიღვარა, მაგრამ მაინც შევინარჩუნეთ უნივერსიტეტი.

ახლა რომ აუჩემებიათ 90-იან წლებამდე რაც იყავით იმას გინარჩუნებთო, ამის დატოვებას ვითხოვთ სწორედ, – რაც ვიყავით, იმ სტატუს-კვოში გვინდა, რის გამოც დაგვერქვა უნივერსიტეტი. დევნილობაში ყოფნისას არავის გავუუქმებივართ, ყველა მთავრობა ხელს გვიწყობდა, ფეხზე დაგვაყენეს, ჩვენ თვითონაც მოვინდომეთ, ცხადია და დღეს გვეუბნებიან, რომ „შენ თბილისის ნაწილი ხარ“ და შენზე უნდა გავავრცელო ეს მახინჯი, გაუაზრებელი და აკვიატებული იდეა – „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“.

კი ბატონო, გვქონდა პედაგოგიურიც და ოთხწლიანი პროგრამა გადავიყვანეთ ხუთწლიანზე, მაგრამ ახალი სპეციალობებიც გავხსენით. მაგალითად, სამართალმცოდნეობა.

თუ ბათუმს ყველაფერი დაუტოვეს, ჩვენთვისაც უნდა დაეტოვებინათ, რადგან გვაქვს აფხაზეთის ავტონომია. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ხვალ შეიძლება აფხაზეთის დევნილი მთავრობაც გააუქმონ. ეს ყველაფერი იმიტომ გვაქვს შენარჩუნებული, რომ მსოფლიოს ვუთხრათ, ეს არის ლეგიტიმური ხელისუფლება და აფხაზეთში უკანონო ხელისუფლებაა.

თუ ქაღალდზეც არ გვეყოლება აფხაზეთის კანონიერი ხელისუფლება და უნივერსიტეტი, მაშინ გამოგვიცხადებია კაპიტულაცია. ვაღიაროთ მაშინ დე ფაქტო ხელისუფლება?!

  • ფიქრობთ, რომ ესეც შეიძლება გააკეთონ? 

მაშინ გვითხრან რა უნდათ, რადგან ახლა რასაც გვიკეთებენ, ეს არის ლიკვიდაციის დაწყება. რეალურად, ჩვენი ყველა პროგრამა დახურულია. რამდენიმე პროგრამაზე დარჩა მხოლოდ საბაკალავრო, მაშინ როცა ცხრა დარგში გვაქვს სამსაფეხურიანი სწავლება, სადისერტაციო საბჭოები გვაქვს და მთელ რიგ დარგებში არავისზე ნაკლები არ ვართ. ამ ყველაფერს იმიტომ მიუქმებ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც აქვს იგივე პროგრამები და რადგან თქვენც თბილისში ხართ, ამიტომო.

ჰაერში ხომ არ გამოვეკიდებით, სად წავიდეთ. დამიბრუნონ მაშინ გალი ან ოჩამჩირე და გადავალთ ტყვარჩელში.

  • აგრარული პროგრამა რატომ გადმოაქვთ სოხუმის უნივერსიტეტში, რა შემხებლობა გაქვთ ამ პროგრამასთან?

„ცისფერი მთებია“ რა, „შაბიამნის ახალი პარტია შემოიტანეს, არ გვჭირდება, მაგრამ მაინც“, – ხომ გახსოვთ ეს ფრაზა ფილმიდან, აი, ეგ არის, არ მჭირდება ეს შაბიამანი, კაცო. ჩვენი საქმე გვაქვს. თანაც ხსნიან სხვა უნივერსიტეტიდან და მოაქვთ აქ, სხვისი ინფრასტრუქტურით, სხვისი აკადემიური რესურსით. გინდ ყოფილა და გინდ არა, ჩვენთვის ეს არაფერს ნიშნავს. სადაც უნდათ იქ წაუღიათ თავიანთი შაბიამანი.

სოხუმში გვქონდა სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, მსოფლიოში ცნობილი. დევნილობის დროს ქუთაისში გადმოვიდა. შემდეგ, დროთა განმავლობაში გააუქმეს და შეუერთეს ქუთაისის უნივერსიტეტს. აქ ისეთი ხალხი ასწავლიდა, ომის დროსაც რომ ერთად ვიყავით და თუ მაინც და მაინც აგრარულის გადმოტანა უნდოდათ, ესენი გადმოეყვანათ, რაღაც ლოგიკა მაინც იქნებოდა.

მოჰყავთ უცხო ხალხი და არქმევენ სოხუმის უნივერსიტეტს. ეს არის აბუჩად აგდება აფხაზეთის თემის, უნივერსიტეტის, რომელიც ფლაგმანი იყო ერთ დროს და დღესაც ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და დღესაც ამისთვის ვიბრძვით ჩვენ.

ვეუბნებოდით, მაგრამ მაინც თავისი გააკეთეს. არ ველოდით ამას.

  • რატომ, გქონდათ მანამდე მოლაპარაკებები ვინმესთან და სხვა რამეს დაგპირდნენ?

იყვნენ მოსული და შემოგვაპარეს, – გვინდა აფხაზური გავაძლიეროთო, მაგრამ მარტო აფხაზური თემატიკით მე ისტორიკოსს ვერ გავზრდი. საქართველოს ისტორიის სწავლებით გავზრდი სპეციალისტს. ასევეა ქართულშიც.

  • „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოხუმის უნივერსიტეტს მხოლოდ 380 სტუდენტის მიღების უფლება ექნება. ახლა რამდენი გყავთ და ასეთი დრამატული შემცირება რას გამოიწვევს მომავალში?

სადღაც 3000-ზე მეტი სტუდენტი გვყავს ახლა. ამ კვოტებსაც არ გავაპროტესტებდით, რომ დაეტოვებინათ ის პროგრამები, რაც დღეს გვაქვს. აკრედიტებული, სამსაფეხურიანი პროგრამები გაგვიუქმეს და ეს არის აბუჩად აგდება. მითუმეტეს, როცა 80-90% დევნილი პროფესურა ვართ აქ.

ამ დევნილმა პროფესურამ შევისყიდეთ უნივერსიტეტისთვის კორპუსი, მერე მოგვცა ერთი კორპუსი სახელმწიფომ. მეტი არაფერი მიგვიღია სახელმწიფოსგან და კიდევ აქეთ გვაუქმებენ?!

სხვა დატვირთვაც აქვს ჩვენს არსებობას. ორ აფხაზს მივეცით ჩვენი დიპლომი, რომლითაც ევროპაში გააგრძელეს სწავლა. აფხაზური დიპლომები არ უღიარეს ევროპაში და ჩვენ დავსვით აქ ის ადამიანები მეოთხე კურსზე. რადგან ბოლონიის პროცესში ვართ ჩართული, ამიტომ მოხდა კრედიტების აღიარება და მთელმა აფხაზეთმა იცის ეს. ახლა ამ შესაძლებლობებსაც ვკარგავთ.

  • კვოტებზე მინდა ისევ გკითხოთ. არსებობს იმის რისკი, რომ შესაძლოა 380-ზე ნაკლები სტუდენტი მოვიდეს ამ რეფორმის გამო მომავალში?! ხომ შეიძლება არ გამოჩნდნენ აბიტურიენტები, ვისაც, მაგალითად, აგრონომიის სწავლა მოუნდება. თქვენ თუ ხედავთ ამ რისკებს?

ყველაფერი იქითკენ არის მიმართული, რომ რეგიონული უნივერსიტეტები თანდათანობით გაუქმდებიან. ეს საბჭოური ექსპერიმენტია, რომელიც 1929 წელს განახორციელეს საბჭოთა კავშირში. ასე დაყვეს მაშინაც ფაკულტეტებად უნივერსიტეტები და გააუქმეს კიევის უნივერსიტეტი, ლენინგრადის და მოსკოვის უნივერსიტეტიც კი, სახელწოდება დარჩა მხოლოდ, რადგან 39 წლამდე მხოლოდ ორი ფაკულტეტი იყო ამ უნივერსიტეტში.

თბილისის უნივერსიტეტიც გაუქმებული იყო ორ-ნახევარი წელი. საქართველოს პედაგოგიური ინსტიტუტი შექმნეს და აქ გადაიყვანეს უნივერსიტეტის დამფუძნებლები.

ჩვენ 1989 წელს შიმშილობა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ქართული უნივერსიტეტი ცალკე გამოყოფილიყო აფხაზეთის უნივერსიტეტისგან და ამ შიმშილობის მონაწილე ოთხი ადამიანი ვსხედვართ ახლა აქ, როცა თქვენ გესაუბრებით. ამ ისტორიის უნივერსიტეტს გვიუქმებენ ახლა ჩვენ და ალბათ ჩვენც ქუჩაში მოგვისვრიან.

სოხუმის უნივერსიტეტს ყოველთვის გვქონდა ერთი ამბიცია – იყო ამიერკავკასიაში მეოთხე და საქართველოში მეორე უნივერსიტეტი თსუ-ს შემდეგ, რადგან სოხუმში იყო რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება, ფიზიკის, ტექნიკური და მედიცინის მიმართულებით და ძალიან სოლიდური მეცნიერები მუშაობდნენ.

  • „ოცნება“ ირწმუნებოდა, რომ „რეფორმის“ მიზანი განათლების ხარისხის ამაღლებაა. როგორ ფიქრობთ, წარსულში დაბრუნებით და არჩევანის თავისუფლების წართმევით, ხარისხი ამაღლდება?

ხარისხი ვერანაირად ვერ ამაღლდება. თუმცა, ჩვენთვის ეს წარსულში დაბრუნებაც კი არ არის, რადგან ფაქტობრივად, ყველაფერს გვართმევენ, იმასაც, რაც წარსულში გვქონდა.

  • ფაქტია, რომ ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს მსგავს მდგომარეობაში ხართ. თუ ხედავთ ერთიანობის აუცილებლობას ამ ბრძოლაში?

აბსოლუტურად და ყველანაირად ვცდილობთ ამას. თავიდან თსუ-ს დავუდექით გვერდით, როცა მათი გამოშიგვნა უნდოდათ. მერე ალბათ მიხვდნენ, რომ ივანე ჯავახიშვილს ვერ მოერეოდნენ, თორემ ორი კორპუსის დატოვება უნდოდა იმ ვაჟბატონს (კობახიძეს).

ვფიქრობ, ეს ყველაფერი მაინც ილიას უნივერსიტეტის გამო ხდება, რადგან ფაქტობრივად გავლენა არ აქვს ხელისუფლებას ამ უნივერსიტეტზე. ამას წინათ ვიყავი იქ და ვნახე როგორი თავისუფალი საზოგადოებაა იქ. მართლაც დიდი განსხვავებაა, თუნდაც ჩემს უნივერსიტეტსა და ილიას უნივერსიტეტს შორის, შედარებაც კი არ შეიძლება.

  • ფიქრობთ, რომ თავისუფალი კერების განადგურება უნდათ ამ „რეფორმით“?

აბსოლუტურად. თავისუფალი კერების განადგურება სურთ, თავისუფალი აზრის დევნაა ეს, მეტი კი არაფერი. კაცი რომ გეუბნება, თუ არ მაღიარებ ციხეში წადიო, რა ჰქვია ამას?! მე მოქალაქე ვარ, მაშინ ჩამომართვი მოქალაქეობა და გამასახლე. ეს არის შუა საუკუნეები, მეტი კი არაფერი. მაშინ კოცონზე წვავდნენ და ახლა ციხეში გიშვებენ.

თუმცა, მაინც ოპტიმისტად მინდა დავრჩე, რადგან მგონია, რომ ყველაზე დიდ დარტყმას მთავრობა სწორედ ამ საუნივერსიტეტო რეფორმის გამო მიიღებს.

__

მთავარი ფოტო: ტვ პირველი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: