დღეს, 19 მაისს, თბილისის მერი, კახა კალაძე „სამძიმრის წერილით“ გამოეხმაურა გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ზაარბრიუკენი წყვეტს 51-წლიან მეგობრობას ქალაქ თბილისთან.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ზაარბრიუკენის მერიამ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო მიიღო.
კალაძე თავის „სამძიმრის წერილში“ გერმანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ „დიფ სთეითის“ მორჩილი გერმანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილებების გამო, ისტორიული მეგობრობაც კი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება“ და „გერმანია ჭაობშია ჩაფლულიო“.
კალაძე ასევე ახსენებს „არაფორმალურ ოლიგარქიას“, ოღონდ არა საქართველოს, არამედ გერმანიის კონტექსტში და ასევე აღნიშნავს, რომ გერმანიაში ეკონომიკური კრიზისია.
თბილისის მერი „დანიის პრობლემებსაც“ ახსენებს.
„დაუჯერებელია, რომ დღეს, როდესაც ევროპის კონტინენტზე სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ხელმძღვანელი პირებისა და პოლიტიკოსების გამო კი გერმანია პრაქტიკულად ჭაობშია ჩაფლული და უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას (ეკონომიკური კრიზისი, კრიმინალის კატასტროფულად გაზრდილი მაჩვენებელი, დემოგრაფიული პრობლემები, მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი, სოციალური დაძაბულობა და ღირებულებითი კრიზისი) გერმანელი ბიუროკრატები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაფასებლად იცლიან და „გადამჭრელ ზომებს“ იღებენ, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი 50-ზე მეტი წლის წინ დაძმობილებულ თბილისთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს…
თუკი მათ ევროპულ სახელმწიფოებში არსებული პოლიტიკური ვითარება რეალურად აწუხებთ, ამ აბსურდული გადაწყვეტილებების მიღების ნაცვლად ჯობს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით მომხდარ იმ უმძიმეს მოვლენაზე გაამახვილონ ყურადღება, რაც დანიის დედაქალაქში, კოპენჰაგენში ვიხილეთ, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს…“ – წერს კალაძე ფეისბუქზე გამოქვეყნებულ წერილში.
გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი და თბილისი 1975 წლიდან თანამშრომლობენ და დამეგობრებული ქალაქების სტატუსი აქვთ. ხელშეკრულება ხელი 1975 წლის 22 მარტს, თბილისის საკრებულოს შენობაში მოეწერა.






