გერმანელი პოლიტიკოსი, ბუნდესტაგის წევრი საპარლამენტო ჯგუფიდან „ალიანსი 90/მწვანეები“, ყოფილი მოსამართლე რობინ ვაგენერი საქართველოში დაგეგმილ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმიანება.
„შაბათს, 4 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი არჩევნები გაიმართება. ოპოზიციის დიდი ნაწილი შიშობს, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იქნება და არც სამართლიანი – და რომ შედეგი უკვე წინასწარ არის განსაზღვრული. შედეგად, მრავალი ოპოზიციური პარტია ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს და მოუწოდებს არჩევნების დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებისკენ „ქართული ოცნების“ ავტორიტარული მმართველების წინააღმდეგ.
უკვე რამდენიმე თვეა, „ქართული ოცნება“ აძლიერებს რეპრესიებს მომიტინგეების, ოპოზიციონერებისა და ქვეყნის პროევროპული სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.
ცნობილი ოპოზიციური პოლიტიკოსები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები დაპატიმრებულნი არიან შეთითხნილი ბრალდებებით. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შევიწროებულნი არიან მუდმივად ახალი მოთხოვნებითა და რეგისტრაციის ვალდებულებებით, რაც მიზნად ისახავს კრიტიკული ხმების გაჩუმებას.
ანტისამთავრობო პროტესტების დროს პოლიციის ძალადობა და თვითნებური დაპატიმრებები ნორმად იქცა.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც დაუღალავად აგრძელებს ბრძოლას დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების: ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა გვარამიას, ასევე ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ.
გერმანიის მთავრობამ სწრაფად უნდა იმოქმედოს მიმდინარე რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი მიზნობრივი სანქციების დაწესებით და ევროპულ დონეზე ევროკავშირის სანქციების ერთობლივი პაკეტის შემუშავებით. ევროპამ არ უნდა მიატოვოს საქართველოს მოსახლეობა“, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც რობინ ვაგენერის პრესსამსახურმა გაავრცელა.
რობინ ვაგენერი არაერთხელ გამოეხმაურა განცხადებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში მან განაცხადა, რომ საქართველოში აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებზე მიზანმიმართული სანქციებია საჭირო.






