ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ავარიული კორპუსის გამაგრების პროექტში ბათუმის მერია 60 ათას ლარს გადაიხდის

14.11.2021
ავარიული კორპუსის გამაგრების პროექტში ბათუმის მერია 60 ათას ლარს გადაიხდის

ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირის N56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, „იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროებს სასწრაფო გამაგრებას“.

კორპუსის გამაგრებისთვის საჭირო პროექტს და შესაბამის ხარჯთაღრიცხვას სამმართველო ტენდერის გარეშე, 60 ათას ლარად შეისყიდის. სამმართველომ შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა.

„ბათუმში 2021 წლის 8 ოქტომბერს მომხდარი ცნობილი მოვლენის – 26 მაისის №13-ში მდებარე კორპუსისის ჩამონგრევის შედეგად დაზიანდა არა მარტო კორპუსის დარჩენილი ნაწილი, არამედ მომიჯნავედ მდებარე მემედ აბაშიძის N56 მდებარე საცხოვრებელი კორპუსი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ეს კორპუსი საჭიროებს გადაუდებელ გამაგრებით ღონისძიებებს სპეციალური დამუშავებული პროექტის მიხედვით.“ – აღნიშნულია საქალაქო სამმართველოს განაცხადში.

თუმცა აღსანიშნავია, რომ მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის პირველ სართულზე რამდენიმე ბინაში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე სახლის სადარბაზოს ჩამონგრევამდე, მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები:

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, ერთ-ერთი კერძო კომპანიის მიერ მომზადებულია მემედ აბაშიძის N56 მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გამაგრებითი სამუშაოების პროექტები, თუმცა ეს პროექტები „დამუშავებულია მნიშვნელოვანი ხარვეზებით და დაუშვებელი კონსტრუქციული გადაწყვეტებით, ამიტომ ისინი არ არის რეკომენდებული რეალიზაციისთვის“.

სამხარაულის დასკვნაში ასევე აღნიშნულია:

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნიდან

„ვინაიდან შენობა ავარიულია, შესაძლოა განვითარდეს უმართავი პროცესები ამ კორპუსთნ [აბაშიძის 56-ში] მიმართებით, რაც საფრთხეს შეუქმნის გარეშე პერიმეტრზე არსებულ შენობა-ნაგებობებს. ქუჩა გადაკეტილია და სატრანსპორტო მოძრაობა შეჩერებულია… გამაგრებითი სამუშაოების დაწყება უნდა მოხდეს უმოკლეს ვადაში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, რადგან ავარიულმა ნაგებობამ შეიძლება დაიწყოს თავისთავადი ნგრევის პროცესი. “ – აღნიშნულია მერიის სამმართველოს განაცხადში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 16 ნოემბრამდე უნდა განიხილოს.

სამმართველოს ინფორმაციით, მემედ აბაშიძის N56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას დაახლოებით ორთვე-ნახევარი დასჭირდება. შემდგომ კი, ამ პროექტის საფუძველზე, კორპუსის გამაგრების სამუშაოები უნდა დაიწყოს.

ავარიული კორპუსი ბათუმში / მემედ აბაშიძის გამზირი N56

მთავარი ფოტო: ბათუმში, ავარიულ კორპუსებთან, 26 მაისის ქუჩა ამ დრომდე გადაკეტილია /14.11.2021/ფოტო: „ბათუმელები“

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: