მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ყველაფერი სქოლიოზის, ანუ ხერხემლის გამრუდების შესახებ – ექიმის რჩევები

15.11.2021 • 5225
ყველაფერი სქოლიოზის, ანუ ხერხემლის გამრუდების შესახებ – ექიმის რჩევები

ხერხემლის გამრუდება ფრონტალურ სივრცეში, იგივე სქოლიოზი, გავლენას ახდენს ყველა ასაკის ადამიანზე, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც მოზარდებშია გავრცელებული. სქოლიოზმა შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ სხეულის დეფორმაცია, არამედ სხვადასხვა გართულება, მათ შორის, თავისა და ზურგის ტკივილი, რაც უფრო მოზრდილ ასაკში იჩენს თავს.

კონკრეტული მანიპულაციებითა და სისტემატური დაკვირვებით, სქოლიოზით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების უმეტესობას ნორმალური, აქტიური ცხოვრება აქვს – ამბობს ექიმი რეაბილიტოლოგი ნესტან შაშიკაძე.

  • ქალბატონო ნესტან, რა არის სქოლიოზი?

ეს არის ხერხემლის გამრუდება ფრონტალურ სივრცეში. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება მოზარდებში და მშობლები უფრო თინეიჯერობის ასაკში ამჩნევენ, თუ კი იქამდე არ იყო რაიმე ისეთი მდგომარეობა, რომელიც მეორად სქოლიოზს გამოიწვევდა. სტატისტიკის თანახმად, 21-ე საუკუნეში დაახლოებით 60-70%-ში გვხვდება სქოლიოზი. ზოგიერთ შემთხვევაში კი შეიძლება იყოს უბრალოდ ტანდეგობის დარღვევა და არა ზემოთ აღნიშნული გამრუდება ფრონტალურ სივრცეში.

ხშირად ამბობენ, რომ უფრო მეტად შესამჩნევია [სქოლიოზი] 10-დან 16 წლამდე ასაკში. მშობლის თვალი როცა ამას ამჩნევს, ამ შემთხვევაში უკვე რაღაც პროცესი დაწყებულია, თუმცა შესაძლებელია არ იყოს სქოლიოზი და მშობელი ამჩნევდეს, რომ ბავშვი მოხრილია. ეს, მაგალითად, შეიძლება იყოს ტანდეგობის დარღვევა. ხერხემალი შეიძლება არ იყოს გამრუდებული ფრონტალურ სიბრტყეში, მაგრამ ტანდეგობა იყოს დარღვეული. ეს ნიშნავს, რომ ბავშვი ზედმეტად მოხრილია, ცუდი პოზიცია აქვს ჯდომის, სიარულის, დგომის, თუნდაც წოლის დროს და ესეც უნდა განვიხილოთ აუცილებლად.

ძალიან მარტივი ტესტი არსებობს ამის და ვიზუალურად შეგიძლია შეამოწმო პაციენტი. გასინჯვით, ფიზიკური კვლევითა და რენტგენის სურათით კი შეგიძლია დასვა დიაგნოზი და ივარაუდო გამრუდების რა ხარისხი გაქვს. სქოლიოზი, მათ შორის, რენტგენის სურათზეც შეიძლება სხვადასხვანაირად გამოიყურებოდეს, მაგალითად, იყოს S-ის მაგვარი, C-ს მაგვარი.

  • როგორი ფორმები არსებობს სქოლიოზის და რა იწვევს მას?

არსებობს სტაბილური გამრუდება, რომელიც შემდგომში აღარ იზრდება და არსებობს ხერხემლის ტენდენცია, ანუ კიდევ უფრო მეტი გამრუდება.

მაგალითად, თუ პაციენტთან კუნთოვანი სისუსტე გვაქვს [სქოლიოზი არის რაღაც დაავადების შემდგომ მეორადად განვითარებული პრობლემა], მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს კიდევ უფრო გამრუდდება. თუმცა ამის დანამდვილებით თქმა ჩვენ არ შეგვიძლია. ასეთ დროს ყოველთვის მივმართავთ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს კუნთის გამაგრების სახით, იმ კონკრეტული კუნთების, რომლებიც იჭერს ან ვალდებულია დაიჭიროს ხერხემალი სწორ პოზიციაში.

სქოლიოზის რამდენიმე ფორმა არსებობს. ყველაზე ხშირი, რომელიც თინეიჯერებში გვხვდება (დაახლოებით შემთხვევათა 80%), არის იდეოპათიური სქოლიოზი, რომლის კონკრეტული მიზეზი ვერ სახელდება. ხშირად საუბრობენ, რომ მიზეზია არასწორი მერხი, ცუდი სიმაღლის სკამი, მძიმე ჩანთა და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი კონკრეტული მიზეზის იდენტიფიცირება არ ხდება, ამიტომ ამას ეწოდება იდეოპათიური სქოლიოზების ჯგუფი.

ასევე არსებობს თანდაყოლილი სქოლიოზი და მისი დიაგნოსტირება მალევე ხდება. მერკუნთოვანი სქოლიოზი არის ის, რომელიც ახლავს ცერებრულ დამბლას, სხვადასხვა კუნთოვან მიოპათიას, ანუ მძიმე დაავადებებს, რომლებიც შემდგომში იწვევენ ხერხემლის გამრუდებას, არის დეგენერაციული სქოლიოზი, რომელიც მოხუცებულებისთვის არის დამახასიათებელი – დეგენერაცია ხდება დისკისა და სახსრის.

  • როდის და რას უნდა მიაქციოს მშობლებმა ყურადღება საეჭვო ნიშნების ამოსაცნობად?

მშობელმა პერიოდულად უნდა შეხედოს ჩვეულებრივ პოზიციაში (ბავშვის ხელები ჩამოშვებულია და სახით იყურება წინ) მდგომ ბავშვს ზურგის მხრიდან, სადაც არის საორიენტაციო რამდენიმე წერტილი. მათი ასიმეტრია არასამედიცინო თვალისთვისაც შეიძლება შესამჩნევი იყოს. მაგალითად, ბეჭის ძვლების ასიმეტრია, ასევე მხრების ასიმეტრია – ხშირად ხდება, როცა ერთი მხარი არის ელევაციაში ანუ ზემოთ არის წამოწეული.

ამის იდენტიფიცირება ოჯახის ექიმსაც შეუძლია. ხერხემლის რენტგენოლოგიური კვლევის შემდეგ ძალიან ადვილად ისმება დიაგნოზი კობის კუთხის გაზომვის მეშვეობით. იმის მიხედვით, თუ რამდენია გამრუდების კუთხე, ვსახავთ სამოქმედო გეგმასა და ვადგენთ რა კონკრეტული მანიპულაციები შევთავაზოთ პაციენტს.

  • რა სახის თერაპია და ჩარევა არის შესაძლებელი სქოლიოზის დროს?

საბჭოთა მეთოდებისგან თუ გავაკეთებთ დიფერენცირებას, ევროპული და ამერიკული სკოლა ცოტა სხვაგვარად მოქმედებს: როცა გამრუდების დაბალი გრადუსია, ნაკლებად არის ჩარევა. ვფიქრობ, ეს იმიტომ, რომ ევროპასა და ამერიკაში  სპორტი და ფიზიკური აქტივობა სკოლაში სათანადო სიმაღლეზეა. მაგალითად, იქ გეუბნებიან, რომ დავაკვირდეთ: ყოველ 3 ან 6 თვეში ერთხელ, როცა ბავშვს ვიზიტი აქვს პედიატრთან, აკვირდებიან ხომ არ იზრდება გამრუდება. წელიწადში ერთხელ, მაგალითად, იღებენ რენტგენს, შემდეგ მეორე წელს იღებენ და ადარებენ გაიზარდა თუ არა კობის მიხედვით გაზომილი კუთხე, თუ გაიზარდა, რამდენად.

ჩემი კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც ევროპაში მინახავს, ძირითადად ობზერვაციას ექვემდებარება სქოლიოზები, რომლებიც არის 9-11 გრადუსი, სადღაც 20 გრადუსამდე. 22-23 გრადუსიდან უკვე აქტიურად ფიქრობენ ხერხემალზე მოახდინონ მკვეთრი ზემოქმედება. ეს ნიშნავს არა მხოლოდ ფიზიკურ თერაპიას. 27 გრადუსიდან ზემოთ უკვე სპეციალური, არაელასტიკური ტიპის კორსეტს ნიშნავენ. კორსეტი სპეციალურად ადამიანის სხეულის ყალიბზე კეთდება, ეძლევა პოზიცია, რომელ პოზიციაშიც უნდა დაიჭიროს სხეული და 24-დან 23-22 საათი ატარებენ ამ კორსეტს. მიიჩნევა, რომ რაც უფრო მეტ ხანს ატარებ, მით უფრო ეფექტურია. კორსეტში სრულად ფუნქციურია ადამიანი, ტანსაცმლის ქვეშ მაისურზე აცვია. უკვე 40 გრადუსიდან ზემოთ გამრუდებაზე მოიაზრება ქირურგიული ჩარევა.

ეს ეხება იდეოპათიურ და არა მეორად სქოლიოზს. იდეოპათიური სქოლიოზის დროს კუნთოვანი სისტემა ნაკლებად სუსტია ან საერთოდაც არ არის. თუ სუსტი კუნთოვანი სისტემაა, ცალ მხარეს მეტად მოჭიმულია კუნთები ზურგის, მეორე მხარეს კი, მოდუნებული და ამ ასიმეტრიას ეს აძლიერებს, ამ შემთხვევაში ფიზიკურ თერაპიას იქაც ურჩევენ.

ასეთი კორსეტები საქართველოში, კერძოდ, თბილისშიც მზადდება. მას ორთოპედი ტექნიკოსები ამზადებენ. ეს არ არის ელასტიკური კორსეტი, რომელიც აფთიაქში იყიდება. საქართველოში ასევე საკმაოდ წარმატებით ტარდება ქირურგიული ჩარევა სქოლიოზის დროს.

ადრე მხოლოდ ხარისხდებოდა სქოლიოზი, ახლა უფრო გრადუსებით ვსაუბრობთ, რადგან გრადუსებით გაზომვა საშუალებას გვაძლევს, მოქმედების გეგმა უკეთ დავსახოთ. გამრუდების კუთხე სრულად არ სწორდება, თუმცა რენტგენზე მცირე ცვლილება შეიძლება მოგვცეს მანიპულაციებმა იმის ხარჯზე, რომ კუნთმა უფრო კარგად დაიჭირა, ასევე, რეაბილიტაცია, შემდგომი გამრუდების პროფილაქტიკა. რეალურად,  რაც უფრო კარგად არის კუნთი განვითარებული, მით მეტი შანსია, რომ არ გამრუდდეს ხერხემალი.

  • ფიზიკური აქტივობების მხრივ რა არის რეკომენდებული სქოლიოზისკენ  მიდრეკილი ბავშვისთვის?

დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ პოზიციონირებას – ჯდომისას, წოლისას და სიარულის დროს. სპორტის ნაწილში რეკომენდებულია ცურვა, ასევე თხილამურები და სამკურნალო ჯირითი (და არა შეჯიბრი), რადგან ამ დროს კუნთები მობილიზებულია, თან სრულად არის ჩართული ზურგის კუნთები, აბდომინური პრესი. საზღვარგარეთ არ გამორიცხავენ არც ერთ სპორტულ აქტივობას, გარდა სერიოზულად ასიმეტრიული აქტივობისა, მაგალითად, ჩოგბურთი.

რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდებული სიმძიმის აწევა და ასევე ბატუტზე ხტომა, სხვა ტიპის შეხტომები, რაც ზედმეტ სტრესს წარმოადგენს ხერხემლისთვის. ძირითადი რეკომენდაცია არის ის, რომ ჯდომის და დგომის დროს, მხარი უნდა ემთხვეოდეს ყურის შუა ხაზს. ჯდომის დროს, ყველა ქვემო სახსარში, პირმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს 90 გრადუსის მქონე კუთხე. თუ უფრო მახვილია კუთხე, ესე იგი დაბალ სკამზე ვსხედვართ, თუ ბლაგვი კუთხეა, სკამი ზედმეტად მაღალია ჩვენთვის. 90- გრადუსიანი კუთხე მენჯ-ბარძაყის, მუხლის და კოჭ-წვივის სახსარში ნიშნავს, რომ სწორად ვსხედვართ ამ მომენტში. რა თქმა უნდა, შემდგომ მოდის მაგიდის სიმაღლე, თავის გასწორების რეაქცია და ა.შ.

ეს რეკომენდაციები მხოლოდ ბავშვებს არ ეხება. არასწორი ჯდომა სხვა პრობლემებს ქმნის უფრო ხშირად დიდებში, კისრის და წელის ტკივილის სახით.

თუ კი ადამიანი მოდის ნებისმიერ სარეაბილიტაციო ცენტრში და მიზანი აქვს, რომ ჩაიტაროს მასაჟი/ ვარჯიში (რომელიც მასაჟზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ეფექტურია), საჭიროა ეს პროცედურა რაოდენობრივად იყოს საკმარისი – 5-10 პროცედურა არ არის საკმარისი. პაციენტმა ეს ვარჯიში უნდა დაისწავლოს და კვირაში მინიმუმ 3 დღე სახლის პირობებში უნდა აკეთოს. ხშირად ვურჩევთ მშობლებს, რომ ბავშვები ცურვაზე ატარონ, რადგან სახლში თითქმის არასოდეს ვარჯიშობენ. ეს უნდა იყოს რეგულარული აქტივობა, ცურვა კი ჩვენთან ყველაზე ხელმისაწვდომია.

ადრეული ასაკის ბავშვი თუ დღის განმავლობაში 6 და 8 საათი ზის, ეს აუცილებლად დაეტყობა მომავალში მის ხერხემალს. 0-7 წლამდე ბავშვი უნდა იყოს მაქსიმალურად მოტორული განვითარების ფაზაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: