„ჩაის კრეფის სეზონი წელს ამინდის გამო დაგვიანდა, ახლა ძლივს დაიწყო, მაისის ბოლოს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თურქეთში, დემირისარში მცხოვრები ერჰან ქოსიოღლუ. მას ჩაის პლანტაცია აქვს და მკრეფავებს წელსაც საქართველოდან ელოდება.
ჩაის და თხილის საკრეფად სეზონურად ასობით მოქალაქე გადადის საქართველოდან თურქეთში. სეზონური დასაქმება ბევრისთვის მთავარი შემოსავლის წყაროა.
როგორც ერჰან ქოსიოღლუ ამბობს, წელს ტონა ჩაის დაკრეფის საფასური 11-15 ათას ლირამდე [600-დან 800 ლარამდე] გაიზარდა. ფასებს შორის სხვაობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად რთულ ტერიტორიაზე გიწევს მუშაობა. გასულ წელს ტონა ჩაის დაკრეფის ფასი კი, 8-12 ათასი ლირა იყო.
„ძირითადად დღიურ ანაზღაურებაზე არსებობს შეთანხმება. მე ჯერ არ ამიყვანია მკრეფავები. დღიური ანაზღაურების ფასი 4 ათასი ლირაა [220 ლარი], შარშან 3 ათასი ლირა იყო… გარდა ამისა, შეიძლება შეთანხმება კვებაზეც,“ – გვითხრა ერჰან ქოსიოღლუმ.
თურქეთში სეზონურად დასაქმების მსურველების რაოდენობა მას შემდეგ შემცირდა, როცა საქართველოს მოქალაქეებმა ძირითადად პოლონეთში დასაქმება შეძლეს. 2025 წლის ბოლოს პოლონეთმა საქართველო ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლის მოქალაქეებსაც გამარტივებული წესით შეუძლიათ პოლონეთის ტერიტორიაზე სამუშაო ნებართვის მოპოვება.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, საქართველოს ბევრ მოქალაქეს მოუხდა ემიგრაციიდან უკან დაბრუნება, მათ შორის, პოლონეთიდან. ახლა მათ დიდ ნაწილს – საქართველოში არსებული უმუშევრობის გათვალისწინებით – ისევ სეზონურად მოუწევს ჩაის პლანტაციაში, ან თხილის ბაღში მუშაობა.

ჩაის კრეფის სეზონი თურქეთში, ერჰან ქოსიოღლუს ფოტოები






