მთავარი,სიახლეები

„წვიმაში ბავშვთან ერთად ეზოში გავათენე“ – თხოვნა სოფლიდან, სადაც მეწყერმა ოჯახი იმსხვერპლა

16.07.2021
„წვიმაში ბავშვთან ერთად ეზოში გავათენე“ – თხოვნა სოფლიდან, სადაც მეწყერმა ოჯახი იმსხვერპლა

„რამდენიმე დღის წინ როცა გაწვიმდა, მე და ჩემმა 7 წლის შვილმა გარეთ გავათენეთ, ამ დროს სახლში დაძინების მეშინია,“ – ამბობს ზედა ჯოჭოში მცხოვრები ნონა კახიძე. ეს ის სოფელია, სადაც 2020 წლის 2 ოქტომბერს ჩამოწოლილმა მეწყერმა ლევან თედორაძის სახლი წაიღო. დაიღუპა ცოლ-ქმარი და 14 წლის ბიჭი.

იმ საღამოს მეწყერი ჩამოწვა ნონა კახიძის სახლთანაც. რამდენიმე დღეში გეოლოგებმა დასკვნაც მოამზადეს, რომელშიც წერია: „მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოსახლე დროებით გაყვანილ იქნას უსაფრთხო ადგილას“ და კიდევ -„აუცილებელია ფერდსამაგრი სამუშაოები“. ამ დასკვნის მომზადებიდან 9 თვის გასვლის მიუხედავად ამ სახლთან ჯერ არაფერი შეცვლილა.

„ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, გადაგიყვანთ ქირით, მერე ერგეში კორპუსი აშენდება და იქ იცხოვრებთო, მაგრამ არ გვინდა გადასვლა, ჩვენი თხოვნაა ფერდსამაგრი სამუშაოები გაკეთდეს, სახლი გამყარდეს და ისევ აქ ვიცხოვროთ… მითხრეს, მილიონი დასჭირდება მაგასო, მაგრამ ამის დოკუმენტი არ უჩვენებიათ. მილიონი ერგე არ ღირს და ფერდი რატომ დაჯდება?“ – კითხულობს ნონა კახიძე.

მეწყერი ნონა კახიძის სახლთან, ხელვაჩაური, სოფელი ზედა ჯოჭო

ნონას ოჯახში 6 წევრია, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. ნონა გვიყვება, რომ მის სოფელში რამდენიმე ოჯახს ფერდსამაგარი სამუშაოები დაუფინანსეს, მასთან კი, ამ დრომდე არავინ მისულა.

„წვიმა გვაშინებს,“ – გვიყვება ნონა კახიძე. – „როცა წვიმს, ბიცოლაჩემთან გადავდივართ მეზობლად და იქ ვათენებთ. ზოგჯერ ღამით როცა იწყებს წვიმა, ისე მერიდება გადასვლა. ამას წინათაც მასე იყო – მოვკიდე შვილს ხელი და ისევ ჩემი სახლის ეზოში გავათენეთ ღამე. მინდა ჩვენი ხმა მიაწვდინოთ თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. იქნებ გვეშველოს რამე,“ – აღნიშნა ნონა კახიძემ „ბათუმელებთან“.

ამ თემაზე:

რა შეიცვალა სოფელში, სადაც მეწყერმა ოჯახი იმსხვერპლა – „გაწვიმდება თუ არა, გავრბივართ“

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: