მთავარი,სიახლეები

რა შეიცვალა სოფელში, სადაც მეწყერმა ოჯახი იმსხვერპლა – „გაწვიმდება თუ არა, გავრბივართ“

24.02.2021 • 2105
რა შეიცვალა სოფელში, სადაც მეწყერმა ოჯახი იმსხვერპლა – „გაწვიმდება თუ არა, გავრბივართ“

„მოდიან და მიდიან,“ –  ეს ფრაზა რამდენჯერმე ახსენეს ჯოჭოელებმა, როცა მათ გეოლოგებსა და მეწყრის შემდეგ გაკეთებულ საქმეზე ვკითხეთ.

ქვედა ჯოჭო ხელვაჩაურში ის პატარა სოფელია, სადაც დაახლოებით 5 თვის წინ მეწყერმა ოჯახი იმსხვერპლა. ქვედა ჯოჭოში 2020 წლის 2 ოქტომბერს ჩამოწოლილმა მეწყერმა ლევან თედორაძის სახლი წაიღო. დაიღუპა ცოლ-ქმარი და 14 წლის ბიჭი. ცხედრები მაშველებმა მეორე დღეს იპოვეს.

ჯოჭოელები სახლებისა და მიწის ნაკვეთების დროულ შესწავლას, რეაგირებას და დახმარებას ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მეწყრული კერები შესაძლოა ისევ გააქტიურდეს. აქ რთული არაა იპოვო ადამიანი, რომელიც გეტყვით, რომ წვიმაში უსაფრთხო ადგილისკენ გარბის.

იქ, სადაც გასული წლის ოქტომბრამდე ლევან თედორაძის სახლი იდგა, ახლა მხოლოდ ღიად დარჩენილი ჭიშკარია. მეწყრისგან ჩამოშლილი მიწის მასა ისევ ისეა,  მხოლოდ გზა აღუდგენიათ. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ მიწას ხელი არ ახლეს, ახალი მეწყრის გააქტიურების შიშით.

ლევან თედორაძის ნასახლარზე მხოლოდ წაქცეული ელექტრობოძი დაგვხვდა, სადაც მრიცხველის ყუთია მიმაგრებული. მიწის მასაში აქა-იქ ორმოებია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ გეოლოგები მუშაობდნენ… შემორჩენილა პოლიციის ლენტიც, რომლითაც მეწყრის შემდეგ ტერიტორია შემოსაზღვრეს. მეწყერს დარჩენილი რამდენიმე ხიდან ტყემლის ხე უკვე აყვავებულა.

ლევან თედორაძის დამეწყრილი სახლის ჭიშკარი

დამეწყრილი ადგილი სოფელ ქვედა ჯოჭოში

  • „მერთან ჩამოვალ და პირისპირ ვეტყვი ყველაფერს“ 

„მერთან ჩამოვალ და პირისპირ ვეტყვი ყველაფერს. ვეტყვი, რომ არაფერს აკეთებენ – მოდიან, ფოტოებს გვიღებენ, დაზიანებულ ადგილებს ნახულობენ და მიდიან,“ – გვიყვება თემურ თედორაძე. მისი სახლი ნამეწყრალთან ყველაზე ახლოსაა.

მეწყრის შემდეგ ლევან თედორაძის 11 წლის შვილს [რომელიც 2 ოქტომბრის ღამით სახლში არ იყო] საცხოვრებელი ბინა გადასცეს, 6 ოჯახი კი ქირით გაიყვანეს. ეს ის ოჯახებია, რომლებზეც გეოლოგები წლების წინ ამბობდნენ და დოკუმენტებით ადასტურებდნენ, რომ გამაგრების გარეშე ისინიც საფრთხის წინაშე იყვნენ. მათთვის ყურადღების მიქცევა ხელვაჩაურის მერიამ მხოლოდ 2 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ შეძლო.

თემურ და ხუსეინ თედორაძეები, ქვედა ჯოჭო

„ამ უბედურების შემდეგ ყველასთან მივიდნენ გეოლოგები, ყველასთან იმუშავეს, მაგრამ რა იცვლება?“ – კითხულობს თემურ თედორაძე. ის საკუთარი სახლის დაბზარულ კედლებს გვაჩვენებს და საკარმიდამო ნაკვეთში ადგილებს, სადაც მეწყრის შემდეგ წყალი გამოვიდა. ათეულობით სხვა ოჯახის მსგავსად ახლა თემურ თედორაძესაც აქვს გეოლოგის დასკვნა, რომ მის მიწის ნაკვეთზე კონკრეტული სამუშაოების ჩატარებაა საჭირო.

„ეს ჩამიწერეს მეც და არ მჯერა, ვინ იცის, რა მოხდება? გეოლოგმა ტუსკიამ ჩამიწერა, გამაგრებაა საჭიროო, მაგრამ სად არიან, რა გაამაგრეს?… ჩემს ზემოთაც მიწის მასაა, ეს რომ წამოვიდეს, ხომ დავიღუპები? გამგეობის ხალხმა მითხრა, ხეებია მაქ და ნუ გეშინიაო, მარა შეხედეთ, სადაა ხეები, სამი ნაძვი დააკავებს მეწყერს?“ – გვეუბნება თემურ თედორაძე და ახალ მშენებლობასაც გვაჩვენებს, რომელიც მოულოდნელად გაჩენილი ბზარების გამო შეუჩერებია.

თემურ თედორაძე

გეოლოგები არ მისულან ხუსეინ თედორაძესთან. იგი გვიყვება, რომ ბზარები მის სახლზეც გაჩნდა. იგი სახლის ეზოში იმ ადგილს გვაჩვენებს, სადაც ფუნდამენტის გასამაგრებლად ჩამოსხმა დაიწყო, მაგრამ ისიც მიწის მასამ წაიღო.

„ეს ტრაგედია რომ მოხდა და დიდი წვიმები იყო, მაშინ წაიღო ეს „კოლონები“, ჩამოსხმული მქონდა, რადგან მანამდე სახლზე ბზარები გაჩნდა, თან ჩემი ძველი სახლია. ყველას ეშინია ახლა, ყველას,“ – გვიყვება ხუსეინ თედორაძე და დამეწყრილ ადგილებს გაჰყურებს.

ხუსეინ თედორაძე გვთხოვს იმაზეც დავწეროთ, რომ უმუშევარი დარჩა. მისი აზრით, სახელმწიფოს მისთვის ასაკის გამო სამსახურზე უარი არ უნდა ეთქვა.

„სახელმწიფო დაცვის პოლიციაში ვმუშაობდი 1993 წლიდან, ხელფასი 350 ლარამდე მქონდა, მეტი არა, მაგრამ ესეც კარგი იყო. არც პენსია მაქვს ახლა და არც არაფერი, 55 წლის რომ გავხდი, გამომიშვეს,“ – ამბობს ხუსეინ თედორაძე.

  • „გაწვიმდება თუ არა, შვილებს ხელს ჩავკიდებ და გავრბივარ“ 

ეს ქვედა ჯოჭოში მცხოვრებმა ია მახარაძემ გვითხრა. მისი თქმით, გეოლოგებმა დასკვნა მის სახლზე არ მოამზადეს, რადგან ხელახლა შესწავლაა საჭირო. იას ოჯახი ადგილმონაცვლეობას არ გამორიცხავს, თუმცა მანამდე ყოველ გაწვიმებას შიშით ხვდებიან.

„2 ოქტომბრამდეც, ზაფხულში მივმართეთ ჩვენ გამგეობას, მაგრამ არ მოსულან. მერე მოვიდნენ და შეისწავლეს, მაგრამ კიდევ უნდა მოვიდეთო… იმდენად დიდია ბზარები ამ ძველ სახლზე, ისინიც არ გამორიცხავენ ადგილმონაცველობას, მაგრამ მანამდე როგორ გინდა იცხოვრო? გაწვიმდება თუ არა, ჩემს ორ პატარა შვილს ხელს ჩავკიდებ და გავრბივარ, ბათუმში მივდივარ ჩემებთან,“ – გვიყვება ია მახარაძე.

იას დედამთილი, ეთერ გორგოშაძე ამატებს, რომ ბევრმა და მათ შორის, თვითონაც სახლს  იმიტომ მიაშენა, რომ სახლი გამყარდეს, მაგრამ ბზარები ახალ კედლებზეც გაჩნდა.

ია მახარაძე და ეთერ გორგოშაძე, ქვედა ჯოჭო

ბზარები ეთერ გორგოშაძის სახლის კედლებზე

ჯოჭოელებმა გვაჩვენეს სახლებიც, სადაც აღარავინ ცხოვრობს. საფრთხის გამო ისინი ქირით გაიყვანეს. გზისპირას მდებარე ერთ-ერთი ასეთი სახლის ფანჯრის მინა ჩამტვრეულა, სახლში მხოლოდ თოჯინები დაუტოვებიათ.

თოჯინები მიტოვებულ სახლში

  • „ტყე აღარაა, გზებიც სანიაღვრეების გარეშე გააკეთეს…“ 

„ტყე აღარაა, გაიჩეხა… კიდევ ახალ გზებზე რომ სანიაღვრეები არაა, მაგის გამოც მოხდა ის, რაც მოხდა,“ – გვიყვება ვახტანგ გორგოშაძე. მისი თქმით, სოფელში წლების წინ მეწყრული პროცესები არ იყო და მეწყერი ტყის უსისტემო ჩეხვამ  გაააქტიურა.

„ტყეები აქ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გაჩეხეს, კოლმეურნეობები იყო… მერე ის ადგილები დაუმუშავებელი დარჩა. 5-6 წლის წინ დიდი მიწისძვრა რომ იყო, მაშინ დაიწყო მეწყრული პროცესები, მანამდე არ იყო ასეთი ამბავი, მიწისძვრის დროს გაჩნდა ბზარები“, – გვიამბობს ვახტანგ გორგოშაძე.

გეოლოგებს მისი საკარმიდამოც შეუსწავლიათ.

„ეზოში რაცაა ჩამოშლილი მიწის მასა, ეს უნდა გამაგრდეს, ალბათ გაზაფხულზე მოვლენ, ზუსტად არ ვიცი, რაც უფრო ადრე – მით უკეთესი ჩვენთვის, თორემ ხომ გაგიგიათ, „დღენეხვალიე კაცსაო, თოვლი მოადგა კარსაო“. ისე არ მოხდეს, რომ მეწყერი მოგვადგეს ისევ,“ – ამბობს ვახტანგ გორგოშაძე და სახლის ქვემოთ, მანდარინის ბაღში ჩამოშლილ მიწის მასასაც გვაჩვენებს.

„ამის დასკვნა ჯერ არ მოსულა, არ ვიცი, რას გააკეთებენ,“ – დასძინა ვახტანგ გორგოშაძემ.

ვახტანგ გორგოშაძე

ვახტანგ გორგოშაძე  ჯოჭოში არაა ერთადერთი, ვინც პრობლემას ხედავს ახალ გზებში, რომლებიც სანიაღვრე არხების გარეშე მოაწყვეს. ოქტომბერში ჩამოწოლილი მეწყრისგან გზის კიდეები, სადაც ნიაღვარი ბუნებრივად მიედინება, ისევ არ არის გაწმენდილი. იმის მიუხედავად, რომ არ წვიმს, ახალ გზებზე მარტივად მისახვედრია, სად მიედინება ნიაღვარი წვიმის დროს.

შიდასასოფლო გზა სოფელ ქვედა ჯოჭოში, ხელვაჩაური

 

  • „ჩვენ საერთოდ უგზოდ დავრჩით“ 

2 ოქტომბერს ქვედა ჯოჭოში 6 ოჯახი უგზოდ დარჩა, თუმცა თედორაძეების ტრაგედიის გამო ამ ადამიანების პრობლემა ამ დრომდე არ გაშუქებულა. ამ ოჯახებს საავტომობილო გზა დაახლოებით ერთი წლის წინ გაუკეთეს, თუმცა ადიდებულმა მდინარემ გზა წაიღო. ახალი გზის მოსაწყობად კი აქ ჯერ არავინ გამოჩენილა.

„ღამის საათებში წაიღო მდინარემ ჩვენი გზა“, – გვიყვება ბინალი ცივაძე, რომელიც სახლში მისვლას მოშლილი გზიდან ისე ცდილობს, რომ სადმე არ ჩავარდეს, არ დაზიანდეს. სახლებთან ავტომანქანით ვერავინ მიდის.

„ღმერთმა დაგვიფაროს, ან სასწრაფო დაგვჭირდეს, ან რამე, ვერ მოვა ვერავინ… ჩვენ მანამდე გვქონდა საფეხმავლო გზა და მდინარის პირას გამოდიოდნენ მანქანებიც, რადგან ეს მდინარე ზაფხულში პატარავდება, მდინარის პირას მოგვიწყვეს სამანქანე გზა. როცა აკეთებდნენ, ინჟინრებს ვუთხარი, რომ ეს წყალი ისე დიდდება, ჭოროხი გეგონებათ-მეთქი, გავთვლით ყველაფერსო და რა გითხრათ… პირობას გვაძლევენ, რომ გააკეთებენ, მაგრამ როდის, არ ვიცით. არაფერი ისმის,“ – გვითხრა ბინალი ცივაძემ.

მოშლილი საავტომობილო გზა, სოფელი ქვედა ჯოჭო, ხელვაჩაური

  • ხელვაჩაურის მერია: დრო სჭირდება ყველაფერს

„საპროექტოზე გვქონდა გამოცხადებული ტენდერი, შესრულებაზე ჯერ არ გამოგვიცხადებია,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერის მოადგილემ, არჩილ ბარამიძემ. ის ვერ ასახელებს კონკრეტულ დროს, თუ როდის ექნება 6 ოჯახს გზა. მერის მოადგილე განმარტავს, რომ ტენდერს, პროექტის შეძენას თუ შესაბამისი თანხის მოძიებას დრო სჭირდება.

მოსთხოვა თუ არა ხელვაჩაურის მერიამ პასუხი კომპანიას, რომელმაც ახალი გზა გააკეთა ქვედა ჯოჭოში? რამდენად იყო გათვალისწინებული საფრთხეები გზის გაყვანის დროს? – ხელვაჩაურის მერის მოადგილემ გვითხრა, რომ სტიქიის დროს მდინარემ მიმართულება შეიცვალა, რასაც პროექტის შედგენის დროს ვერ გაითვალისწინებდნენ.

„ამის გათვალისწინება შეუძლებელი იყო, ეს იყო სტიქია ანუ ფორსმაჟორი. შესაბამისად, კომპანიას ვერაფერს მოვთხოვდით…“ – აღნიშნა არჩილ ბარამიძემ „ბათუმელებთან“.

რამდენი დაიხარჯა ამ გზის მოსაწყობად და რომელმა კომპანიამ ჩაატარა სამუშაოები? – ხელვაჩაურის მერის მოადგილე ამ მონაცემების მოწოდებას პრესცენტრის დახმარებით დაგვპირდა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ მიგვიღია.

რაც შეეხება კონკრეტულ სამუშაოებს, რომლებიც  გეოლოგების დასკვნების შესაბამისად სოფელ ქვედა ჯოჭოში უნდა შესრულდეს, ხელვაჩაურის მერის მოადგილე, არჩილ ბარამიძე ამბობს, რომ მაქსიმუმ თვე-ნახევარში ეს სამუშაოები სოფლად დაიწყება და ჯერ კიდევ ტენდერის შედეგად იმ კომპანიების გამოვლენას ელიან, რომლებმაც სამუშაოები უნდა ჩაატარონ.

მეწყრული პროცესების პრევენციის მიზნით, ხელვაჩაურის მერია, ჯამში, ყველა სოფლისთვის დაახლოებით 3 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: