ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარაში მოტობლოკებს დაარიგებენ უკვე წარდგენილი განაცხადების მიხედვით

07.07.2021 • 2573
აჭარაში მოტობლოკებს დაარიგებენ უკვე წარდგენილი განაცხადების მიხედვით

აჭარაში 1000 ფერმერს წელს თანადაფინანსებით მოტობლოკებს გადასცემენ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოტობლოკები იმ განაცხადების/პროექტების მიხედვით გაიცემა, რაც ფერმერებმა 2021 წელს უკვე წარადგინეს „საოჯახო მეურნეობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში.

წელს 2 953 ფერმერიდან, ვინც სამინისტროს აღნიშნული პროექტის ფარგლებში განაცხადით მიმართა, უმრავლესობა – 2 231 ითხოვდა მცირე მექანიზაციის საშუალებებს, მათ შორის, ძირითადად მოტობლოკებს.

სამინისტრომ მოტობლოკების დაფინანსება პრიორიტეტად მაშინ არ მიიჩნია და სპეციალური ქვეპროგრამა მოგვიანებით, ივნისის ბოლოს დააფინანსეს 1,5 მილიონი ლარით.

მაშინ სამინისტროში ამბობდნენ, რომ ვინც მოტობლოკს ითხოვდა, განაცხადის ხელახლა წარდგენა მოუწევდა. თუმცა დღეს სამინისტროში აცხადებენ, რომ მოტობლოკებზე განაცხადებს აღარ მიიღებენ და ტექნიკას უკვე წარდგენილი განაცხადების მიხედვით დაარიგებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოტობლოკს დაახლოებით 1700 ადამიანი ითხოვდა. ამ განაცხადებს კი, [ყველას, მიუხედავად იმისა, განმცხადებელი მხოლოდ მოტობლოკს ითხოვდა, თუ მოტობლოკს და კიდევ სხვა რამეს] სპეციალური კომისია ხელახლა განიხილავს.

„ნებისმიერ განაცხადს, სადაც მოტობლოკი იყო მითითებული, განიხილავს კომისია. შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმებთან ერთად, ალბათ იმის მიხედვითაც მოხდება, ვინ რა ღირებულების ტექნიკას ითხოვს. შეფასების კრიტერიუმები უახლოეს პერიოდში დაზუსტდება და დავიწყებთ განაცხადების განხილვას“, – გვითხრა ლევან ბოლქვაძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა.

1000 მოტოკულტივატორის [მოტობლოკის] შესყიდვაზე ტენდერი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება დაიწყება 2021 წლის 31 ივლისს და 5 აგვისტოს დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში, გამარჯვებულმა სამინისტროს მოტობლოკები უნდა გადასცეს. მას შეუძლია ტექნიკა სამინისტროს მიაწოდოს ერთიანად ან ეტაპობრივად. ეტაპობრივი მოწოდების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 100 ცალი მოტოკულტივატორის მიწოდება.

შესყიდული საქონელი ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე გაიცემა, ფერმერებისა და აგრომეწარმეების მხრიდან, ქვეპროგრამის ფარგლებში შესყიდული საქონლის სახელშეკრულებო ღირებულების 30%-ის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე გადახდის პირობით,“ – აღნიშნულია ქვეპროგრამაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: