მთავარი,სიახლეები

„ნებართვები აიღეს პირებმა, რომლებსაც არ გაუმარჯვიათ კონკურსებში“ – აუდიტი სახმელეთო სააგენტოზე

27.04.2026
„ნებართვები აიღეს პირებმა, რომლებსაც არ გაუმარჯვიათ კონკურსებში“ – აუდიტი სახმელეთო სააგენტოზე

„საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო ნებართვები აიღეს ისეთმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, რომლებსაც არ გაუმარჯვიათ სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. შესაბამისად, სააგენტოში არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა მრავალჯერადი ნებართვების გაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დადასტურებული იქნებოდა ნებართვის მაძიებლის გამარჯვება“- სახმელეთო სააგენტოს მუშაობაში არსებულ მნიშვნელოვან დარღვევებზე ამჯერად სახელმწიფო აუდიტი წერს.

ანგარიშის მიხედვით სახმელეთო სააგენტოს კვლევა ძირითადად 2022 -2023 წლებს მოიცავს. ამ და შემდეგ წლებში სახლემეთო სააგენტოს მუშაობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე „ბათუმელებს“ სტატიები, ფოტო-ვიდეო მასლები აქვს გამოქვეყნებული 2021 -2024 წლებში. 

ამავე თემაზე: შავ ბაზარზე 300-1000 დოლარის გადახდა გვიწევს – მძღოლები სააგენტოს კორუფციაში ადანაშაულებენ

ამ პერიოდში, სხვადასხვა დროს, სააგენტოს წინააღმდეგ არაერთი აქცია გამართეს მძღოლებმა, ისინი „ბათუმელებთან“ საუბრობდნენ, თუ რა სქემას იყენებდა სააგენტო „ფულის საკეთებლად.“

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო არარეგულარული ნებართვის მისაღებად, კომპანიების მიერ სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კომპანიებს არ ჰქონდათ წარმოდგენილი სპეციალური ECMT ფორმით შევსებული საკონტროლო დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, სააგენტოს მიერ გაცემულია ნებართვები.

„სააგენტოში არ არსებობს კონტროლის პრევენციული მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა შემოწმებულიყო საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო არარეგულარული ნებართვების მაძიებელთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისრულე და სიზუსტე.

კომისიის სხდომის ოქმებში არ არის დოკუმენტირებული ისეთი შემთხვევები, როდესაც ECMT ნებართვების მისაღებად ჩატარებულ კონკურსებში ნებართვები მიიღეს კომპანიებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ წარმოდგენილი ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, როგორებიცაა: სატვირთო ავტომობილის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობისა და გზისთვის ვარგისიანობის ECMT სერტიფიკატები, მენეჯერისა და მძღოლების კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობები და მათი არსებობა დასტურდებოდა სააგენტოს სამსახურების მიერ წინა პერიოდის კონკურსების დანართებსა და ელექტრონულ ბაზებში მოძიების შედეგად. აღნიშნული დოკუმენტები ნებართვის მაძიებლებს ეთვლებოდათ წარმოდგენილად, რაც არ არის დოკუმენტირების საუკეთესო პრაქტიკა“ – აღნიშნულია დასკვნაში. 

აუდიტი ხაზგასმით წერს, რომ  მრავალჯერადი ნებართვების გასაცემად გამართულ კონკურსებში ნებართვების მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი განაცხადები სააგენტოში სრულყოფილად არ არის დოკუმენტირებული და შენახული.

სააგენტომ აუდიტს ვერ წარუდგინა  ამ განცხადებების მნიშვნელოვანი ნაწილი.

კერძოდ, 776 განაცხადიდან 136 განაცხადი აუდიტის ჯგუფისთვის არ იყო წარდგენილი, ხოლო შესწავლილი 410 განაცხადიდან 119 შემთხვევაში გაიმარჯვეს ისეთმა კომპანიებმა, რომლებსაც სააგენტოში სრულყოფილად არ ჰქონდათ წარდგენილი კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კომისია დასაშვებად ცნობდა კონკურსანტების მიერ წარმოდგენილ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერებს, რომლებიც საბუთების ჩაბარების თარიღისთვის არ იყო განახლებული. შესაბამისად, სააგენტო არ ფლობდა უახლეს ინფორმაციას ნებართვის მაძიებლის უფლებამოსილი პირების შესახებ.

გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ნებართვების მაძიებლებმა სააგენტოში წარადგინეს არავალიდური სანოტარო აქტები. აუდიტი ასევე წერს, რომ სააგენტოში არ არის დანერგილი სრულყოფილი პრევენციული კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს წარდგენილი სანოტარო აქტების ნამდვილობის გადამოწმებას და  სააგენტოს მიერ გასაცემი ნებართვების შესახებ ინფორმაცია ქვეყნების და სახეობების მიხედვით არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი.

„აღნიშნულის გამო, შესაძლოა ნებართვის მაძიებლები აღმოჩნდნენ არათანაბარ პირობებში და დროულად ვერ მიიღონ სასურველი რაოდენობის ნებართვები. ამასთანავე, ხელმისაწვდომი ნებართვების შესახებ დეტალური ინფორმაციის არქონა შეიძლება ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდეს გადამზიდი კომპანიებისთვის, დაგეგმონ საკუთარი ეკონომიკური აქტივობა“. 

აუდიტის ინფორმაციით, მესამე ქვეყნების ნებართვების გაცემის პროცესთან დაკავშირებით, სააგენტომ დაინტერესებულ პირებს დაუწესა ბარიერები, რითაც კომპანიებისთვის შეიზღუდა ნებართვების ხელმისაწვდომობა. სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, ნებართვის მაძიებლები ვალდებულნი არიან გაწევრიანდნენ ასოციაციებში, რათა შეძლონ სასურველი ნებართვის მისაღებად სააგენტოსთვის განაცხადის წარდგენა. გარდა ასოციაციის წევრობასთან დაკავშირებული რიგი შეზღუდვებისა, კომპანიებს დამატებით წარმოეშვათ ფინანსური ვალდებულებები ასოციაციის საწევრო გადასახადის სახით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვერ მიიღო რწმუნება სააგენტოს მიერ კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ბარიერების დაწესების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

CMT ნებართვების გაცემის პროცესში, ინფორმაციის სრულყოფილად ასახვის მიზნით, კომისიის სხდომის ოქმებში დადოკუმენტირდეს თითოეული ისეთი შემთხვევა, როდესაც ნებართვის მაძიებლების მიერ წარმოუდგენელი დოკუმენტაციის მოძიება და არსებობის დადასტურება განხორციელდა სააგენტოს სამსახურების მიერ წინა პერიოდის კონკურსის დანართებსა და ელექტრონულ ბაზებში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: