მთავარი,სიახლეები

ლიცენზიის გარეშე 2020 წელს 6 ბავშვთა პანსიონი მუშაობდა – სამინისტრო

02.07.2021 • 1278
ლიცენზიის გარეშე 2020 წელს 6 ბავშვთა პანსიონი მუშაობდა – სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენციის გარეშე 6 დაწესებულება მუშაობდა, „ორს დროებით ჰქონდა საქმიანობის ლიცენზია შეწყვეტილი, ხოლო ოთხ დაწესებულებაში  არ დადასტურდა 24 საათზე მეტი ხნით ბენეფიციართა დაყოვნება“, – გვწერს სამინისტრო. „ბათუმელებმა“ ჯანდაცვის სამინისტროს მოსთხოვა დაზუსტება, თუ რამდენი ბავშვთა პანსიონი არსებობს ქვეყანაში, თუმცა სამინისტრო კონკრეტულ ციფრს არ გვაწვდის. რაც შეეხება ნინოწმინდის პანსიონს, სამინისტრო ამბობს, რომ მან ლიცენზია 2015 წელს განუსაზღვრელი ვადით მიიღო.

პანსიონები ლიცენზიის გარეშე

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წლის შემდეგ საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ სკოლა-პანსიონებზე ლიცენზია არ გაცემულა. „სააღმზრდელო საქმიანობის“ ლიცენზიის გაცემაზე უარი ეთქვა:

  • 2017 წლის 18 აგვისტოს – „წმინდა ნინოს სახელობის საირხის სასულიერო სკოლა-პანსიონს“, რომელიც საჩხერეში, სოფელ საირხეში მდებარეობს
  • 2018 წლის 14 აგვისტოს – „საქართველოს საპატრიარქოს წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას“, რომელიც მარტვილში, სოფელ სალხინოშია.

სამინისტრო გვწერს, რომ 2018 წელს ლიცენზიის გარეშე სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე შედგა ერთი ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმი, ხოლო 2020 წელს, 12 სააღმზრდელო დაწესებულებაში განხორციელებული შემოწმებით, ლიცენზიის გარეშე საქმიანობის ფაქტზე 6 დაწესებულების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმი. 2 დაწესებულებას დროებით შეწყვეტილი ჰქონდა საქმიანობა, ხოლო 4 დაწესებულებაში არ დადასტურდა 24 საათზე მეტი ხნით ბენეფიციართა დაყოვნება.

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს მოვთხოვეთ დაესახელებინა აღნიშნული პანსიონები, რომლებიც დარღვევით მუშაობდნენ, ან შემდეგ გამოვლინდა დარღვევები, მათ სახელწოდებას არ ამხელენ. „აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია“, – გვითხრეს უწყებაში. შესაბამისად, უცნობია, ვის ექვემდებარებოდა პანსიონები, სადაც დარღვევები გამოვლინდა.

ნინოწმინდის პანსიონი

სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქალაქ ნინოწმინდის „წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატზე“ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია გაიცა 2015 წლის 28 აპრილის ბრძანებით, „განუსაზღვრელი ვადით“.

„პანსიონატის ლიცენზირების შემდგომ სოციალური მუშაკის მიერ მოხდა იქ მცხოვრები აღსაზრდელების შეფასება, რის შემდგომაც პანსიონატში 2016 წელს ჩაირიცხა 127 აღსაზრდელი, მას შემდეგ პანსიონატში ჩარიცხვა არ განხორციელებულა“, – გვწერს სამინისტრო.

თუმცა ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დროს პანსიონის ყოფილი ხელმძღვანელი ეპისკოპოსი სპირიდონი ვიდეოჩართვებში ამბობდა, რომ პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. ეს იმას ნიშნავს, რომ პანსიონში ბავშვებს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს გვერდის ავლით იღებდნენ, ან თავად ეპისკოპოს სპირიდონს არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია.

„2016 წლიდან მიმდინარე წლის ივნისის თვემდე პანსიონატიდან ამოირიცხა 71 აღსაზრდელი: 36 ბავშვი დაბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახში, 24 – სრულწლოვნების გამო ამოირიცხა. 1 ბავშვს დაენიშნა მზრუნველი. 4 აღსაზრდელი კი განთავსდა მინდობით ოჯახში, ხოლო 6 აღსაზრდელი გადავიდა მცირე საოჯახო ტიპის სახლში“, – მოგვწერეს ბოლო მონაცემები სამინისტროდან.

მოგვიანებით დაგვიზუსტეს, რომ სამი ბავშვი მაისის ბოლოს სრულწლოვანი გახდა, ამის გამო ისინი ზემოთ მოყვანილ მონაცემებში არ შეუყვანიათ.

„დღეის მდგომარეობით, ნინოწმინდის პანსიონატში რჩება 15 არასრულწლოვანი, მათ შორის ერთი შშმ ბავშვია, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ უზრუნველყო პანსიონატიდან 38 ბავშვის გამოყვანა, მათ შორის 7 შშმ ბავშვის, რომლებიც ბიოლოგიურ ოჯახში თუ სახელმწიფო ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში განთავსდნენ: 13 აღსაზრდელი (მათ შორის 5 შშმ სტატუსის მქონე ბავშვი) განთავსდა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, 3 აღსაზრდელი განთავსდა მინდობით აღზრდაში (მათ შორის 2 შშმ ბავშვი), 1 გახდა სრულწლოვანი, დანარჩენი გაყვანილნი იქნენ ბიოლოგიურ ოჯახებში“, – მოგვწერეს სამინისტროდან და ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს გაწერილი აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ლიცენზირებული დაწესებულებების – თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლისა და კოჯრის შშმ ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და იქ განთავსებულ ბავშვებზე შესაბამისად იზრუნებენ.

სამინისტროს განცხადებით, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერით თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისათვის 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი შენდება.

 ამავე დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვებისათვის კი დაგეგმილია ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო სოციალური ცენტრის გახსნაც.

„2021 წლის ბოლომდე დაგეგმილია კოჯრის შშმ ბავშვთა სახლებიდან ბავშვების გაყვანა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში“, – გვწერს სამინისტრო.

მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელების მხრიდან საუბარი დაიწყო ბავშვებზე ძალადობის ფაქტებზე,  ხოლო სახალხო დამცველს პანსიონის ხელმძღვანელობა წლების განმავლობაში არ უშვებდა ბავშვთა სახლში, სასამართლომ 5 ივნისს პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

„გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, სტრატეგიული გეგმის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ცენტრს მიეცა მითითება ბენეფიციართა მდგომარეობის ხელახლა დეტალურად შეფასებისა და თითოეულ მათგანთან ინდივიდუალური გასაუბრების თაობაზე, რათა შეფასების შედეგად დადგინდეს მათი საჭიროებები და მათთან დაკავშირებით არსებული სარისკო გარემოებები“, – გვწერს სამინისტრო.

სამინისტრო გვწერს, რომ ბავშვების შეფასების დროს ყურადღება გამახვილდება აღსაზრდელთა ინტერესების, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის საკითხებზე. „თითოეულ ბენეფიციართან მიმართებაში მოხდეს მათი ჯანმრთელობისა და ფსიქოემოციური მდგომარეობის, განათლების მიღების, განვითარებისა და სოციალიზაციის ხელშეწყობის, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ამსახველი აქტივობების დაგეგმვა“.

ამავე წყაროს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დროებითი განჩინების საფუძველზე ნინოწმინდის პანსიონატიდან მიმდინარეობს შშმ ბავშვების ალტერნატიულ ზრუნვაში გაყვანის და განთავსების პროცესი.

აქვე ამბობს, რომ შექმნილია „ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშეწყობისთვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭო“ ეროვნულ დონეზე, რომლის წევრები არიან  როგორც საპატრიაქროს, ასევე მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები. „საბჭოს მიზანია დარგის ექსპერტებთან ერთად შეიმუშაოს დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“-ამბობს სამინისტრო.

ოფიციალური მონაცემებით, 2015-2021 წლებში 11 მცირე საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა და მათგან ორმა საქმიანობა შეწყვიტა. მიზეზს სამინისტრო არ ასახელებს.

ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2020 წელს:

  • მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსდა  – 97 ბავშვი
  • ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა – 147 ბავშვი
  • გაშვილდა – 11 ბავშვი

2021 წლის პირველ მაისამდე:

  • მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსდა – 25 ბავშვი
  • ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა – 38 ბავშვი
  • გაშვილდა – 6 ბავშვი

სამინისტროს ინფორმაციით, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას“ 2021 წლიდან დაემატა სახელმწიფო ზრუნვიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდებისთვის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამები, „რომელთა მიზანია ამ ახალგაზრდების მხარდაჭერა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა,“ – წერს სამინისტრო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: