მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა არის ცისტიტი – მითები და რეალობა

20.04.2021 • 4078
რა არის ცისტიტი – მითები და რეალობა

ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებაა, რომელიც შემთხვევათა უმეტესობაში გამოწვეულია საშარდე გზების ბაქტერიული ინფექციით. დაავადების ძირითადი გამომწვევია ნაწლავური ჩხირი (Escherichia coli).

ხშირად ცისტიტი მხოლოდ ქალების დაავადება ჰგონიათ, თუმცა იგი ორივე სქესის ადამიანებთან გვხვდება.

ცისტიტის მიმდინარეობა შესაძლოა იყოს მტკივნეული და საკმაოდ შემაწუხებელიც, მიუხედავად ამისა, იგი ხშირად მნიშვნელოვან  პრობლემად არ მიიჩნევა, თუმცა ექიმი უროლოგი როსტომ ხალვაში ამბობს, რომ უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა დაავადება გართულდეს და სერიოზული საფრთხე შეუქმნას პაციენტის ჯანმრთელობას.

  • ხშირად ქალებს/გოგოებს აფრთხილებენ, რომ ცივ ქვაზე დაჯდომას მოერიდონ, რამდენად რეალურია ეს, ასე შეიძლება განვითარდეს ცისტიტი?

ზოგად იმუნიტეტზე კი არის დამოკიდებული ცისტიტის განვითარება, მაგრამ გაციების ფაქტორი ცალკეულად ცისტიტთან არ ასოცირდება.

შეცივების ფაქტორით ყურის ანთებაც შეიძლება დაემართოს ადამიანს, ამიტომ ასე ვერ იტყვით. ანუ მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება იყოს სიცივე, თუმცა მისი ძირითადი გამომწვევი არის ნაწლავური ჩხირი (Escherichia coli).

ზოგადად, ცისტიტი უფრო გავრცელებულია ქალებთან, რისი მიზეზი ქალების შარდსასქესო ორგანოების ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებია, კერძოდ კი ის, რომ ქალებთან საშარდე მილი არის მოკლე და ნაწლავის ჩხირი უფრო ადვილად ხდება საშარდე გზებში. შესაბამისად პირადი ჰიგიენის სწორი დაცვა მნიშვნელოვანი პრევენციაა.

მაიო კლინიკა, აშშ: მცირეწლოვან ბავშვებში დღისით მიმდინარე უნებლიე შარდვის ეპიზოდები შეიძლება იყოს საშარდე გზების ინფექციის ნიშანი.

  • რა სიმპტომები ახასიათებს ცისტიტს?

როგორც წესი, ცისტიტის ამოცნობა რთული არ არის, ძირითადად ეს არის გახშირებული, მცირე პორციობით შარდვა, წვა შარდვის დროს და ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში.

მაიო კლინიკა, აშშ:: ცისტიტის სხვა ნიშნები და სიმპტომები

  • შარდვის ძლიერი, ხშირი სურვილი
  • შარდის დროს წვის შეგრძნება
  • ხშირი,  მცირე დოზით შარდვა
  • სისხლი შარდში
  • მღვრიე ან მკვეთრი სუნის მქონე შარდი
  • დისკომფორტი მენჯის არეში
  • ზეწოლის გრძნობა მუცლის ქვედა ნაწილში
  • დაბალი ცხელება

 

  • რამდენად საშიშია ცისტიტის თვითმკურნალობა?

თვითმკურნალობა, რა თქმა უნდა, არასწორი მიდგომაა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მედიკამენტების თვითნებურად მიღება.

ცისტიტის მკურნალობის პრინციპები შეიცვალა, აღარ ხდება მასიურად ანტიბიოტიკური თერაპია. ხშირ შემთხვევაში პაციენტები თვითნებურად იღებენ ანტიბიოტიკებს, რაც საბოლოოდ სავალალო მდგომარეობამდე მიდის და ყველა ვარიანტში საჭირო ხდება კონსულტაცია სპეციალისტთან.

ამ დროს რაც შეიძლება სახლის პირობებში გაკეთდეს, არის სითბოში ყოფნა და არაგაზირებული სითხის ჭარბი რაოდენობით მიღება.

  • რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ცისტიტს?

დაავადება შესაძლოა გართულდეს, ინფექცია შეიძლება აღმავალი გზით წავიდეს თირკმლებში და განვითარდეს თირკმლების ანთება, რომელიც უკვე სტაციონარულ მკურნალობას მოითხოვს.

  • როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

როგორც კი პირველი სიმპტომები გამოჩნდება, როგორც კი აღენიშნებათ მცირე პორციობით გახშირებული შარდვა, წვა შარდვის დროს, აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტს. ასეთ დროს კეთდება შარდის ანალიზი და ტარდება ექოსკოპიური კვლევა, რადგან ამ სიმპტომებით შესაძლოა იყოს სხვა დაავადებები, რომლებიც უნდა გამოირიცხოს.

ცისტიტის დროს დისკომფორტის შესამცირებლად სპეციალისტები გირჩევთ:
  • გამოიყენეთ სათბურა (ე.წ. გრელკა). მუცლის ქვედა ნაწილზე სათბურა (ე.წ. გრელკის) მოთავსებას შეუძლია შეამციროს შარდის ბუშტზე ზეწოლის ან ტკივილის შეგრძნებები
  • მიიღეთ ბევრი სითხე, მაგრამ მანამ, სანამ ინფექცია არ გაქრება, მოერიდეთ ყავას, ალკოჰოლს, კოფეინის შემცველ გამაგრილებელ სასმელებს და ციტრუსის წვენებს, ასევე ცხარე საკვებს. ამ პროდუქტებს შეუძლიათ შარდის ბუშტის გაღიზიანება და შარდვის ხშირი ან გადაუდებელი სურვილის გამოწვევა
  • ტკივილისა და დისკომფორტის შესამსუბუქებლად 15-20 წუთის განმავლობაში მიიღეთ (დამჯდარი) აბაზანა თბილი წყლით

მაიო კლინიკის რამდენიმე რჩევა ჰიგიენის დასაცავად:

  • დეფეკაციის შემდეგ გაიწმინდეთ წინიდან უკანა მხარეს. ეს ხელს უშლის ბაქტერიების მოხვედრას საშოსა და შარდსადენში.
  • მიიღეთ უმეტესად შხაპი და არა აბაზანა.
  • სქესობრივი აქტის შემდეგ რაც შეიძლება მალე დაცალეთ საშარდე ბუშტი. დალიეთ ერთი ჭიქა წყალი, რათა დაეხმაროთ ბაქტერიას გამოდევნაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: