მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ ამოვიცნოთ კატარაქტა – ექიმის რჩევები

23.06.2021
როგორ ამოვიცნოთ კატარაქტა – ექიმის რჩევები

მსოფლიოში სიბრმავის შემთხვევათა 51% სწორედ კატარაქტაზე მოდის, შესაბამისად ხშირად მიმართავენ  კატარაქტას ქირურგიულ მკურნალობას. როგორც წესი, კატარაქტა მოხუცებულობისას ვლინდება, თუმცა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ასისტენტ პროფესორი ანა დვალიშვილი ამბობს, რომ ასაკით გამოწვეული კატარაქტა საკმაოდ გაახალგაზრდავდა და უკვე 35-40 წლის ადამიანებშიც გვხვდება ხშირად

კატარაქტა უმეტესად ნელა ვითარდება. თავდაპირველად, უფრო ძლიერი განათება და სათვალე დაგეხმარებათ კატარაქტასთან გამკლავებაში. მაგრამ როცა კატარაქტით გამოწვეული მხედველობის დაქვეითება ხელს უშლის თქვენს ჩვეულ საქმიანობას, საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა, რომელიც საკმაოდ უსაფრთხო და ეფექტურ პროცედურად მიიჩნევა.

Mayoclinic

  • ქალბატონო ანა, რა არის  კატარაქტა?

 კატარაქტა ანუ იგივე ბროლის შემღვრევა სიბრმავის ძირითადი მიზეზია. ამ დროს პაციენტის მხედველობა თანდათანობით, უმტკივნეულოდ უარესდება და საბოლოოდ სრულ სიბრმავემდე მიდის

კატარაქტას დროს ბროლი, რომელიც ჯანმრთელ თვალში გამჭვირვალეა, იძენს  მონაცრისფრო, მონაცრისფროთეთრ ან რძისფერ შეფერილობასიმღვრევა და, შესაბამისად, ვეღარ ხდება გამოსახულების ბადურაზე ფოკუსირება, რაც მხედველობის მნიშვნელოვან (საბოლოოდ კი სრულ) დაქვეითებას იწვევს.

  • რა იწვევს კატარაქტას?

კატარაქტა არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილი, როგორც წესი, განპირობებულია დედის ორსულობისას გადატანილი ინფექციური დაავადებებითა ან/და სამშობიარო ტრავმით. ამ დროს ორივე თვალია დაზიანებული.

რაც შეეხება შეძენილ კატარაქტას, იგი შეიძლება გამოიწვიოს თვალის ტრავმამ, ზოგიერთმა დაავადებამ და მედიკამენტმა, თუმცა კატარაქტა ძირითადად ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ხელს უწყობს კატარაქტას განვითარებას:

  1.  55 წლის ასაკიდან
  2. დიაბეტი
  3. ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
  4. ულტრაიისფერი დასხივება (დიდი დოზით მზის ქვეშ ყოფნა)
  5. თვალის დაზიანება ან თვალის დაავადებები
  6. ჭარბი წონა
  7. თამბაქოს მოხმარება
  8. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
  9. კორტიკოსტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება
  • როგორ ამოვიცნოთ კატარაქტა ადრეულ ეტაპზე?

ამ დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა შესაძლებელია, თუ პაციენტი ყურადღებით იქნება. კერძოდ, შენიშნავთ დღის სინათლეზე მხედველობის გაუარესებას, საღამოს კი თითქოს უფრო უკეთ ხედავთ. ხშირად პაციენტები უჩივიან მხედველობის გაუარესებას როგორც ახლო, ასევე შორ მანძილზე. ასე, მაგალითად, ადამიანი ამბობს, რომ ხედავს საგნებს გაორებულად ან ბუნდოვნად, უჭირს კონტურების გამოკვეთა, გაუარესებულია ფერების აღქმა. ამიტომ თუკი შეამჩნევთ მხედველობის თუნდაც უმნიშვნელო ცვლილებას, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

  • ბუნდოვანი ან დაბინდული მხედველობა
  • ღამით მხედველობის გართულება
  • მგრძნობელობა სინათლისა და მბზინვარების მიმართ
  • გჭირდებათ უფრო ნათელი შუქი კითხვის და სხვა აქტივობებისას
  • შუქის გარშემო „ნათებების“ დანახვა
  • ფერების გახუნება ან გაყვითლება
  • გაორებული ხედვა ერთ თვალში
  • როგორ მკურნალობენ კატარაქტას?

კატარაქტას მკურნალობის ერთადერთი გზა ოპერაციაა, რომელიც გულისხმობს მხედველობის სიმახვილის დაბრუნებას რამდენიმე წუთში. ოპერაციისას ძველი, შემღვრეული ბროლი იცვლება ახალი, ხელოვნური ბროლით. პროცესი უმტკივნეულოა, ოპერაციისას გამოიყენება ადგილობრივი  ანესთეზია – ანუ ტკივილგამაყუჩებელი წვეთები. კეთდება მცირე ზომის განაკვეთი, საიდანაც გამოგვაქვს შემღვრეული ბროლი და მის ადგილას ვსვამთ ახალ – ხელოვნურ ბროლს.

——————————————————————

MayoClinic წერს, რომ კატარაქტას პრევენცია ან მისი პროგრესირების შენელება კვლევებით დადასტურებული არ არის. თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი სტრატეგია შესაძლოა ეფექტური იყოს ამ მხრივ. კერძოდ, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა, კვების რაციონის გამდიდრება ფერადი ხილ-ბოსტნეულით, “რადგან ხილსა და ბოსტნეულს აქვს მრავალი ანტიოქსიდანტი, რაც ხელს უწყობს თქვენი თვალების ჯანმრთელობის შენარჩუნებას”.

გამოკვლევებმა არ დაადასტურა, რომ ანტიოქსიდანტებს აბის სახით შეუძლია კატარაქტას პრევენცია. მაგრამ, მოსახლეობის დიდმა კვლევამ ცოტა ხნის წინ აჩვენა, რომ ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი ჯანსაღი კვება ასოცირდება კატარაქტას განვითარების რისკის შემცირებასთან.

ასევე, გარეთ ყოფნის დროს ატარეთ მზის სათვალე, რომელიც დაბლოკავს ულტრაიისფერ B (UV-B) სხივებს.

NCDC: დადგენილია, რომ ულტრიისფერი სხივებით ექსპოზირებისა და თამბაქოს მოხმარების შემცირება ერთმნიშვნელოვნად ამცირებს კატარაქტით ავადობის რისკს. ცნობილია, რომ შაქრიანი დიაბეტი და ჭარბი წონა ხელს უწყობს კატარაქტას განვითარებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: