მთავარი,სიახლეები

რა გაირკვა ბულვარში მოკლული 19 წლის კაცის საქმეზე – „2 მლნ ევრო ვალი ჰქონდა“

21.10.2022 • 40884
რა გაირკვა ბულვარში მოკლული 19 წლის კაცის საქმეზე – „2 მლნ ევრო ვალი ჰქონდა“

„არ მოგაწოდეს საჭმელი წინასწარი დაკავების იზოლატორში?“- ჰკითხა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 22 წლის ჰაიდარ აქშაქანს, მას ბათუმის ბულვარში განზრახ მკვლელობის ჩადენას ედავება გამოძიება.

„მოგვაწოდეს, მაგრამ ვერ ვჭამეთ აქაური საჭმელი“, – უპასუხა მოსამართლეს მკვლელობაში ბრალდებულმა, დაჯდომა დააპირა, თუმცა გადაიფიქრა და ისევ მოსამართლეს მიმართა:

„ამ ბრალს არ ვაღიარებ, არ ვადასტურებ დანაშაულის ჩადენას“, – დასძინა ბრალდებულმა.

მოსამართლეს არ უთხრა, თუმცა მისი ადვოკატი, პაატა ბერიძე ამბობს, რომ ბრალდებულის ვერსიით, 19 წლის ედიქ იალჩინს მისი ვალი ჰქონდა 2 მილიონი ევრო.

„არ ვიცი, აქვთ თუ არა ბიზნესი მას ან მათი ოჯახის წევრებს. ეს ვერსია მითხრა შეხვედრის დროს… ჯერ არ გვაქვს მტკიცებულება, რაც ამ ფინანსურ დავას დაადასტურებს“, – გვითხრა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა პაატა ბერიძემ.

დანარჩენ ბრალდებულებს: ადემ ჰამქარანჯის, ილქერ საქოღლუს და ოზან მურათ ილმასს დღევანდელ პროცესზე მოსამართლისთვის არაფერი უთქვამთ. ოთხივე ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.

ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, რესტორან „გრილის“ წინ 18 ოქტომბერს, ღამის 11 საათზე, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 4 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი 19 წლის ბიჭი, თურქეთის მოქალაქე, თავისა და გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი, იგი კლინიკაში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა.

გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 19-109-ე [განზრახ მკვლელობის მცდელობა] და 236-ე [ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება] მუხლების მიხედვით დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობას მხოლოდ ჰაიდარ აქშაქანს ედავება, მას ბრალი აქვს წარდგენილი ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლით.

„ბრალის დადასტურების შემთხვევაში, გათვალისწინებულია 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა“, – მიმართა მკვლელობაში ბრალდებულს მოსამართლემ განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაწილში.

დანარჩენ სამ ბრალდებულს კი, გამოძიება ედავება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, ტარებას, ასევე – დანაშაულის შეუტყობინებლობას.

ოთხივე ბრალდებული თურქეთის მოქალაქეა – ისინი ერთად დააკავეს პოლიციელებმა მკვლელობის ღამეს ფოთი-სენაკის გზაზე ავტომანქანით გადაადგილების დროს.

„ერთმა ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და ის ამხელს ჰაიდარს“, – გისოსებიან ადგილზე გვერდიგვერდ მსხდომ ბრალდებულებს გახედა სტაჟიორ-პროკურორმა ლაშა ლოლუამ.

უხერხული პაუზის შემდეგ პროკურორმა არ თქვა, რომელი ბრალდებულია ეს, თუმცა დაამატა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, ვინც გამოძიებასთან თანამშრომლობა არჩია, მიიჩნევს, რომ მკვლელობაში ბრალდებული ჰაიდარი პატიმრობაში უნდა დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასაც საფრთხე ელის.

შემდეგ პროკურორი მოუყვა მოსამართლეს, რა მოხდა გამოძიების ვერსიით 18 ოქტომბრის ღამეს ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან ახლოს.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებული ჰაიდარ აქშაქანი დანარჩენ სამ ბრალდებულთან ერთად მივიდა რესტორანთან ავტომანქანით, ავტომანქანიდან ჩამოვიდა და ისე დაიწყო სროლა რესტორნისკენ, რომლის მინის ფასადთან მიდგმულ მაგიდასთან 6 პირი ისხდა, მათ შორის, ერთი საქართველოს მოქალაქე იყო. ისიც დაშავდა მინის ნამსხვრევებისგან.

„გამოძიება ელოდება ექსპერტიზის შედეგებს, შესაძლოა ერთზე მეტი პირის დაშავება გამოიკვეთოს გასროლის შედეგად“, – ეს ამბავიც ადვოკატმა პაატა ბერიძემ გვითხრა, ვიდრე მოსამართლე შემოვიდოდა სხდომათა დარბაზში.

„25 გასროლა იყო“, – ამას გაუსვა ხაზი პროკურორმა სხდომაზე და განმარტა, რომ გასროლის ეს რაოდენობაც აჩენს ეჭვს.

„ეს მიუთითებს, რომ მან დანაშაული სისრულეში ვერ მოიყვანა“, – თქვა პროკურორმა ლაშა ლოლუამ.

19 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები

რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება, რა განზრახვა ჰქონდათ ბრალდებულებს? – სხდომის შემდეგ პროკურორმა ლაშა ლოლუამ გვითხრა, რომ გამოძიება წინასასამართლო სხდომამდე რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს და ჯერ ვერ იტყვის, რაში გამოიხატება „შურისძიების“ მოტივი, რაც ასევე სასამართლო სხდომაზე გააჟღერა პროკურორმა.

„მას სავარაუდოდ სურდა სუფრასთან მსხდომი ექვსივე პირის განადგურება“, – მხოლოდ ეს გვითხრა პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ.

ირკვევა, რომ იმ საღამოს რესტორანში, მაგიდასთან, 6 მეგობარი ისხდა.

„ის უკრაინელი ქალი, რომელიც ასევე დაშავდა ნამსხვრევებისგან, არ იყო ამათთან, სხვა სუფრასთან იყო“, – გვითხრა ადვოკატმა ნუგზარ მიქელაძემ, რომელიც გარდაცვლილი 19 წლის ბიჭის მამას დაუქირავებია და დაზარალებულის ინტერესებს იცავს.

დღევანდელ პროცესს არ დასწრებიან არც დაზარალებულების და არც ბრალდებულების ახლობლები. ადვოკატი ნუგზარ მიქელაძე ამბობს, რომ გარდაცვლილი ბიჭის მამა ბრალდებულებიდან მხოლოდ ერთს იცნობს – ოზან მურატ ილმასს, როგორც შორეულ ნაცნობს და არ აქვს ვერსია, რის გამო შეიძლება მოეკლათ მისი შვილი.

„არ არის ბიზნესმენი… ისიც სტამბოლში ცხოვრობს, როგორც სხვა ბრალდებულები, ცხედარი გუშინ გადაასვენა და ბათუმიდან წავიდა… ამბობს, რომ მისი შვილი რამდენიმე დღით იყო ჩამოსული ბათუმში ქალაქის დასათვალიერებლად და მეგობრებთან ერთად საღამოს რესტორანში წავიდა“, – თქვა დაზარალებულის ინტერესების დამცველმა, ნუგზარ მიქელაძემ.

პროკურორმა ლაშა ლოლუამ კი, ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ საქართველოში თურქეთიდან შემოსვლის დროს ბრალდებულებს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდათ.

„გამოდის, აქ შეიძინეს მართლსაწინააღმდეგოდ, აქაც ჰყავთ სანაცნობო წრე და აღნიშნული კავშირები შეუძლიათ გამოიყენონ“, – ეს პროკურორმა აღნიშნა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს, როცა ადვოკატებმა ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლება ითხოვეს 30 ათასი ლარის სანაცვლოდ.

გამოძიების ვერსიით, გასროლა პისტოლეტიდან მოხდა. სამართალდამცველებმა იარაღი და ვაზნებიც ბრალდებულების ავტომანქანაში იპოვეს მკვლელობის ღამეს.

  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 18 ოქტომბერს, ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის რამდენიმე და საქართველოს ერთი მოქალაქის მიმართულებით, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიდან თურქეთის მოქალაქემ, შურისძიების მოტივით, წარსულში თურქეთში არსებული უთანხმოების გამო, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადად გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სროლის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო თურქეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

„თურქეთის რესპუბლიკის სამმა მოქალაქემ, რომლებმაც ნამდვილად იცოდნენ, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

გარდა ამისა, ხსენებულმა პირებმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს, შეინახეს და ატარებდნენ ცეცხლსასროლ იარაღებს და მათთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას. თურქეთის მოქალაქეები, თურქეთიდან საქართველოში ეტაპობრივად სექტემბრის თვიდან შემოვიდნენ“ – წერს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები სენაკის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

თურქეთის ერთ მოქალაქეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თურქეთის სამ მოქალაქეს ბრალდება 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: