დღეს, 4 მაისს რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები ბათუმში, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან შეიკრიბებიან. ერთ-ერთი ორგანიზატორის ინფორმაციით ისინი ამ ფორმით ეხმაურებიან თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას.
თბილისში ახალგაზრდები დღეს 19:00 საათიდან ქაშვეთის ეკლესიასთან გეგმავენ შეკრებას.
„ერთი რამ იცოდეს ხელისუფლებამ, რომ ყველა დიდი ხუთშაბათისა და პარასკევის შემდეგ მოდის აღდგომა. რეზინის ტყვიების შემდეგაც ქართველი ერი აღდგება და უფრო ძლიერი და ერთიანი იქნება“ – ამბობს ლუკა ნაცვლიშვილი მედიასთან.
გუშინ, 3 მაისის აქცია ანტირუსული პროტესტის მონაწილეებმა, ანთებული სანთლებით ხელში, ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულეს.

ორი კვირაა მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. მათი მოთხოვნაა „ოცნებამ“ უკან გაიწვიოს რუსული კანონი. გუშინ, 3 მაისს აქციის მონაწილეები სასტუმრო პარაგრაფთან და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც მივიდნენ.






