ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქედასა და შუახევში საკრებულოს წევრებზე 225 525 ლარი დაუსაბუთებლად გასცეს – აუდიტი

24.01.2021 • 1445
ქედასა და შუახევში საკრებულოს წევრებზე 225 525 ლარი დაუსაბუთებლად გასცეს – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებმა 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით, ჯამში 225 525 ლარი გასცეს.

აქედან 124 725 ლარი – შუახევის მუნიციპალიტეტმა, ხოლო 100 800 ლარი – ქედის მუნიციპალიტეტმა.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საკრებულოს წევრი, რომელიც არ წარმოადგენს საკრებულოს თანამდებობის პირს, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად კი, მას შეიძლება აუნაზღაურდეს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, როგორიცაა, საკრებულოსა და კომისიის სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩეველთან შეხვედრების, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული დავალების შესრულებისათვის საჭირო ხარჯები.

თუმცა გაწეული ხარჯის ანაზღაურება ხორციელდება შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის საფუძველზე.

აუდიტი აცხადებს, რომ აღნიშნულმა მუნიციპალიტეტებმა ვერ წარმოადგინეს დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად.

„თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებად უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს წევრებზე ანაზღაურებულია დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხები, რაც მიანიშნებს დაუსაბუთებლად თანხების გაცემაზე, რადგან შეუძლებელია საკრებულოს ყველა წევრს ჰქონდეს ერთი და იგივე შესასრულებელი დავალება და იდენტური ხარჯი,“ – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის დასკვნით, „მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. შესაბამისად, ხარჯების ანაზღაურება მუნიციპალიტეტების მიერ უნდა განხორციელდეს სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის პირობებში“.

ამავე თემაზე:

დუბლირებული ფუნქციების ა(ა)იპ-ები შუახევში ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვაზე მიუთითებს – აუდიტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: