მთავარი,სიახლეები

ცხმორისში დამწვარ მეჩეთს აღადგენენ

09.02.2026
ცხმორისში დამწვარ მეჩეთს აღადგენენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში დამწვარ მეჩეთს აღადგენენ. მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ „ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ ცხმორისში მდებარე დამწვარი ხის ჯამეს აღდგენითი სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე“ ტენდერი 40 ათასი ლარით გამოაცხადა.

პროექტს თან უნდა ახლდეს ხარჯთაღრიცხვა, თუ რა თანხა დასჭირდება ძეგლის აღდგენას.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 17 თებერვალს დაიწყება და ორ დღეში, 19 თებერვალს დასრულდება.

„პროექტი უნდა შემუშავდეს კვლევითი სამუშაოების შედეგების საფუძველზე. საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შედგეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და შეიცავდეს ყველა საჭირო დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო ნებართვის მისაღებად.

წარმოდგენილ საპროექტო დოკუმენტაციას თანდართული უნდა ჰქონდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაზე საექსპერტო დასკვნა, რომელიც დაადასტურებს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან.

ექსპერტიზის განმახორციელებელი ორგანო უნდა იყოს სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ან სხვა აკრედიტებული პირი“ – აღნიშნულია ტენდერში.

პროექტი 180 დღეში უნდა მომზადდეს.

ასე გამოიყურებოდა ცხმორისის მეჩეთი დაწვამდე ფოტო: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

ისტორიული წყაროების მიხედვით, ცხმორისის მეჩეთი 1892-1893 წლებში უნდა იყოს აშენებული. საბჭოთა პერიოდში სალოცავი დაკეტილი და საწყობად გამოიყენებოდა.

ცხმორისის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა.

ისტორიული მეჩეთი  2025 წლის 22 დეკემბერს, გვიან ღამით დაიწვა.

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ამავე თემაზე: 

ცხმორისში ისტორიული მეჩეთი დაიწვა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: