მთავარი,სიახლეები

ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელმაც დაფინანსება მოიპოვა უცხო ქვეყნის აგენტია? – ნათია სირაბიძე რუსულ კანონზე

14.04.2024 • 3321
ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელმაც დაფინანსება მოიპოვა უცხო ქვეყნის აგენტია? – ნათია სირაბიძე რუსულ კანონზე

რუსული კანონის მიღების საფრთხეებზე საუბრის დროს ნათია სირაბიძე, პირველ რიგში, ნიჭიერ სტუდენტებზე ამახვილებს ყურადღებას,რომლებმაც უცხოეტში სწავლისთვის დაფინანსება მოიპოვეს. იგი დარწმუნებულია, რომ ეს კანონი ყველას შეეხება.

ნათია სირაბიძე მეცნიერებათა დოქტორია, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი.

„სტუდენტებო, ემიგრანტებო და ხელოვანებო, მოემზადეთ!

ყოველდღიურად ათობით ადამიანი მომმართავს კონსულტაციისთვის, რომ საზღვარგარეთ თავიანთი შვილების სასწავლებლად გაუშვან. უცხოეთში სწავლა ძვირია, მაგრამ ჩვენი ნიჭიერი ბავშვები ახერხებენ სწავლის დაფინანსების მოპოვებას. ამის გარეშე მხოლოდ ერთეულები თუ გადაიხდიან 80 000 $ წელიწადში და მიიღებენ ხარისხიან განათლებას.

წარმოიდგინეთ, ახლა ყველა ის ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელმაც დაფინანსება მოიპოვა და მალე დასჭირდება ამის დეკლარირება და რეგისტრაცია. ისინი უცხო ქვეყნის ზეგავლენის აგენტებად ჩაითვლებიან, მხოლოდ იმის გამო, რომ ნიჭიერები არიან, მათ ოჯახებს შესაძლებლობა არ აქვთ და სწავლის დაფინანსება უცხოეთში მიიღეს.

ან წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი არსებობს, უცხოეთიდან გადმოგზავნილი ფულით რომ ცხოვრობს. მილიონობით ქართველი ტოვებს თავის სამშობლოს, შვილებს, ოჯახს, რომ წავიდეს და იმუშაოს საზღვარგარეთ. რას ფიქრობთ, ამ ფინანსების აღრიცხვას არ მოინდომებენ? ჯერ აიძულებენ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოეთის ფინანსური დოტაციის, იგივე ზეგავლენის მქონე პირები და შემდეგ უკვე აგენტები.

იგივე შეეხება მეზღვაურებსაც, რომელთა შემოსავალი საქართველოში არ ფიქსირდება და ჯერ არც გადასახადებს ექვემდებარება.

და მესამეც, ქართული ცეკვები ხომ ყველას მოგწონთ? ხომ ყველას გინდათ თქვენი შვილი ასევე ცეკვავდეს და სხავდასხვა ქვეყანაში გასტროლებზე იაროს? უცხოეთში ჩატარებული კონცერტებიდან შემოსული თანხები უკვე მოითხოვს „აგენტებად” დარეგისტრირებას. სახელმწიფო მოითხოვს ეს შემოსავლებიც დაიბეგროს და ყველა ოჯახის პირადი ინფორმაცია გაცხადდეს, როგორც „ხალხის მტრის”.

მეტყვით, ეს კანონი არ ეხება სტუდენტებსო, არც ხელოვანებს და არც ემიგრანტებსო. დღეს არ ეხება, მაგრამ ხვალ შეეხება. „რუსული კანონი” დაიწყება მედიის და არასამთავრობოების შეზღუდვით და გადმოვა ყველა ჩვენზე. ასე მოხდა კიდეც რუსეთში, ამიტომაც დაარქვეს რუსული კანონი. დღეს თითოეული თეთრი აღირიცხება სახელმწიფო შემოსავლების სამსახურით და „გამჭვირვალობას” თავს ვინც აარიდებს საგადასახადო სანქციები ეკისრება. მაშ, რაში სჭირდებათ ეს კანონი? რუსული კანონი ემსახურება მედიის და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას. თუ დამოუკიდებელი მედია შეიზღუდა და „ხალხის მტრად” გამოცხადდა, ვინღა ამოიღებს ხმას? ან თუ ამოიღებს, ვინ დაუჯერებს? დაიწყება მედიის დისკრედიტაციით და გადმოვა თითოეულ ჩვენგანზე.

ყველას, ჩვენ, ვინც ევროპისკენ მივილტვით და უკეთესი ცხოვრება გვსურს, დაგვარქმევენ „ხალხის მტერს”. ეს გამოცდილება საბჭოთა რეალობიდან გემახსოვრებათ.

და ბოლოს: გიფიქრიათ იმაზე, რომ წლების წინ რომ ეს კანონი მიეღოთ, ყველა ის ხელოვანი და სპორტსმენი, ვინც უცხოეთიდან მომავალი თანხით ფინანსდებოდა, შეირაცხებოდა „უცხოეთის ზეგავლენის აგენტად”, ვინ შეძლებდა მაშინ სისხლიანი ხელისუფლების გადაგდებას? როგორ მოვიდოდა ეს ხელისუფლება სათავეში? ყველა კანონს მოჰყვება კანონქვემდებარე აქტები და შესწორებები. ამ კანონში ერთი სიტყვის ჩამატებით – „ფიზიკური პირები” ეს კანონი პირდაპირ შეგვეხება თითოეულ ჩვენგანს. წარმოიდგინეთ, რა გველოდება და თუ ეს მომავალი არ მოგწონთ – არა რუსულ კანონს,“ – მიიჩნევს ნათია სირაბიძე, მეცნიერებათა დოქტორი, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი

—————–

  • რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

______

ნუ ენდობით მმართველ პარტიას, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვატყუა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: