მთავარი,სიახლეები

როცა სამსახური დაკარგე და სახელმწიფო ხელფასს გიხდის – საქართველო უმუშევრობის დაზღვევის გარეშე და იტალიის გამოცდილება

11.11.2024 •
როცა სამსახური დაკარგე და სახელმწიფო ხელფასს გიხდის – საქართველო უმუშევრობის დაზღვევის გარეშე და იტალიის გამოცდილება

საქართველოში უმუშევრობის დაზღვევა ამ დრომდე არ არსებობს. რამდენიმე წლის წინ დაანონსებულ „სოციალური კოდექსში“ ერთ-ერთი მიმართულება უმუშევრობის დაზღვევის დანერგვის შესაძლებლობას განიხილავდა, 2023 წელს კი, „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ“ მოამზადა დოკუმენტი, რომელშიც განხილულია რა სახით არის საქართველოში შესაძლებელი ამ სისტემის დანერგვა, თუმცა ჯერჯერობით ხელშესახები შედეგი არ ჩანს.

სტატიაში მიმოვიხილავთ, რა არის უმუშევრობის დაზღვევა, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მოქალაქისთვის და როგორ ფუნქციონირებს ევროკავშირის ქვეყნებში, კონკრეტულად კი, იტალიაში.

უმუშევრობის დაზღვევა

უმუშევრობის დაზღვევა ანაზღაურებაა, რომელსაც უმუშევრად დარჩენილი პირი გარკვეული დროის განმავლობაში იღებს. ის ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოქმედებს და ძირეული კრიტერიუმები საერთოა.

კრიტერიუმები

უმუშევრობის დაზღვევის მისაღებად ევროკავშირის ყველა ქვეყანაში რამდენიმე ძირეული კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო.

დაზღვევის მისაღებად საჭიროა:

  1. უმუშევრობის დახმარების განაცხადის შეტანამდე, სამუშაო პერიოდი უნდა აღემატებოდეს გარკვეულ პერიოდს – 13 კვირას იტალიის შემთხვევაში, 26 კვირას კვიპროსის, 360 დღეს უნგრეთის…
  2. სამსახურიდან დათხოვნა/კონტრაქტის გაწყვეტა მოხდეს დამსაქმებლის მხრიდან (ნებაყოფლობით სამსახურიდან წამოსვლის შემთხვევაში დახმარება არ მოქმედებს).
  3. ქვეყნის მოქალაქე ან ბინადრობის უფლების მქონე პირი იყოს შრომისუნარიანი და ეძებდეს სამსახურს.
  4. პირი იღებდეს მონაწილეობას უმუშევრობის სადაზღვევო სისტემაში (უკანასკნელი ფინეთის და დანიის გარდა, ყველა ევროკავშირის ქვეყანაში სავალდებულოა).

სამსახურის დაკარგვიდან უმუშევრობის დახმარებაზე განაცხადის შეტანის ვადა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში 6 თვიდან – 1 წლამდე მერყეობს.

ასევე განსხვავებულია დახმარების გაცემის პერიოდიც – ყველაზე მოკლევადიანი, 90-დღიანი, უნგრეთს აქვს. ძირითად შემთხვევებში კი, პერიოდი 6 თვიდან ორ წლამდე მერყეობს.

მიზანი

შრომითი დაზღვევის ანდა დახმარების მიზანია:

  1. უმუშევრად დარჩენილ პირს, რომელმაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დაკარგა სამსახური, ხელი შეუწყოს ხელახლა დასაქმებაში.
  2. უზრუნველყოს უმუშევრად დარჩენილი ადამიანის საარსებო მინიმუმის შენარჩუნება და დაიცვას სოციალური სიდუხჭირისგან (ყველა ქვეყანაში განსაზღვრულია საარსებო მინიმუმი, რომელსაც ესადაგება უმუშევრობის დახმარება).
  3. შეუნარჩუნოს დასაქმების მოტივაცია მინიმალური რესურსის მოძიებაზე ფიქრის გარეშე.

იტალია – ემიგრანტების გამოცდილება

„უმუშევრობის დახმარება და მინიმალური საარსებო წყარო რომ გაქვს, იმაზე საფიქრალი აღარ გაქვს – ხვალ პური რით ვიყიდო, ან ექიმთან როგორ წავიდე უმუშევარი დავრჩიო… ადამიანად გრძნობ თავს, ნერვების აშლა რომ გინდოდეს, ვერ აიშლი“, – გვეუბნება ლეილა ბახუტაშვილი.

იგი 6 წელია, რაც იტალიაში ცხოვრობს. ამ პერიოდში, ერთი წლით ისარგებლა უმუშევრობის დახმარებით და აღგვიწერს პროცესს, როგორ ხდება უკანასკნელის მიღება:

„იტალიაში, როცა კონტრაქტით ხარ დასაქმებული (ცხადია გააჩნია, როგორი კონტრაქტი და დატვირთვა გაქვს) როგორც დამსაქმებელი, ისე დასაქმებული ხელფასიდან გამომდინარე იხდით, ასე ვთქვათ, „საგადასახადოს“. მეტ წილს იხდის დამსაქმებელი და ნაკლებს დასაქმებული. ეს ნიშნავს, რომ 3 თვეში ერთხელ დამსაქმებელი იხდის გადასახდელი ხელფასის 75 პროცენტს, ხოლო დასაქმებული 25-ს.

ლეილა ბახუტაშვილი

უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში, თუ სრული განაკვეთით მუშაობდი (კვირაში 54 საათი), გენიშნება თვიური დახმარება. როდესაც პირველად სარგებლობ უმუშევრობის დახმარებით, ეს ვადა წელიწად-ნახევარია, მეორედ კი, 2 წელი. თუმცა,  წელიწად-ნახევარი რომ მიიღო დახმარება, 3 წელი მაინც უნდა გქონდეს ნამუშევარი. რამდენიც გაქვს ნამუშევარი, უმუშევრობის დახმარებით იმ დროის ნახევარი შეგიძლია ისარგებლო. უმუშევრობის დახმარებით სარგებლობის მაქსიმალური ვადა კი – 2 წელია.

13 კვირა მაინც უნდა იმუშაო, რათა შეძლო უმუშევრობის დახმარების მიღება. როგორც კი ახალ კონტრაქტზე აწერ ხელს, უმუშევრობის ხელშეკრულება ავტომატურად წყდება.“

ლეილას შემთხვევაში თანხა, რომელსაც დახმარების სახით იღებდა 950 ევრო იყო:

„წარმოიდგინეთ ადამიანისთვის რამხელა დახმარება და შეღავათია 950 ევრო, როცა არაფერს აკეთებ და სახელმწიფო გეხმარება… აბსოლუტურად დაცული ხარ.“

იგი აღგვიწერს ხარჯებს, რომლებიც თვის განმავლობაში შეიძლება გქონდეს და რამდენად შესაძლებელია დაფარო ამ თანხით:

„იმისათვის რომ მიიღო ყველანაირი ვიტამინი, იყიდო სასარგებლო საკვები და ჰიგიენური პროდუქტი, კვირაში 120 ევრო სრულიად საკმარისია, საკმარისზე მეტიცაა ერთი ადამიანისთვის.

ახლა გეკითხებით, 950 ევრო რომ გაქვს თვეში, 460 ევროს დახარჯავ საყიდლებში, დანარჩენით ხომ შეგიძლია გახვიდე კაფეში დაჯდე და ყავაც მიირთვა? ყავა და კრუასანი რომ იყიდო, გინდაც მილანში, დუომოს ძირში, დაახლოებით 3 ევრო დაგიჯდება. ახლა გეკითხებით რა ღირს ყავა და კრუასანით თბილისში?..“

ლეილა ეხმაურება მაღალჩინოსნის განცხადებას, სადაც მან ქართველები იაფ მუშახელად მოიხსენია:

„ძალიან მინდა ერთი რამე ვთქვა – ამას წინათ მოვუსმინე, არ ვიცი გვარი და სახელი, მთავრობის წარმომადგენელი იყო, ინტერვიუს იძლეოდა და ამბობდა – ქართველები იაფი მუშახელი ვართ და ევროპას ამიტომ ვუნდივართ, იცით?! იქ მომვლელის ხელფასი 3000 ევროა და ქართველებს 1000-ს უხდიანო.

ქართველებს, ვინც აქ ვცხოვრობთ და გვაქვს ოფიციალური დოკუმენტები, ხელფასს გვიხდიან პროფკავშირების მიერ შედგენილი დოკუმენტების მიხედვით, რაც ყველა ეროვნების ადამიანისთვის საერთოა, ვერც ვერავინ მოგვიმატებს და ვერც დაგვაკლებს.

ოჯახმა, რომელმაც თანხა დამაკლო და არ გადამიხადა, ახლა ავიღე ადვოკატისგან ის თანხა, რადგან არავის აქვს უფლება რამე დაგაკლოს იმის გამო, რომ უცხოელი ხარ. შენი უფლებები გაქვს, დაგერღვა უფლება? შეგიძლია მიმართო ცენტრებს, რომლებიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია, შეგიძლია უთხრა, სად დაირღვა შენი უფლება და აგინაზღაურებენ, როგორც მორალურ, ისე ფინანსურ ზარალს.“

  • „ძალიან დაცულები ვართ, მართლა დაცულები ვართ“

საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს ხათუნა კიკვაძეც, რომელიც 20 წელია, რაც იტალიაში ცხოვრობს. უმუშევრობის დახმარება მიუღია თავადაც და მეუღლესაც:

„ჩემი მეუღლე მუშაობდა კომპანიაში, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს გაკოტრდა. სახელმწიფო ეხმარებოდა და 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად უხდიდა დახმარებას. თავიდან დიდი თანხაა, შემდეგ ნელ-ნელა აკლდება. (პირველი გადახდა იყო 2000 ევრო, ბოლო კი 500 ევრომდე). დახმარება აუცილებლად უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე მეტი.“

ხათუნა აღნიშნავს, რომ დახმარების ასაღებად საჭიროა შენი ნებით არ იყო სამსახურიდან წამოსული. იგი მოგვითხრობს უმუშევრობის დახმარებაზე იმ სამუშაოზე, სადაც ქართველები არიან დასაქმებულები:

ხათუნა კიკვაძე

„აქ უმეტესობა მომვლელად მუშაობს, ასეთ სპეციფიკურ სამსახურებში, თუ მოხუცი გარდაიცვალა ან მოხუცებულთა თავშესაფარში წაიყვანეს, სახელმწიფო მინიმუმ წელიწად-ნახევარი ეხმარება მათ. იმის მიხედვით, რამდენი ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო გადასახადი, რომელსაც იხდის დამსაქმებელი.

ბევრი ქართველი, ვისაც ეღუპება მოხუცი, ალაგებს ჩანთას და მოდის საქართველოში, რადგან იციან, რომ მინიმუმ რამდენიმე თვე გარანტირებულად აიღებენ ხელფასს. არა აქვს მნიშვნელობა სად ხარ, ეს ფული ანგარიშზე გიჯდება.“

ხათუნა თავის გამოცდილებასაც გვიზიარებს:

„მქონდა ძალიან დაბალი ხელფასი, წელიწად-ნახევარი მეც მიხდიდნენ დახმარებას. ძალიან დიდი განსხვავებაა ჩვენსა და ევროპას შორის.

პირადად, ძალიან დამეხმარა იმიტომ, რომ საშუალება მომცა საქართველოში წამოვსულიყავი, 8 თვე ვიყავი საქართველოში. თუმცა ადგილზეც რომ ვყოფილიყავი, საჭმლის და გადაადგილების პრობლემა არანაირად არ მექნებოდა. ძალიან დაცულები ვართ, მართლა დაცულები ვართ.

20 წელია აქ ვარ და არავის არასოდეს დავუჩაგრივარ, არც ყურადღება გაუმახვილებია ჩემს ეროვნებაზე, ოფიციალურ დაწესებულებებს ვგულისხმობ. მიდიხარ ეუბნები, რომ დაკარგე სამსახური და არავინ არაფერს ზედმეტს არ გეუბნება.“

ხათუნა აღნიშნავს, რომ დახმარებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დაზღვევის ფაქტორიც და ამბობს, რომ ადამიანები ხშირად სწორედ ამის გამო რჩებიან იტალიაში:

„ვინც აქ ვართ და საბუთები წესრიგში გვაქვს, ჩვენი სამედიცინო დაზღვევა გვაქვს. თუ ქრონიკული დაავადება გაქვს 100 პროცენტით გიფარავს ხარჯებს, ჩემ შემთხვევაში, როცა ანალიზების ასაღებად მივდივარ საავადმყოფოში, მაქვს „ჯანდაცვის ბილეთი“ (Healthcare Ticket), რომელიც ფაქტობრივად მთლიან ხარჯს მიფარავს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ადამიანები ძალიან ხშირად სამედიცინო მომსახურების გამოც რჩებიან აქ.

ასევე ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც არ აქვს საბუთი და არაკანონიერადაა ამ ტერიტორიაზე, მაგრამ თუ დამტკიცდა, რომ აქვთ სიმსივნური დაავადება, უკეთებენ დოკუმენტებს და ყველაფერს უსასყიდლოდ უკეთებენ, საუბედუროდ ამის მომსწრე ვარ.“

დიალოგი საქართველოზე საუბრით სრულდება, ხათუნა მეუბნება, რომ ოცი წლის განმავლობაში არასოდეს უფიქრია იტალიის მოქალაქეობის მიღებაზე, მაგრამ არჩევნების შემდეგ პირველად დაფიქრდა და დოკუმენტები შეგროვება დაიწყო. მიხვდა, რომ საქართველო ვერ უზრუნველყოფს დაცული სიბერით, მიუხედავად ამისა, იგი იტალიაში ერთ-ერთია მოწინავეა ვინც იბრძვის, ატარებს აქციებს და ცვლილების იმედიც აქვს:

„20 წელია აქ ვარ, არასოდეს ჩემი თავისთვის და ქვეყნისთვის არ მიკადრებია იტალიის მოქალაქეობა მიმეღო. არჩევნების მერე, სერიოზულად გადავწყვიტე შევიტანო დოკუმენტები იტალიის მოქალაქეობის მისაღებად. 56 წლის ვარ და მივხვდი, ჩემი სიბერე საქართველოში არანაირად არ მექნება დაზღვეული. ძალიან ბევრია, ვინც ახლა გადაწყვიტა ამის გაკეთება.

ერთ-ერთი ვარ ამ ქვეყანაში, ვინც იბრძვის და აქციებს ატარებს, იმედი მაქვს, და ძალიან არ მომწონს, რომ ასეთი ნიჰილიზმია საქართველოში. მაინც მგონია, რომ ამ სიტუაციიდან გამოვალთ.“


ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID).

ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას.

ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: