მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ მივხვდეთ კორონავირუსი გვაქვს თუ სეზონური გრიპი?

06.11.2020 • 3840
როგორ მივხვდეთ კორონავირუსი გვაქვს თუ სეზონური გრიპი?

საქართველოში გრიპის ვირუსი ნოემბერ-დეკემბერში იწყებს ცირკულაციას, რაც ნიშნავს, რომ გრიპის სეზონი სულ მალე, კორონავირუსის პანდემიის პარალელურად დაიწყება.

რა განსხვავებაა სეზონურ გრიპსა და კორონავირუსს შორის და შეუძლია თუ არა მათი განსხვავება მოსახლეობას, მაშინ როცა ორივე მათგანი სიმპტომურად ძალიან ჰგავს ერთმანეთს?

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რამდენიმე განმასხვავებელ ნიშანზე საუბრობს, რაც ამ ორი დაავადების ერთმანეთისგან განსხვავებაში დაგეხმარებათ:

  • სიმპტომები – გრიპის ვირუსს შეიძლება ჰქონდეს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მიმდინარეობა, თუმცა COVID-19 გაცილებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

ამ ორ დაავადებას ძირითადად მსგავსი სიმპტომები ახასიათებთ, მაგალითად: მაღალი ტემპერატურა ან შემცივნება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ყელის ტკივილი, დაღლილობა, ცხვირის გაჭედვა ან პირიქით; სახსრებსა და კუნთებში ტკივილი, თავის ტკივილი, ზოგჯერ ღებინება და დიარეა, თუმცა არსებობს ზოგიერთი ნიშანი, რომელიც უფრო COVID19-სთვისაა სახასიათო, მაგალითად, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების გაქრობა.

  • სიმპტომების გამოვლენის დრო – თუ ადამიანს აქვს COVID19, სიმპტომების განვითარებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ეს გრიპის დროს მოხდებოდა.

გრიპის დროს ჩვეულებრივ ადამიანს სიმპტომები უჩნდება გრიპის ვირუსით ინფიცირებიდან 1-4 დღეში. კორონავირუსის დროს, ადამიანს სიმპტომები უვითარდება დაინფიცირებიდან 5 დღის შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში სიმპტომების გამოვლენის დროის დიაპაზონი შეიძლება იცვლებოდეს, მაგალითად, სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ნაადრევად – დაინფიცირებიდან 2 დღის შემდეგ ან დაგვიანებით – დაინფიცირებიდან 14 დღის შემდეგ.

  • რამდენ ხანს რჩება ადამიანი გადამდები – COVID19-ისა და გრიპის შემთხვევაში ვირუსის გავრცელება შესაძლებელია სიმპტომების გამოვლენიდან მინიმუმ 1 დღით ადრე, მაგრამ თუ ადამიანს აქვს COVID19, ის უფრო დიდ ხანს არის გადამდები, ვიდრე ეს გრიპის შემთხვევაში იქნებოდა.

მაგალითად, მოზრდილი ბავშვები და ზრდასრულები, რომელთაც აქვთ გრიპი, ყველაზე გადამდებები არიან  ავადმყოფობის დაწყებიდან 3-4 დღის განმავლობაში, ზოგი გადამდები რჩება 7 დღის განმავლობაშიც. ჩვილები და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები შეიძლება გადამდები იყვნენ უფრო მეტ ხანსაც.

რამდენი ხანი რჩება ადამიანი COVID19-ის გამავრცელებელი, ზუსტად შესწავლილი არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ პირი ვირუსის გამავრცელებელი ხდება სიმპტომების გამოვლენამდე დაახლოებით 2 დღით ადრე და პირველი სიმპტომების გამოვლენიდან სულ ცოტა 10 დღის განმავლობაში. ეს ეხება ასიმპტომურ პაციენტებსაც.

  • გართულებები – ორივე დაავადება იწვევს მსგავს გართულებებს, მაგრამ გრიპის დროს გამოჯანმრთელება ჩვეულებრივ უფრო სწრაფად ხდება.  

გრიპსაც და COVID19-საც შეუძლიათ გართულებების სახით გამოიწვიოს პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, სითხე ფილტვებში, სეფსისი, გულის შეტევა და ინსულტი, სხვადასხვა ორგანოს (მაგ. თირკმლების) უკმარისობა, ქრონიკული სამედიცინო მდგომარეობის გაუარესება, გულის, ტვინის ან კუნთების ქსოვილების ანთება, მეორადი ბაქტერიული ინფექციები, მაგრამ გრიპის დროს ადამიანების უმეტესობა გამოჯანმრთელდება მე-7-მე-10 დღიდან ან მაქსიმუმ ორ კვირაში.

COVID19-ის დროს დამატებითი გართულების სახით შესაძლოა ფილტვების, გულის, ფეხების ან ტვინის ვენებსა და არტერიებში მოხდეს სისხლის შედედება, ასევე გრიპისგან განმასხვავებელი გართულებაა მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ბავშვებში.

ჯანმოს გრიპისთვის მზადყოფნისა და რეაგირების განყოფილების ხელმძღვანელმა ენ მოენიმ, ჯანმოს ფეისბუქგვერდზე პირდაპირი ჩართვისას თქვა, რომ ერთადერთი ზუსტი მეთოდი, იმის დასადგენად გრიპი გაქვთ თუ კორონავირუსი, ლაბორატორიული ტესტია.

„სეზონური გრიპი და კოვიდი რესპირატორული სიმპტომებით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა კოვიდს აქვს რამდენიმე უნიკალური სიმპტომი, როგორიცაა ყნოსვისა და გემოს დაკარგვა და თუ რომელიმე მათგანი აღგენიშნებათ, დიდია ალბათობა, რომ უფრო კოვიდი გაქვთ, ვიდრე გრიპი.

თვალი ადევნეთ თქვენს სიმპტომებს, თუ ეს სუსტი სიმპტომებია  – ცემინება,  ტემპერატურის არქონა ან დაბალი ტემპერატურა, შეგიძლიათ დარჩეთ შინ და იმკურნალოთ სიმპტომატურად, მაგრამ თუ უფრო მძიმე სიმპტომები აღგენიშნებათ, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება და მაღალი სიცხე, უნდა მიმართოთ ექიმს. თუ მაღალი რისკის ჯგუფში ხართ, მაგალითად ხართ ორსული ან გაქვთ სხვა მიმდინარე დაავადებები და თავს არ გრძნობთ კარგად, ექიმს მაინც უნდა მიმართოთ” – განაცხადა მან.

ჯანმოს რეკომენდაციით, გრიპის სეზონისთვის უნდა აიცრას ხუთივე მაღალი რისკჯგუფი: ორსულები, ჯანდაცვის მუშაკები, ბავშვები, ხანდაზმულები და ადამიანები ქრონიკული დაავადებებით.

ამავე თემაზე: 

ვის შეუძლია სეზონურ გრიპზე უფასოდ აცრა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: