იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პედიატრის, პროფესორ ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში ამჟამად დომინანტურია H3N2 გრიპის, ე.წ. „ჰონგ კონგის“ ვირუსი.
ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ დღეს, 6 იანვარს განაცხადა თბილისში, „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დამუშავებული უახლესი სტატისტიკის თანახმად, რომელიც მოიცავს უკვე გასული წლის 52 კვირის მონაცემებს, ქვეყანაში ცირკულირებს სამი ტიპის: H3N2, H1N1 და B ტიპის ვირუსები.
„ქვეყანაში გრძელდება გრიპის ვირუსის დომინაცია და შემთხვევათა აბსოლუტური უმრავლესობა გრიპით გამოწვეული ინფიცირებაა. თუ კონკრეტულად ამ ვირუსის ტიპებს შევეხებით, აქაც გრძელდება გრიპის ვირუსის შედარებით ახალი ფორმის, H3N2 ტიპის ვირუსის უპირატესობა. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 70 პროცენტი არის გრიპის ვირუსი. აი, ამ 70 პროცენტში წამყვანი რჩება H3N2 ტიპის ვირუსი.
შედარებით ნაკლებია H1N1 ტიპის ვირუსის [ე.წ. „ღორის გრიპი“] რაოდენობა. ანუ ჰონგ კონგის ვირუსი რჩება წამყვანი, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ რომ სამივე ტიპის ვირუსი შედიოდა იმ ოთხკომპონენტიანი ვაქცინის შემადგენლობაში, რომელიც საქართველოში, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 200 000-მდე ადამიანმა გაიკეთა.
„ერთი განსხვავება არის ის, რომ H3N2 ვირუსი, რომელიც ახლა მსოფლიოში ცირკულირებს, ცოტათი განსხვავებულია მისი ორიგინალი ფორმისაგან, იმ მუტაციის გამო, რომელიც მან განიცადა ივლისში და ამიტომ გახდა უფრო გადამდები, თუმცა ვაქცინა მასზეც მოქმედებს“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
მან ისაუბრა „ჰონგ კონგის“ ვირუსის ნიშნებზეც:
„ესაა კლასიკური ნიშნები: მაღალი ტემპერატურა, რომელიც გრძელდება დაავადების დაწყებიდან პირველი ორი-სამი დღის განმავლობაში, ესაა ტემპერატურის მაქსიმალური პერიოდი; ტემპერატურა ძნელად ემორჩილება დამწევს და ხშირად საჭირო ხდება ყოველ 4-6 საათში დამატებით სიცხის დამწევის გამოყენება; ახლავს ძლიერი ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, ხველა, რომელიც გრიპისათვის დამახასიათებელია.
ამ ვირუსს არ ახასიათებს ცემინება და ცხვირიდან გამონადენი, ეს უფრო სხვა ტიპის ვირუსებისთვის არის დამახასიათებელი.
ასევე, ბავშვებში ახასიათებს ძილის დარღვევა, მადის მკვეთრი დაქვეითება, შესაძლოა ნაწლავთა მოქმედების გახშირებაც ახლდეს თან“.
მისივე თქმით, ვირუსი განსაკუთრებით საყურადღებოა რისკ-ჯგუფებისათვის: ესაა 5 წლამდე ბავშვები, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები, ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეები და ა.შ.
ივანე ჩხაიძის თქმით, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსის გავრცელების პიკი ჯერ წინ არის და ამ თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება იანვრის მეორე და მესამე კვირის მონაცემები.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარალელურად ქვეყანაში გრძელდება ვაქცინაციის პროცესი.






