მთავარი,სიახლეები

რატომ არ უხდიან ხელფასს უმაღლეს საბჭოში ოპოზიციას

08.02.2021
რატომ არ უხდიან ხელფასს უმაღლეს საბჭოში ოპოზიციას

იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციის წევრებისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილება არ შეუწყვეტია, ოპოზიცია ხელფასს ვერ იღებს. ოპოზიციამ უფლებამოსილების შეწყვეტა გასული წლის 21 დეკემბერს ითხოვა, თუმცა 6 დეპუტატის ეს მოთხოვნა ამ დრომდე უმაღლეს საბჭოს არ განუხილავს. გაერთიანებული ოპოზიციიდან დეპუტატის სავარძელი მხოლოდ ირაკლი ჩავლეიშვილმა დაიკავა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში განმარტავენ, რომ საგაზაფხულო სესიის დაწყებას ელოდებიან და სესიის პირველივე სხდომაზე განიხილავენ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. უმაღლესი საბჭო საგზაფხულო სესიას 2 მარტს იწყებს.

რაც შეეხება ხელფასებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელფასს არ უხდიან, რადგან ისინი რომელიმე კომიტეტის წევრები არ არიან.

უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 152-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით: „თუ უმაღლესი საბჭოს წევრი, გარდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა, არ არის არც ერთი კომიტეტის შემადგენლობაში, მიიჩნევა, რომ იგი არ ახორციელებს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებას და მას არ ეძლევა კანონით განსაზღვრული ხელფასი. აღნიშნული ინფორმაცია აღირიცხება საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ და ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად.“

პარლამენტის შემთხვევაში უკვე განიხილეს ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას მანდატების გაუქმებაზე უარი უთხრა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: