სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე [შშმ] პირების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის პერიოდი იყო 2017-2018 წლები და 2019 წლის პირველი ნახევარი, თუმცა, „ანგარიშის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფორმულირებისას გათვალისწინებულ იქნა 2019 წლის ბოლომდე პერიოდი“.
აუდიტის ობიექტები იყო – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და მის კონტროლს დაქვემდებარებული სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
„შშმ პირებისთვის განკუთვნილი სოციალური პროგრამები, რომელთა მიზანია შშმ პირთა სოციალური და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ვერ უზრუნველყოფს თანაბარ გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას და ყველა პოტენციური ბენეფიციარისთვის მომსახურების მიწოდებას. მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილში სახელმწიფო სერვისების მიწოდება არ ხორციელდება და შშმ პირების დახმარება მხოლოდ ფულადი სოციალური პაკეტით შემოიფარგლება,“ – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.
აუდიტის მიხედვით:
- შშმ პირთა სტატუსის განსაზღვრის სამედიცინო მოდელის ფარგლებში შეგროვებული სტატისტიკური მონაცემები ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა შესახებ სრულყოფილი და სათანადო ინფორმაციის წარმოებას, რაც შშმ პირებისათვის განკუთვნილი პოლიტიკისა და პროგრამების დაგეგმვის აუცილებელი წინაპირობაა. სოციალურ მოდელზე გადასასვლელად ახალი მოდელის პილოტირება და დანერგვა ჯერ კიდევ 2010 წლიდან იყო გათვალისწინებული სხვადასხვა სამთავრობო სამოქმედო გეგმით. მათი ამოქმედება გადავადდა და პილოტირება აჭარის რეგიონში მხოლოდ 2019 წელს დაიწყო. შესაბამისად, სოციალური მოდელი დანერგილი არ არის, რაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საშუალებას მისცემდა შშმ პირთა საჭიროებებზე ეწარმოებინა ინდივიდუალური სტატისტიკა, ქვეპროგრამების ოპტიმალურად დაგეგმვის მიზნით;
- შშმ პირთა რაოდენობის შესახებ არსებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. სამინისტროს მიერ წარმოებული ბაზები მხოლოდ სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შესახებ ინფორმაციას შეიცავს. შესაბამისად, ამ მონაცემებში ვერ ხვდებიან ის პირები, რომლებზეც არ გაიცემა სოციალური პაკეტი (მაგალითად, ზომიერი შეზღუდვის მქონე შშმ პირები).
- იმის გამო, რომ ექსპერტიზის ფორმები არ შეიცავს ველს ყველა ქმედობაუნარიანობის შესახებ ინფორმაციის შესატანად, მოქმედ სოციალურ-სამედიცინო ექსპერტიზის ფორმებში არ აისახება ყველა ქმედობაუნარიანობის კატეგორიის შეფასების შედეგები. რიგი ქმედობაუნარიანობის შესახებ ინფორმაცია შევსებულია, თუ აღნიშნული უკავშირდება რომელიმე დამხმარე საშუალების გაცემის საფუძველს, მაგალითად, გადაადგილებისა და სმენის შეზღუდვას. ასევე აღნიშნული გამომდინარეობს სამედიცინო პერსონალის მიერ საჭიროებების იდენტიფიცირების უნარების ნაკლებობიდანაც, რადგან მათ შეუძლიათ მხოლოდ სამედიცინო კუთხით ექსპერტიზის ჩატარება. შედეგად, შევსებული ფორმებიდან, კანონით გაწერილი შშმ პირთა ქმედობაუნარიანობის შეზღუდვების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება შეუძლებელია;
- სამინისტროს არ აქვს დანერგილი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებებიდან ინფორმაციის შეგროვების მექანიზმი. შედეგად, სამინისტროსთვის არ არის ხელმისაწვდომი პროგრამების უკეთ დაგეგმვისთვის საჭირო კონსოლიდირებული და განახლებული მონაცემები (ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა, დიაგნოზები და ა.შ.)
- რეაბილიტაციისა და ადრეული განვითარების ქვეპროგრამების სრული ტერიტორიული ხელმისაწვდომობა არ არის უზრუნველყოფილი. აღნიშნული, სხვა ობიექტურ ფაქტორებთან ერთად, ნაწილობრივ განპირობებულია სოციალური სერვისების განვითარების მიზნით, სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის სუსტი კოორდინაციით.
- დამხმარე საშუალებების ქვეპროგრამის დიზაინი არ ითვალისწინებს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სერვისის ადგილზე მიწოდებას, გარდა ელექტროსავარძელ-ეტლებისა. შესაბამისად, ქვეპროგრამის დაგეგმვის ეტაპზე ტერიტორიული ხელმისაწვდომობა არ არის გათვალისწინებული სხვა დამხმარე საშუალებისთვის და მათ მისაღებად საჭიროა მიმწოდებელთან, სულ მცირე, ორჯერ ვიზიტი;
- სამინისტროს შერჩეული ქვეპროგრამებიდან მომსახურების მინიმალური სტანდარტები გაწერილი აქვს მხოლოდ ადრეული განვითარების ქვეპროგრამისთვის. შესაბამისად, რეაბილიტაციისა და დამხმარე საშუალებების ქვეპროგრამების მომსახურების ხარისხზე (უსაფრთხოება, შედეგები და ა.შ.) მონიტორინგი არ ხორციელდება.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, „სოციალური სერვისების ხარისხის უზრუნველყოფის წინაპირობაა იმ მინიმალური სტანდარტების დაწესება, რასაც უნდა აკმაყოფილებდნენ მომსახურების მიმწოდებლები. შერჩეული ქვეპროგრამებიდან სამინისტროს სტანდარტები განსაზღვრული აქვს მხოლოდ ადრეული განვითარების ქვეპროგრამისთვის. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მინიმალური მოთხოვნების დაწესება კი რელევანტურია როგორც რეაბილიტაციის ქვეპროგრამის, ასევე დამხმარე საშუალებების მიმწოდებლებისთვისაც“.
აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „2014 წელს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 19%-ს [720 ათასამდე ადამიანს] აქვს თვითმომსახურების, კომუნიკაციის, კონცენტრირების, გადაადგილების, სმენის ან/ და მხედველობის სხვადასხვა ხარისხის დარღვევა [თუმცა, მონაცემები ეფუძნება სტატისტიკის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს, წარმოადგენს რესპონდენტების თვითშეფას და არ არის სამედიცინო კუთხით დადასტურებული].