მთავარი,სიახლეები

ორი მარიამი, ორი მივიწყებული ქართველი დედოფალი

19.06.2020 • 3668
ორი მარიამი, ორი მივიწყებული ქართველი დედოფალი

ქართველ დედოფალთა ცხოვრება საქართველოს ისტორიის მემატიანეებთან ხშირად მხოლოდ მეფეზე დაქორწინების, დაბადება-გარდაცვალების თარიღების ხსენებით, შვილების რაოდენობის აღნიშვნით შემოიფარგლება და მათი როლი მხოლოდ გაფანტულ ცნობებშია მოცემული არასრულყოფილად. დედოფალთა ცხოვრების სრული სურათის აღსადგენად კი ამ ცნობების ერთად შეკრება და აღდგენაა საჭირო.

ისტორიის მეცნიერებათა მაგისტრი, მაია მასურაშვილი მიიჩნევს, რომ დედოფლის ინსტიტუტი ისტორიკოსების მიერ თითქმის შეუსწავლელია, რადგან მემატიანებიის ყურადღების ცენტრში ძირითადად მეფეები იყვნენ, რომლებიც ომობდნენ, ლაშქრობდნენ და დედოფლები მათ ჩრდილქვეშ ექცეოდნენ, მათ შორის ისინიც, რომლებიც საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საქმიანობას ეწეოდნენ.

„მკვლევარები უფრო პოლიტიკურ ისტორიას სწავლობენ, დიპლომატიის ისტორიას, საბრძოლო სტრატეგიებს, ეკონომიკურ ასპექტებს. ბოლო პერიოდის ისტორიული კვლევების ტენდენციაა ეკონომიკის ისტორიის დამუშავება, მაგრამ დედოფლებთან დაკავშირებული საკითხები ბუნდოვანია“, – ამბობს მკვლევარი. მისი კვლევის მიზანი სწორედ ისტორიიდან გამქრალი დედოფლები და მათთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენებია. ერთ-ერთი ასეთი დედოფალი მართა-მარიამ ალანელია, რომლის შესახებაც ქართულ ისტორიოგრაფიაში ცნობები ძალიან მწირია. მაია მასურიშვილის კვლევა მარიამ ალანელს ეხება. ბაგრატიონთა შთამომავალს, რომელმაც სრულიად მარტო აღმოაჩინა უცხოეთში საკუთარი ძლევამოსილება, ორჯერ გახდა ბიზანტიის დედოფალი და იმპერატორების წინააღმდე შეთქმულებების მთავარი მონაწილეც იყო.

ბიზანტიის იმპერიის ორგზის დედოფალი – მარიამ ალანელი, ბაგრატიონი

იმპერატორი მიხეილ VII და დედოფალი მარიამ ალანელი ხახულის კარედზე

მართა – მარიამ ბაგრატიონის ქორწინებამდელი სახელია, ის ძალიან პატარა მოხვდა პირველად ბიზანტიაში 1056  წელს. იმპერიის დედოფალმა თეოდორამ გადაწყვიტა პატარა მარიამი ეშვილებინა და მამამისს, ბაგრატ IV-ს ბავშვის ბიზანტიაში დატოვება სთხოვა. სინამდვილეში მარიამი იმპერიის მძევალი იყო, თუმცა თეოდორამ ის საკუთარი შვილივით შეიყვარა.

პირველად იმპერატორ მიხეილ VII დუკაზე დაქორწინდა, გახდა თუ არა დედოფალი, აქტიურად ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში. აკონტროლებდა თითქმის მთელი იმპერიის ბიუჯეტს, რაც თითქმის ყველაფერის კონტროლს ნიშნავდა: მონეტების მოჭრას, ქსოვილების შემოტანას, ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარება მის ხელში იყო.

ბიზანტიის იმპერატორი თეოდორა

ქორწინებიდან მალევე გახდა ცხადი, რომ  მიხეილ VII დუკა ბიზანტიის იმპერიის საკმაოდ უუნარო მმართველი იყო, რომელმაც იმპერიისთვის ვერაფერი გააკეთა, არ ჰგავდა მამამისს, კონსტანტინე მეათე მონომახს, რომელმაც ბიზანტიის თითქმის დაცემული იმპერია აღამაღლა და განვითარების ახალი პერსპექტივებიც დაუსახა.

მარიამს მიაჩნდა, რომ მიხეილ VII დუკას არ შეეფერებოდა იმპერიის მმართველობა და თავად მიიღო მონაწილეობა იმპერატორის ტახტიდან ჩამოგდებაში 1078 წელს.

მარიამ ალანელის მამა, ბაგრატ IV

მიხეილ დუკა აიძულეს ბერად აღკვეცილიყო და იმპერატორად ნიკიფორე III ბოტანიატე გამოაცხადეს. ბიზანტიის ახალმა მმართველმა იცოდა, რომ დიდი ალბათობით გადატრიალებას ხალხის პროტესტი მოჰყვებოდა, მაგრამ თუ მარიამ ალანელს შეირთავდა ცოლად, ხალხი დამშვიდდებოდა – ბიზანტიაში მარიამს დიდი ნდობა ჰქონდა. დედოფალმა ნიკიფორეს მხოლოდ იმ შემთხვევაში აღუთქვა ცოლობა, თუ ის ტახტის მემკვიდრედ მის ვაჟს, კონსტანტინე პორფიროგენეტს გამოაცხადებდა, რომელიც კონსტანტინე  VII დუკასგან ჰყავდა, ნიკიფორემ პირობა დადო, მაგრამ აღარ შეასრულა.

მოტყუებული დედოფლის რისხვა

იმედგაცრუებულმა და განრისხებულმა დედოფალმა ზუსტად სამი წლის შემდეგ შური იძია ნიკიფორეზე, მიემხრო მის მოწინააღმდეგე ძმებ კომნენოსებს, რომლებიც შეთქმულებას ამზადებდნენ და 1081 წელს ნიკიფორე III ბოტანიატეც გადმოაგდეს იმპერატორის ტახტიდან. ბიზანტიის იმპერატორი ალექსი კომნენოსი ხდება. ამჯერად მას სთხოვს მარიამი, რომ მისი შვილი თანაიმპერატორად გამოაცხადონ. ალექსიმ მარიამის შვილი, კონსტანტინე პორფიროგენეტი საკუთარ ქალიშვილზე, ანაზე დააქორწინა და მართლაც მიიწვია თანამმართველად 1081-1092 წლებში. თუმცა მალევე გააშორეს ცოლს, ჩამოაშორეს ტახტს და სამეფოდანაც გააძევეს. მარიამ ალანელმა, რომელიც მთელი ცხოვრება შვილისთვის ტახტის შესანარჩუნებლად იბრძოდა, ალექსი კომნენოსის წინააღმდეგაც სცადა შეთქმულების მოწყობა 1094 წელს, მაგრამ ამჯერად დამარცხდა.

1096 წელს კი ალექსანდრე პორფიროგენეტი გარდაიცვალა – მარიამის ბრძოლებმა აზრი დაკარგა და ბოლოს მონაზვნად აღიკვეცა.

ყველა ბიზანტიური წყარო დედოფალს დადებითად ახასიათებს და ხაზს უსვამენ მის სიმამაცეს მთელი ცხოვრების განმავლობაში შვილისთვის ტახტის შესანარჩუნებლად.

შვილის გარდაცვალების შემდეგ მარიამ ალანელი დუკების გვარის ერთადერთი მემკვიდრე იყო. ჰქონდა უზარმაზარი მამულები, კავშირები და დარჩა დიდძალი სიმდიდრე.

მარიამი გავლენიან და პატივსაცემ ადამიანად რჩებოდა მას შემდეგაც, რაც დედოფალი აღარ იყო და ჩამოშორებული იყო პოლიტიკას. ბულგარელი ეპისკოპოსი მიმოწერისას მაგალითად უხდის ბოდიშს, რომ  ვერ ჩავიდა მასთან და ჰპირდება, რომ საქმე, რომელიც დაიწყეს, აუცილებლად გაგრძელდება. ეს ხდება პერიოდში, როცა ეპისკოპოსი იმპერატორის შემდეგ მეორე პირად ითვლებოდა. მის მობოდიშებას ვერავინ დაიმსახურებდა, რომ არა დედოფლის მიმართ უზომო პატივისცემა.

მარიამ ალანელი ეკლესია-მონასტრების დიდი მფარველი იყო. შეძლებისდაგვარად უუქმებდა ან უმცირებდა მათ გადასახადებს, ეხმარებოდა საგანმანათლებლო საქმიანობაში.

მარიამ ალანელი და საქართველო

არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ მარიამ ალანელმა შთააგონა ძმისშვილს, დავით IV აღმაშენებელს, რუის-ურბნისის კრების ჩატარება და სამღვდელოების ურჩობის ალაგმვა. ამ დროისთვის მარიამს უკვე ბიზანტიის ორი იმპერატორის ტახტიდან ჩამოგდების გამოცდილება ჰქონდა. ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელს ძალიან უყვარდა მამიდა და მისი გარდაცვალებაც უზომოდ განიცადა.

მარიამ ალანელი ესწრებოდა რუის-ურბნისის კრებას, კრების ჩანაწერში დამსწრეთა შორის მოხსენიებულია ავგუსტა მარიას სახელით.

XI-XII საუკუნეებში ბიზანტიაში ბრწყინვალედ იყო განვითარებული ოქრომჭედლობა, ხატწერა, მშენებლობა, მონეტების მოჭრა-დამუშავება და ა.შ.

გელათის აკადემიაშიც ის დარგები ისწავლება, რაც პოპულარულია ბიზანტიის იმპერიაში, წერილ-გუჯრებიდან ჩანს, რომ გელათის აკადემიიდან ჩასულ ქართველ სტუდენტებს მარიამ დედოფალი დიდ დახმარებას უწევდა ბიზანტიაში საქმე რომ ესწავლათ. არსებობდა საქართველო-ბიზანტიას შორის ერთგვარი მემორანდუმი სტუდენტების წარგზავნის შესახებ. არსებობს მოსაზრება, რომ მარიამის ხელიც ურევია გელათის აკადემიის მშენებლობაში თუ არა, აკადემიის იდეოლოგიის და კონცეფციის განსაზღვრაში მაინც.

ქართულ ისტორიოგრაფიაში მარიამის შესახებ ასე თუ ისე მწყობრი ცნობები დაცულია მხოლოდ გიორგი მცირეს მიერ აღწერილ გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში. ძირითად ცნობებს კი მაინც ბიზანტიელი ისტორიკოსები გვაწვდიან. ძირითადად ერთ-ერთი პირველი ისტორიკოსი ქალის, ანა კომნენეს  ჩანაწერებშია აღწერილი მარიამი. არამხოლოდ მისი საქმიანობა და ცხოვრებისეული ფაქტები, არამედ მისი ხასიათი და გარეგნული იერსახეც.

მცირე ცნობებს გვაწვდის ასევე მემატიანე მიქაელ ფსელოსი. ქართული ისტორიოგრაფიის ფურცლებიდან საუკუნეების განმავლობაში იყო გამქრალი ქართული წარმომავლობის ბიზანტიის დედოფლის შესახებ ცნობები. ბოლო დროს თანდათან გაიზარდა მკვლევართა ინტერესი მარიამ ალანელის მიმართ. თუ ბიზანტიის დედოფალი უზარმაზარ იმპერიაში მთელი ცხოვრების მანძილზე იბრძოდა საკუთარი და შვილის ღირსების აღსადგენად, როსტომ ხანის მეუღლე, ასევე მარიამი, გვარად დადიანი, სრულიად უუფლებო და ჩაგრულ დედოფლად ჩაეწერა საქართველოს ისტორიაში.

მარიამ დადიანი – ერთი დედოფლის სამი ქორწინება იძულებით

მარიამ დადიანი, კასტელის ნახატი

„დედოფალმან მარიამ შეამკო ეკლესიანი შესამოსლითა ხატითა, ჯუარითა და წირვის იარაღითა, ნაკერითა მარგალიტითა და თუალითა. და ედვა ამა დედოფალსა პატივი დიდი ყაენისაგან და ყოველთა საქართველოსა კაცთაგან და ქალთაგან, მთავართა და დიდებულთაგან, იყო ყოვლითურთ შემკული კეთილითა, რომლისა მსგავსი თამარ მეფისა შემდგომად არღარავინ…“ ასე ახასიათებს ქართლის ცხოვრება კიდევ ერთ მარიამს, ამჯერად დედოფალ მარიამ დადიანს.

მარიამ დედოფლის ძალისხმევით აღდგა და შეკეთდა  რუისის სამონასტრო კომპლექსი, თბილისის კარის ეკლესია, ბოლნისის სიონი, სვეტიცხოვლი და სხვა ეკლესია-მონასტრები. „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი ნუსხა მისი თაოსნობით გადაწერეს, ამ ხელნაწერს მარიამისეული ნუსხის სახელით ვიცნობთ.

საზოგადოებრივმა საქმეებმა, განათლებამ, სიმდიდრემ, მოპოვებულმა ავტორიტეტმა – ვერაფერმა დაიცვა მარიამ დედოფალი შუა საუკუნეების პატრიარქალურ საზოგადოებაში ნათესავი კაცების მსხვერპლად, იარაღად რომ არ ქცეულიყო. მისი ნების საწინააღმდეგოდ სამჯერ დააქორწინეს პოლიტიკური მიზნებისთვის.

XVII საუკუნის 20-იან წლებში იმერეთის მეფე გიორგი III (1604-1639) იყო, გურიის მთავარი – მამია გურიელი (1600-1625), ხოლო სამეგრელოს მთავარი – ლევან დადიანი (1611-1657). სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც გიორგი III-ის ვაჟი ალექსანდრე ღალატის გამო გაეყარა მამია გურიელის ქალიშვილს, რის შემდეგაც გურიელი ლევან დადიანთან პოლიტიკურ კავშირს ამჯობინებს. დადიანსაც თავის მხრივ იმერეთის სამეფოსგან დამოუკიდებლობა სურს და თავის ნახევარდას, 16 წლის მარიამ დადიანს მამია გურიელის ვაჟზე, სვიმონზე აქორწინებს 1621 წელს.

სვიმონმა 1625 წელს საკუთარი მამა, მამია გურიელი მოკლა, რის გამოც ლევანსა და სვიმონს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ლევანმა მამის მკვლელს მარიამის ,,უკან დაბრუნება“ მოსთხოვა, რაზეც სვიმონმა უარით უპასუხა. ლევანმა სვიმონის წინააღმდეგ გაილაშქრა და მარიამი მის შვილ ოტიასთან ერთად წაიყვანა სამეგრელოში.

ქართლის დედოფალი მარიამ დადიანი და მისი ძე ოტია გურიელი

მეორედ მარიამი როსტომ ხანზე დააქორწინეს. ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის თანდათან ორი ურთიერთდაპირისპირებული ბანაკი შეიქმნა: ერთ მხარეს იყო სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი და ქართლის მეფე როსტომ-ხანი, მეორე ბანაკს ეკუთვნოდა იმერეთის მეფე გიორგი III, კახეთის მეფე თეიმურაზ I  და აფხაზეთის მთავარი სეტემან შერვაშიძე.

პოლიტიკური კავშირები ქორწინებით განამტკიცეს როსტომ ხანმა და ლევან დადიანმა.

დიდი ბჭობა გაიმართა, ვინ უნდა გამხდარიყო საქართველოს დედოფალი და ,,შექმნეს ვაზირობა, დაიწყეს რჩევა, ეძებეს სამოყვროთ ლევან დადიანი და გაუგზავნეს მოციქულები და საქართველოს სადედოფლოთ და მისი მარიამ, დედათა შიგან ნაქები. სათხოვნელად მოციქულები წავიდეს და იმათაც იამა და მოსცეს“, – წერს მემატიანე გორგიჯანიძე. ქორწილის ზუსტი თარიღი უცნობია, ვარაუდობენ რომ 1633 -35 წლებში უნდა მომხდარიყო ეს ამბები.

,,იამა და მოსცეს“ – მემატიანე ისე წერს მარიამზე, როგორც ნივთის თხოვნისას მიცემაზე დაწერდა. ძველ ქართულში ,,ქალი მისცა“ და ,,ოქრო მისცა“  – ერთნაირად ითქმის, რაც შემთხვევითი არ არის. ნივთებისა და ქალების შემთხვევაში ერთი და იგივე ზმნის გამოყენება ზუსტად ასახავს ეპოქის დამოკიდებულებას ქალის, თუნდაც დედოფლის როგორც ნების, უფლების, აზრის არმქონე არსებისადმი.

მარიამს არ სურდა როსტომზე დაქორწინება და არც მის ცოლობას აპირებდა. ჟან შარდენის მოგზაურობის წიგნის ერთ-ერთი შენიშვნის მიხედვით, რომელიც მზია მგალობლიშვილს ეკუთვნის, შარდენი წერდა, რომ ლევან დადიანმა იძულებით, ,,გუემით’’ მისცა ცოლად მარიამი როსტომს.

მარიამს აზრი მოტყუებით შეაცვლევინეს, მღვდელმა როსტომის ქრისტიანულად მონათვლის სცენა გაითამაშა მოსაჩვენებლად, რის შემდეგაც როსტომმა მარიამი შეირთო ცოლად.

როსტომ ხანის და მარიამის ქორწინებით არამხოლოდ სამეგრელოს სამთავროსა და ქართლის სამეფოს პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობა უნდა განმტკიცებულიყო, ამ კავშირს მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა ასევე ირანსა და სამეგრელოს შორის დიპლომატიურ ურთიერთობაშიც. როსტომ ხანი ქორწინებიდან მალევე გარდაიცვალა. რის შემდეგაც დედოფალმა მარიამმა ყაენის მიწვევა მიიღო კარზე, დედოფალმა უარი თქვა. იცოდა შაჰ აბას II-მ, რომ მარიამი ლამაზი ქალი იყო და გადაწყვიტა მისი დაქორწინება ვახტანგ V შაჰნავაზზე. მარიამის ძმა ლევან დადიანი ცოცხალი აღარ იყო, დედოფალის ბედ-იღბალი შაჰ აბას II-ის ხელში გადავიდა.

მემატიანის ცნობით, 40 დღეს გრძლდებოდა მარიამისა და შაჰნავაზ V-ის ქორწილი. აღსანიშანვია, რომ არც შაჰნავაზისთვის იყო ეს ბედნიერი კავშირი, მარიამის მსგავსად. ქართლის ცხოვრების მიხედვით, მას ამ დროს უკვე ჰყავდა ცოლად  „ასული ყაფლანისა, სახელით როდამ (გვარად ბარათაშვილი), ქალი ფრიად პატიოსანი და შემკული ყოველივე საქმითა კეთილითა, სრული სწავლითა სამხთოთა და საეროა, შუენიერი და პირის-წყალი დედათა“, მაგრამ როცა ყაენმა მეფეს მარიამ დედოფლის შერთვა უბრაძანა, უარი ვერ უთხრა და მის ნებას დაჰყვა.

კვლევაში ,,მარიამ დადიანი – პოლიტიკური ქორწინება გვიან შუა საუკუნეების საქართველოში“ განხილულია მარიამ დედოფლის პოლიტიკური, ნაძალადევი ქორწინებების მოტივები იმდროინდელი ისტორიული რეალიების ფონზე.

ამავე კვლევის მიხედვით, შუა საუკუნეებში დაქორწინებისა თუ გაყრის ინიციატორები ყოველთვის კაცები იყვნენ, ქალის დაქვემდებარებული მდგომარეობა პატრიარქალურ საზოგადოებაში კარგად ჩანს უცხოელი მოგზაურების ცნობებშიც. „არიან ისეთებიც, რომელთაც სამი, ოთხი, ცოლი ჰყავთ ერთ ჭერქვეშ. ზოგს კი ცოლები სხვადასხვა ადგილას ჰყავთ, რათა, სადაც არ წავლენ, ცოლი იქ დახვდეთ“, – წერს ჟან შარდენი მოგზაურობის ჩანაწერებში. ლამბერტის ცნობით კი, რამდენიმე ცოლის ყოლის უფლება ჰქონდა სამღვდელოებასაც: „ეპისკოპოსის ღირსებას ის უპირატესობა აქვს, რომ შეუძლიათ აშკარად იყოლიონ სამი თუ ოთხი ცოლი“.

მარიამ დედოფლის შესახებ კვლევის მიხედვით, XVII საუკუნის საქართველოში რთული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების ფონზე ერთგვარი „სენი“ იყო ქალებისა და ბავშვების ტყვედ გაყიდვაც, ქალზე ძალადობის იარაღად ხშირად კაცები, როგორც გადაწყვეტილების მიმღებები, პოლიტიკურ ქორწინებას იყენებდნენ. ქალს „პატრონი“ განუსაზღვრავდა როგორ და ვისთან ეცხოვრა.

„მარიამ დადიანის სამი პოლიტიკური ქორწინება ძალადობის, პოლიტიკური თამაშის მაგალითად და გვიან შუა საუკუნეების ქართული კულტურული დამოკიდებულებების მახასიათებლად წარმოგვიდგება“, – წერია კვლევაში.

მარიამ დადიანი (ნაქარგი გამოსახულება შესრულებული მისი დაკვეთით დამზადებულ გარდამოხსნაზე, XVII ს.)

გადაბეჭდვის წესი


ასევე: