მთავარი,სიახლეები

ხუდია ბორჩალოელი – მეფე ერეკლეს ყველა ბრძოლის თანამგზავრი ქართველი აზერბაიჯანელი

27.06.2020 • 8696
ხუდია ბორჩალოელი – მეფე ერეკლეს ყველა ბრძოლის თანამგზავრი ქართველი აზერბაიჯანელი

საქართველოს ისტორიაში თითქმის არაფერი წერია ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების როლზე ქვეყნის მშენებლობაში. ისტორიის სახელმძღვანელოებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო მხოლოდ ეთნიკური ქართველების სამშობლო იყო, რაც არ არის სიმართლე. აგრესიულად განწყობილი ადამიანების ჯგუფები დღესაც არ უშვებენ ხელსაყრელ მომენტს, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ეპითეტებით მოიხსენიონ ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობები. მათ ხშირად მოუწოდებენ, რომ დროა წავიდნენ თავიანთ „სამშობლოში“.

დღეს „ბათუმელები“ გაგაცნობთ ისტორიულ პირს, „არაქართველ“ ხუდია ბორჩალოელს, რომელმაც ქვეყნისთვის ერთ-ერთ გადამწყვეტ – ასპინძის ბრძოლაში, დიდი სიმამაცე და გამჭრიახობა გამოიჩინა. სწორედ დღევანდელი აზერბაიჯანელების წინაპრის – ხუდიას და კიდევ ორი მეომრის წყალობით მოიგო ეს ომი ერეკლე მეორემ.

____

იმერეთის მეფეს, სოლომონს ბევრი საფიქრალი ჰქონდა, მოღალატე მთავრებსა და თავადებს ოსმალები იბირებდნენ. მართალია, იმერლებმა 1763-1768 წლებში მტერს ხელი ააღებინეს ქვეყნის დაპყრობის განზრახვაზე, ოსმალებიც დაზავებას სთავაზობდნენ მეფეს, მაგრამ იცოდა სოლომონმა, რომ ეს ზავი არაფერს ნიშნავდა. იძულებული იყო რაზმების შემოსევებთან გასამკლავებლად მოკავშირეებზე ეფიქრა. არჩევანი რუსეთზე შეჩერდა.

1768 წლის ზაფხული იდგა. სოლომონ მეფემ საგანგებო ელჩი, მაქსიმე ქუთათელი გაგზავნა რუსეთში დახმარების სათხოვნელად, სანაცვლოდ კი მათ რუსეთ-ოსმალეთის ომში აღუთქვა მხარდაჭერა. ამ ვიზიტიდან ერთი წლის შემდეგ, ზაფხულის მიწურულს რუსეთმა საქართველოში ჯარი გამოგზავნა ტოტლებენის სარდლობით, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებდა, ერეკლესა და სოლომონისგან კი სრულ მორჩილებას მოითხოვდა. მეფეებისთვის ეს წარმოუდგენელი ამბავი იყო.

                                                         ტოტლებენის მზაკვრობა

ტოტლებენმა მეფეების მოქიშპეები, დასავლეთ საქართველოს გაერთიანების მოწინააღმდეგე დადიანები და გურიელები დაიახლოვა, ქართლის რეაქციონერი თავადებიც მიიმხრო და ასპინძის 1770 წელს საკუთარი მზაკვრობაც დააგვირგვინა:

ერეკლეს და ტოტლებენის რუს ჯარს ამ წლის გაზაფხულზე ახალციხის საფაშოში უნდა ელაშქრათ, აწყურის ციხეს შემოარტყეს ალყა და დაიწყო თუ არა ბრძოლა, ცბიერმა ტოტლებენმა ზურგი აქცია ერეკლეს – რუსების ჯარი უეცრად გაბრუნდა უკან. ქართველები აღშფოთდნენ, ერეკლეს გაწბილებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ უკან დასახევი გზა არ იყო. აწყურის ციხეში გამაგრებული ოსმალები რუსთა ჯარის უკან დახევით გათამამდნენ და თავს დაესხნენ მეფის ჯარს, ერეკლემ მათ საუკეთესოდ მომზადებული რაზმი შეაგება და უკან, ციხეში შერეკა.

მეორე დღეს კი ჯარი ასპინძისკენ დაძრა. ჯერ იყო და გზად ახალციხიდან დაძრული 1500 ოსმალო მოიგერიეს, მერე ლეკ-ოსმალებისგან შემდგარი 4000 მეომარი. ასპინძის ბრძოლაში, 1770 წლის 20 აპრილს 3000 მეომარი დაკარგეს ოსმალებმა, ნაწილი მოკლეს, ნაწილი ტყვედ ჩაიგდეს ქართველებმა, იყვნენ ისეთებიც, ბოძებგადაჭრილი ხიდიდან რომ ცვიოდნენ მტკვარში.

ხუდია ბორჩალოელის წვლილი ასპინძის ბრძოლაში

,,ჩინებული და მამაცი ყოველსა საქართველოსა შინა“ – ასეა დახასიათებული საქართველოს სახლხო გმირი, აზერბაიჯანელთა წინაპარი ხუდია ბორჩალოელი თეიმურაზ ბატონიშვილის ისტორიულ წყაროში. ხუდია ერეკლე მეფის ერთგული თანამებრძოლი იყო. სწორედ მას დაავალა ერეკლემ აღაბაბა ერისთავთან და სვიმონ მუხრან ბატონიშვილთან ერთად  მალულად გადაეჭრათ შუაღამისას ასპინძის ხიდის ბოძები.

„ხოლო ღამესა მას წარგზავნა მერე-მან (მეფე ერეკლემ) ერისთვის-შვილი აღაბაბა, სვიმონ მუხრან ბატონის-შვილი ნასაღჩიბაში და ხუდია ბორჩალოელი, ჩინებული და მამაცი ყოველსა საქართველოსა შინა და ამცნო მათ, რათა აჰყარონ ხიდი ასპინძისა და მათ სრულ-ჰყვეს ყოველივე ბრძანებული მეფისა“, – წერს თეიმურაზ ბატონიშვილი.

ამავე წყაროს მიხედვით, ლეკებისა და ოსმალების ჯარის ნახევარი ბოძებგადახდერხილმა ხიდმა ჩაიყოლა ადიდებულ მტკვარში, ლეკების განთქმული მთავარსარდალი, კოხტა-ბელადი კი ერეკლემ მოკლა. ქართველები დიდძალი ნაალაფევით დაბრუნდნენ შინ.

ხუდია ბორჩალელი, რომლის მიერ გადაჭრილმა ხიდმაც მტრის დიდი რაზმი მოიყოლა, ბორჩალოს მაჰალის სოფელ სადახლოში, ამჟამინდელი მარნეულის სოფელში დაიბადა 1730 წელს. ყველა ბრძოლაში თან ახლდა მეფე ერეკლეს, მეტიც, ერეკლეს ბორჩალოელებისაგან შემდგარი პირადი გვარდია ჰყავდა, რომელსაც ხუდია ბორჩალოელი მეთაურობდა. ზოგიერთი ცნობით, მეფის პირად დაცვაში 12 კაციდან ხუთი ან შვიდი, სწორედ ბორჩალოელი იყო.

ერევნის სახანოსა და ყარასუში გადასახლებული ბორჩალოელები 1755 წელს მეფე ერეკლემ უკან დააბრუნა

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ბორჩალოელები მეფესთან ერთად, ძირითადად ლეკების წინააღმდეგ იბრძოდნენ და სხვა ლაშქრობებშიც ირიცხებოდნენ, ასპინძის ომის გამარჯვება კი ხუდია ბორჩალოელის მონაწილეობამ განაპირობა ხიდის გადახერხვის ოპერაციით აღაბაბა ერისთავსა და სვიმონ მუხრან-ბატონთან ერთად.

„ბორჩალოელები ასევე იბრძოდნენ კრწანისის ომში (1795წ.). მოგვიანებით, დუშეთში მეფის დაცვის ოპერაციას ხევსურებთან ერთად 100-ზე მეტი ბორჩალოელიც შეეწირა. ერეკლე მეორეს ქართლ-კახეთის სამეფოს სიძლიერისთვის და ბრძოლისუნარიანობის განსამტკიცებლად მათი გვერდში დგომა იმდენად სჭირდებოდა, რომ როცა ბორჩალოელები აიყარნენ და ერევნის სახანოსა და ყარასუში გადავიდნენ, 1755 წელს მეფემ ყველა დააბრუნა. ასევე ცნობილია, როცა რამდენიმე ტომი ახალციხის საფაშოში გადასახლდა, ქართლ-კახეთის მეფე გიორგი მეთორმეტემ ხონთქართან იჩივლა და ბორჩალოელები უკან დააბრუნა“, – წერია TDI-ს კვლევაში.

ხუდია ბორჩალოელის შესახებ ისტორიულ – დოკუმენტური ფილმიცაა გადაღებული ნუგზარ შატაიძისა და კოტე კანდიერის ავტორობით, ფილმს “ხუდიას ძეგლი” ჰქვია.

20 აპრილს, თითქმის, 2 საუკუნე ნახევარი გავიდა 1770 წლის ასპინძის ისტორიული ბრძოლიდან, რომელშიც ქართველთა ჯარმა ოსმალეთის ლაშქართან, ერეკლე მეორის სარდლობით, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: