მთავარი,სიახლეები

დეპუტატი სოფიზმზე, დადუმებული გარემოვაჭრე დეპუტატის სავარძელში და ტაში რიჟვაძეს

09.06.2020 • 2059
დეპუტატი სოფიზმზე, დადუმებული გარემოვაჭრე დეპუტატის სავარძელში და ტაში რიჟვაძეს

„მადლობა“ – ეს სიტყვა აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს, 9 ივნისს, ალბათ ყველაზე ხშირად ისმოდა. მადლობა დეპუტატებმა თორნიკე რიჟვაძეს უთხრეს იმისთვის, რომ უმაღლესი საბჭო ჩაქვიდან ბათუმში გადმოიტანეს, პანდემიის დროს გაწეული მენეჯმენტისთვის, ან, მაგალითად, შეურაცხყოფის ატანისთვის. მადლობა თორნიკე რიჟვაძემაც გადაუხადა ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებიც დარბაზში დარჩნენ და კრიტიკული კითხები არ დაუსვამთ. დარბაზში მდუმარედ, რამდენიმე წუთით, თუმცა დეპუტატის სავარძელში, მხოლოდ ერთი გარემოვაჭრე იჯდა.

დღეს აჭარის უმაღლესმა საბჭომ თორნიკე რიჟვაძის ანგარიში მოისმინა. სხდომა დიდხანს გაგრძელდა, კრიტიკული კითხვა საერთოდ არ დასმულა. არაერთხელ გაისმა ტაში.

რთული აღმოჩნდა თორნიკე რიჟვაძის ანგარიშის მოსმენის დაწყება, რადგან უმაღლესი საბჭოს შესასვლელში დღეს საპროტესტო აქცია გარემოვაჭრეებმა გამართეს. გარემოვაჭრეების თქმით, მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევენ და თავის რჩენის სხვა საშუალება არ აქვთ. გარემოვაჭრეებმა უმაღლეს საბჭოსთან გასაყიდი ტანსაცმელიც მიიტანეს, თუმცა თორნიკე რიჟვაძემ და დავით გაბაიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, მათ თავი აარიდეს.

გარემოვაჭრეებს სხდომათა დარბაზში შესვლაზეც უთხრეს უარი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა გააპროტესტა. დაახლოებით ნახევარი საათი ცდილობდა  სხდომის დარბაზიდან ელგუჯა ბაგრატიონის გაძევებას დავით გაბაიძე. ელგუჯა ბაგრატიონს თავს ედგა მანდატურის წარმომადგენელი და მას დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდებდა – „გთხოვთ, გამომყევით, ასე არ შეიძლება, თქვენ ხომ კანონმდებელი ხართ“. საბოლოოდ, ელგუჯა ბაგრატიონმა მაშინ დატოვა დარბაზი, როცა მას თორნიკე რიჟვაძე მიუახლოვდა და დეპუტატმა ცალკე შეხვედრის დაპირება მიიღო.

ოპოზიციონერი დეპუტატის გაძევების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყველაფერი მიმოიხილა – „იაფი სახლის“ პროექტიდან დაწყებული „ახალგაზრდული ცენტრით“ დამთავრებული. თორნიკე რიჟვაძეს არ უსაუბრია რომელიმე პრობლემაზე ან გამოწვევაზე. მან ისაუბრა, როგორ შენდება გზები და სკოლები, სკოლებში როგორ შეიტანეს 20 ათასი წიგნი, 3 მილიონი პეტრას ციხის რეაბილიტაციისთვის რომ დახარჯეს, ან როგორ დააბრუნეს ადამიანები სოფლებში ხელშემწყობი პროგრამებით.

„შარშან წარმატებით დასრულდა ნარინჯისფერი რთველი, წელს კიდევ უფრო წარმატებული უნდა იყოს,“ – ამ სიტყვებზე ღიმილით გახედა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს.

თორნიკე რიჟვაძეს არც ახალგაზრდების შექება გამორჩა. ისიც გაიხსენა, ახალგაზრდების რეგიონული ცენტრის შექმნის გამო ბევრი გვაკრიტიკებდა და ახლა ევროპის მასშტაბით მოიპოვეს აღიარებაო – პანდემიის დროს მოხალისეობრივი საქმიანობისთვის.

„ყველას სათქმელი გითხარით“, – დაასრულა თორნიკე რიჟვაძემ.

ვიდრე მთავრობის თავმჯდომარეს დეპუტატები უსმენდნენ, დეპუტატის დაცარიელებულ სავარძელში რამდენიმე წუთით გარემოვაჭრე ნანა კინწურაშვილი ჩაჯდა. გარემოვაჭრემ მაშინვე დატოვა დარბაზი, როგორც კი მასთან აპარატის თანამშრომელი მივიდა და უთხრა, ეს დეპუტატის სავარძელია, გვერდით უნდა გადმოჯდეთო.

„საერთოდ აღარ მინდა აქ,“ – თქვა გარემოვაჭრე ნანა კინწურაშვილმა, ვიდრე სხდომათა დარბაზს დატოვებდა და მის წინ დაწყობილ სატელევიზიო კამერებსაც სწრაფად ჩაუარა.

პროტესტის ნიშნად სესია დატოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა დეპუტატებმაც. დარბაზიდან გასვლამდე გიორგი დიასამიძემ დეპუტატებს და თორნიკე რიჟვაძეს მიმართა, იქნებ, ის ადამიანი მაინც მოიკითხოთ, აჭარის ტელევიზიის წინ რომ მე-12 დღეა შიმშილობსო.

გარემოვაჭრე თუ შიმშილი ტელევიზიის წინ, ან ზოგადად რეგიონში, ამის შემდეგ არავის უხსენებია – სხდომა მადლობების გადახდის რეჟიმში და ტაშით გაგრძელდა, თუმცა აჭარის ტელევიზია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მაინც  გაახსენდა.

„გამოინახება თუ არა შენობა აჭარის ტელევიზიისთვის?“ – ჰკითხა დავით გაბაიძემ თორნიკე რიჟვაძეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მას მოკლედ უპასუხა, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია და დამატებით შენობას ტელევიზიას მალე გადასცემენ.

კითხვის დასმამდე მადლობა გადაუხადა თორნიკე რიჟვაძეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა მერაბ ბლადაძემ, რომელიც წინა წლებში „პატრიოტთა ალიანსს“ წარმოადგენდა. დეპუტატმა თქვა, რომ თორნიკე რიჟვაძის წინა მოსმენაზე ბათუმის აეროპორტის მოუწესრიგებელ გარემოზე ესაუბრა, ახლა კი, ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია.

„ჩვენ მხოლოდ ფორმალურად კი არ მოვდივართ აქ, რომ კონსტიტუციური ვალდებულება შევასრულოთ,“ – გაიბადრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

მერაბ ბლადაძემ იკითხა სოფლის გამგებლების ხელფასებზეც. მისი ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით სოფლის რწმუნებულების შრომის ანაზღაურება განსხვავებულია.

„აჭარაში აქვთ 650 ლარი, მოადგილეს – 430 ლარი, მაშინ როცა გურიაში აქვთ – 880 ლარი, კახეთში 900 ლარი ჰქონიათ“, – თქვა მერაბ ბლადაძემ.

„ხელფასები გადასახედია, ეს საკითხი მისახედია,“ – უპასუხა დეპუტატს თორნიკე რიჟვაძემ.

კითხვა დასვა დარბაზში დარჩენილმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა – გიორგი ცინცქილაძემ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოდან“, კითხვა ზოგადად წინასაარჩევნო გარემოს ეხებოდა და არა რეგიონში არსებულ პრობლემას.

„მადლობა კონსტრუქციულობისთვის“ – მიმართა ოპოზიციის წარმომადგენელს თორნიკე რიჟვაძემ და იქვე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც გააკრიტიკა. „ვისურვებ, ცოტა უფრო ჯანსაღი პოლიტიკოსები ისხდნენ ამ დარბაზში“, – თქვა მან.

უმრავლესობის დეპუტატებმა კანონით დაკისრებული ფუნქციის ანუ მთავრობის კონტროლის ნაცვლად, მადლობის თქმა არჩიეს და დარბაზში არმყოფი ოპოზიციის კრიტიკა. მაგალითად, საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ „ბიუჯეტს შემოსავლები რომც დააკლდეს, გზების კეთილმოწყობას ეს არ შეეხება“.

დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბერძნულ ეპოქასთან შედარება, სპარტანელებზე აქცენტი და სოფიზმზე საუბარი არჩია. ის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეა და მისი, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის ტრიბუნა განათლების, კულტურის ან სპორტის პრობლემებზე საუბრის ნაცვლად მან ასე გამოიყენა:

„ასე იყო სპარტაში: ვინც მეტს იყვირებდა, ის იმარჯვებდა… და იყვნენ სოფისტებიც, ასეა „ნაციონალური მოძრაობაც“, ისინი ხომ ვერ დასვამდნენ კითხვებს…“ , – დაიწყო დეპუტატმა.

სხდომა უმაღლეს საბჭოში დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: