ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 19 წლის ლაშა გ.-ს. მას პროკურატურა ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდა.
განაჩენი დღეს, 6 აგვისტოს გამოაცხადა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა.
საუბარია 2025 წლის 12 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე : ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანში პირმა ორი ახალგაზრდა დანით დაჭრა. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს და გადარჩნენ. მათი ჭრილობები ექსპერტიზამ „სიცოცხლისთვის საშიშად“ შეაფასა.
საქმის თანახმად, დანით დაპირისპირებამდე რესტორნის მეოთხე სართულზე მდებარე ვერანდაზე ორი სუფრის წევრებს შორის ჩოჩქოლი ატყდა.
ადვოკატების მტკიცებით, საქმე გვქონდა არა მკვლელობის მცდელობასთან, არამედ აუცილებელ მოგერიებასთან ფარგლებს გადაცილებით, რადგან ბრალდებული რესტორნის კიბეებზე ჩამოდიოდა, როცა უკან დაედევნენ და თავს დაესხნენ.
საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმაც, თუმცა მოსამართლის შეფასებით, საქმე გვქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასთან – სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი.
ჯერ უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა დაცვის მხარე ამ განაჩენს.






