ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ვის უნდა დაუკავშირდეთ, თუ ბათუმიდან გინდათ გასვლა სასოფლო სამუშაოებისთვის

27.04.2020 •
ვის უნდა დაუკავშირდეთ, თუ ბათუმიდან გინდათ გასვლა სასოფლო სამუშაოებისთვის

29 აპრილიდან ძალაში რჩება ბათუმში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვა. ეს იმას გულისხმობს, რომ ბათუმში რეგისტრირებული პირი ვერ გავა ქალაქიდან, ხოლო ბათუმში არარეგისტრირებული პირი ვერ შემოვა ქალაქში.

არის გარკვეული გამონაკლისებიც, მაგალითად, ბათუმში რეგისტრირებული პირის ბათუმიდან გასვლა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, თუმცა გარკვეულ საათებში.

თუ ბათუმში რეგისტრირებულ პირს ქალაქგარეთ [აჭარის ტერიტორიაზე ან სხვა რეგიონში] აქვს ნაკვეთი და ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, მას უფლება აქვს გავიდეს ქალაქიდან დილის 6 საათიდან 8 საათამდე პერიოდში, რისთვისაც წინასწარ უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე: 577 59 44 55.

„ცხელ ხაზზე დარეკვისას მოქალაქე გვეუბნება მანქანის სერიას, ნომერს, სად მიდის და ამას ვაფიქსირებთ ელექტრონულ ბაზაში. საშვს, როგორც ასეთს, მატერიალური ფორმით არ გავცემთ. ქალაქიდან გასვლის დრო არის დილის 6 საათიდან დილის 8 საათამდე პერიოდი. ბლოკპოსტზე გასვლისას კი, ამ მოქალაქეს უნდა გააჩნდეს საკუთრების დამადასტურებელი საბუთი, რომ ამა და ამ სოფელში ის, ან მისი ოჯახის წევრი ფლობს მიწის ნაკვეთს [ეს შეიძლება იყოს ამონაწერი რეესტრიდან, ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობა]. გადაადგილება ხდება ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვით“, – გვითხრეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

„სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ბათუმიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან გასვლა-შესვლის საშვის მისაღებად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ რეგიონულ შტაბებს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით 144-ის ცხელ ხაზს (რეგიონის მიხედვით ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად აკრიფეთ 2)“ – აღნიშნულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის შემთხვევაში, ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად კრეფთ 144-ს, შემდეგ 2-ს და ბოლოს 0-ს.

რაც შეეხება ქალაქ თბილისს, „29 აპრილიდან ქალაქ თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას დილის 06:00-08:00 სთ-მდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას საღამოს 18:00-19:00 სთ-მდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული საშვით შეძლებენ. ნებართვის მისაღები ფორმა განთავსდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე. მოქალაქემ აღნიშნული ფორმა/განაცხადი უნდა შეავსოს ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე. შემოსული განაცხადის საფუძველზე სამინისტრო გასცემს საშვს ელექტრონული და/ან მატერიალური ფორმით (საჭიროების მიხედვით, ერთჯერადს ან მრავალჯერადს). უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, განმცხადებელი პასუხს მიიღებს ელექტრონულად“, – აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

თუმცა დღეს მოქმედი რეგულაციით, მოქალაქეს თავისი რეგისტრაციის ადგილზე მისვლა შეუძლია ნებისმიერ დროს [გარდა კომენდანტის საათისა]. ანუ თუ ბათუმში რეგისტრირებული პირი გავიდა ქალაქიდან, მას ნებისმიერ დროს შეუძლია ქალაქში [რეგისტრაციის ადგილზე] დაბრუნება. თუმცა ის 29 აპრილიდან თავისუფლად გასვლას ქალაქიდან ვეღარ შეძლებს.

ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გამოსვლა 16 აპრილიდანაა შეზღუდული.

აღნიშნული შეზღუდვა, გამონაკლისის სახით, მოხსნილია 27 და 28 აპრილს და ამ დღეებში ეს ქალაქები ღიაა.

29 აპრილიდან კი შეზღუდვა კვლავ იქნება ძალაში. პარალელურად ძალაში რჩება კომენდანტის საათი [მათ შორის 27 და 28 აპრილსაც].

ამ თემაზე: ვის არ ეხება შესვლა-გამოსვლის აკრძალვა ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: