მთავარი,სიახლეები

პანდემია, მთავრობა, ანტიკრიზისული გეგმა და მოახლოებული არჩევნები

26.04.2020 • 3044
პანდემია, მთავრობა, ანტიკრიზისული გეგმა და მოახლოებული არჩევნები

პანდემია და Covid19 მთავრობის სასარგებლოდ მუშაობს – ასე აფასებდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ ვითარებას. თუმცა ხელისუფლების მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენის შემდეგ, როგორც ოპოზიციის, ასევე ექსპერტების მსგავსი შინაარსის განცხადებებში, უპირობოდ  გაჩნდა  სიტყვა – „მაგრამ“.

სარგებლობს თუ არა ხელისუფლება პანდემიით მოახლოებული არჩევნების წინ რეიტინგის ასაწევად, ამ საკითხის განხილვა ორეტაპიანი ანტიკრიზისული გეგმის შეფასების გარეშე ვეღარ ხერხდება.

ოპოზიციაში უმეტესად ეს გეგმა შეაფასეს, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. დაისვა კითხვა იმაზეც, როდის მიიღებენ დაანონსებულ დახმარებებს დაზარალებულები და შეზღუდვებით გამოწვეული დანაკარგის დადასტურების შემდეგ კომპენსირების პროცესი წინასაარჩევნო პერიოდს ხომ არ დაემთხვევა.

ამავდროულად ბევრს მიაჩნია, რომ მოახლოებული არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილი ისევ გამოჩნდება თავისი მთავარი რესურსით, დიდი ფულით.

„ხელისუფლებამ ფაქტობრივად წაუგებელი თამაში ითამაშა, როცა კრიზისის დროს წინ წამოწია პროფესიონალები და განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, პოლიტიკოსებმა საკუთარ თავზე აიღეს კრიზისის მენეჯმენტი. ეს იყო მომგებიანი ნაბიჯი იმ თვალსაზრისით, რომ რაიმე კარგად რომ არ წასულიყო, მეხამრიდის როლს ისევ ეს ხალხი შეასრულებდა. თუ კარგად წავიდოდა, მაშინ ეს მთავრობის იმიჯზე აისახებოდა და სწორედ ამ მეორე სცენარით განვითარდა მოვლენები“, – ასეთია პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას შეფასება.

კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ ყველაფერი გაირკვევა პირველი ეტაპის გასვლის შემდეგ, როცა გამოჩნდება რამდენად აქვს მთავრობას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის  უნარი:

„სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, ამას ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, მაგრამ ვიგრძნობთ დაახლოებით ორ თვეში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს არ შეეხოს მოწყვლად ჯგუფებს. ჩვენ ვიცით, რომ იმ თანხით, რაც საქართველოს აქვს, ყველა პრობლემას რეალურად ვერ მოაგვარებ, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ მოძებნის მთავრობა ოქროს შუალედს. სამი თვით დახმარება პრობლემას ვერ მოაგვარებს, მთავარია ხალხმა სამსახური არ დაკარგოს“.

რეიტინგის შენარჩუნების საკითხს სკეპტიკურად უყურებენ ოპოზიციაში, იქ, სადაც ამ მხრივ მეტი გამოცდილება აქვთ:

„რა დროს რეიტინგებია“,  მათ კარგად იციან, რომ  „გასაჭირის დროს“,  მოკლე დროში შექმნილი რეიტინგი შესაძლოა მალევე ხუხულასავით დაგენგრეს. ამის მაგალითად „რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილი 2008 წლის ომის დროს მთავრობის გაზრდილ რეიტინგს, შემდეგ კი სწრაფ ვარდნას იხსენებს.

ანტიკრიზისული გეგმის მოსმენის და მისი შეფასების შემდეგ, ის მოვლენების განვითარების ერთ-ერთ ვერსიად არჩევნების წინ ივანიშვილის ისევ გააქტიურებას ელის. ამბობს, რომ „ამ გამოჩენით ის ორ საქმეს გააკეთებს: გარდა იმისა, რომ საკუთარ პარტიას დაეხმარება, ამით კიდევ ერთხელ ეტყვის მათ [ოცნების  ხელისუფლებას] „არაფერი ხართ უჩემოდო“.

ბერძენიშვილის სცენარით ივანიშვილი „ისევ თავისი მთავარი რესურსით, დიდი ფულით“ გამოჩნდება:

„ბუნებრივია, ბიუჯეტის შესაძლებლობები მწირია, ჩვენ  გაჭირვებული ქვეყანა ვართ და ბიძინა ივანიშვილის უზარმაზარი ფინანსების გარეშე არც იყო მოსალოდნელი სერიოზული, სოციალური ან ეკონომიკური, თუნდაც ჯანდაცვის პაკეტის შემოთავაზება. როგორც ჩანს, ივანიშვილმა გადაწყვიტა განსაკუთრებულ გაჭირვებამდე არ გამოაჩინოს ეს შესაძლებლობები და შემდეგ, როცა უკვე ძალიან შეჭირვებულ მდგომარეობაში იქნება მოსახლეობის დიდი ნაწილი, არქიფო სეთურივით გამოჩნდეს, როგორც ჩნდება.“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის“, პარლამენტარ  რომან გოცირიძის შეფასებით, გასაჭირის დაძლევის მთავრობის შემოთავაზებული მოდელი პოლიტიკური კორუფციის რისკს შეიცავს და ოცნების ღია თუ ფარული აქტივისტები შეავსებენ თვითდასაქმებულთა რიგებს.

„ბიუჯეტში კვლავ რჩება დიდძალი, უსარგებლო, კორუფციული და  მეორეხარისხოვანი ხარჯები. მათი გაუქმებით შეიძლებოდა გამოთავისუფლებული სახსრების, პირდაპირი სოციალური დახმარებების გაორმაგება, ანტიკრიზისული ღონისძიებების მოდელი არის აღსასრულებლად რთული, კორუფციული და უამრავ ჩვენს მოქალაქეს ტოვებს ელემენტარული შემოსავლების გარეშე – შინამოსამსახურეები, ძიძები, მომვლელები, რეპეტიტორები, ქუჩაში მოვაჭრეები, ხელოსნები, სანტექნიკოსები, არარეგისტრირებული მძღოლები და ასე შემდეგ“, – ამბობს რომან გოცირიძე.

ის კი, ვინც ორივე მხარის მოქმედებას გამადიდებელი შუშით აკვირდება და საზოგადოების განწყობების შესწავლაც მისი საქმის ნაწილია, გარკვეულწილად ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში ვირუსის „ერთგვარი დაჭერა და ექიმების წინ წამოწევა, რომლებიც ხელისუფლების სახელით საუბრობენ“, მთავრობის იმიჯზე კარგად აისახა.

„კვლევები ჯერ არ გვინახავს, მაგრამ ბოლო სამ თვეში პოზიტიური განწყობა მთავრობის მიმართ გაზრდილია, მე ასეთი ჰიპოთეზა მაქვს“, – ამბობს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი. 

რაც შეეხება ბიუჯეტის შემცირებას და სამსახურდაკარგულ ადამიანებს, ასევე იმ ჯგუფებს, რომლებმაც ამ გეგმის წარდგენის შემდეგ ვერ გაიგეს, რა, როგორ და როდის შეეხება პირადად მათ. სოციოლოგის აზრით, „ამ მხრივ მძიმე თვეები წინ გველის“.

ის არ გამორიცხავს, რომ ვითარება სწრაფად, არჩევნებამდე დამძიმდეს, რაც არც თუ სახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენებს ხელისუფლებას. ამიტომაც ფიქრობს, რომ არჩევნებამდე ხელისუფლება მოწყვლადი ჯგუფების დახმარების ნაბიჯებს შესაძლოა კიდევ უფრო გააღრმავებს:

„ადამიანებს ჯერ გადახარშული არ აქვთ ეს ანტიკრიზისული გეგმა, რომ თავიანთი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ ამ გეგმის ეფექტურობაზე ააგონ. ეს ჯერ ახალი ამბავია, მაგრამ განსაკუთრებით ეკონომიკურად შეჭირვებულ მოსახლეობას აქამდე, დაპირებებიდან გამომდინარე, ჰქონდა მოლოდინი, რომ ისინი [ხელისუფება] ეკონომიკასაც გარკვეულწილად მოუვლიან. ჩანს, რომ ეს ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობის მოლოდინების ადეკვატური არ არის, რადგან 200 ლარი მხოლოდ საარსებო მინიმუმია და ყოფილ დასაქმებულს ეს ხელისუფლების ნდობას ვერ შეუნარჩუნებს. აქ არიან ასევე სხვა ჯგუფებიც“.

ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს როგორც ფინანსურ დახმარებას იმ პირებისთვის, რომლებმაც შექმნილი ვითარების გამო სამუშაო დაკარგეს, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და შეზღუდვების მოხსნის ექვსეტაპიან გეგმას.

https://netgazeti.ge/news/446340/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: