მთავარი,სიახლეები

ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას გეგმავს და სხდომის ჩანიშვნას ითხოვს

16.12.2021 • 1490
ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს  თავმჯდომარის არჩევას გეგმავს და სხდომის ჩანიშვნას ითხოვს

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სხდომის ჩანიშვნას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციამ საკრებულოს აპარატში განაცხადი უკვე დაარეგისტრირა. ასეთი განაცხადის შემთხვევაში სხდომის მოწვევაზე პასუხისმგებელია საკრებულოს თავმჯდომარე. ბათუმის ახალ საკრებულოში ეს პოსტი ჯერ ისევ ვაკანტურია.

ამ შემთხვევაში სხდომის მოწვევა საკრებულოს აპარატმა უნდა უზრუნველყოს. როგორც საკრებულოს აპარატის იურიდიულ სამსახურში განმარტეს, მას შემდეგ, რაც თარიღი დაზუსტდება, აპარატი გაავრცელებს განცხადებას სხდომის შესახებ და თუ კვორუმისთვის საჭირო რაოდენობა 18 წევრი შეიკრიბება, სხდომა ჩატარდება.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ლაშა კილაბერიას ინფორმაციით, ოპოზიცია დღის წესრიგში ორი საკითხის დაყენებას ითხოვს, ესენია: საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა – ოპოზიცია გეგმავს, რომ კენჭისყრაზე დააყენოს საკუთარი კანდიდატურა და ძველის საკრებულოს მიერ დამტკიცებული 2022 წლის ბიუჯეტის გაბათილების საკითხი.

ლაშა კილაბერიამ დაზუსტებით არ უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა ოპოზიციის სრულ შემადგენლობას რაიმე შეთანხმება თავმჯდომარეობის კანდიდატის თაობაზე. ექნება თუ არა ამ კანდიდატს, როგორც ენმ-ს და „ლელოს“, ასევე „გახარია საქართველოსთვის“ ორი წევრის მხარდაჭერა.

რაც შეეხება უკვე დამკიცებულ ბიუჯეტს, ლაშა კილაბერიას თქმით, არასწორია მანიპულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ბიუჯეტის ბათილობას საკრებულო მხარს დაუჭერს, მიმდინარე პროექტები გაჩერდება.

გიორგი გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით ოპოზიციის განაცხადზე ინფორმაცია აქ აქვთ:

„ჩვენ დღეს  ისევ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და შევთანხმდეთ გარკვეულ საკითხებზე. წინააღმდეგ  შემთხვევაში ჩვენ ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ“, – ამბობს აკაკი გვიანიძე, გახარიას გუნდის წარმომადგენელი და ბათუმის საკრებულოს წევრი.

იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც ბათუმის საკრებულოშია, ამ პარტიაში რისკებს ხედავენ  თავმჯდომარის ფარულად არჩევის პროცედურაში. აქ მიაჩნიათ, რომ ვიდრე პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას  საკრებულოს თავმჯდომარის ღია კენჭისყრით არჩევაზე, კენჭისყრა არ უნდა გაიმართოს:

„მერე დაიწყება გადაბრალებები.“

ბათუმის საკრებულოში 35 წევრია, აქედან 16 წევრი „ოცნებას“  წარმოადგენს, 14 წევრი – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 2 – „გახარია საქართველოსთვის“, 1 – „ლელოს“ და 1 დამოუკიდებელი დეპუტატი, გახარიას პარტიის ყოფილი წევრია.

17 ხმით თავმჯდომარის დამტკიცებას ვერც ოპოზიცია შეძლებს და ვერც „ოცნება“, რადგან კოდექსი  თავმჯდომარის ასარჩევად საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

____

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: