კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

„ჩვენს არქიტექტორებს ქალაქის არ ესმით“ – როგორ გადააქციეს ბათუმი კიტჩად

28.02.2020 • 8494
„ჩვენს არქიტექტორებს ქალაქის არ ესმით“ – როგორ გადააქციეს ბათუმი კიტჩად

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ბათუმში საჯარო შეხვედრა გაიმართა თემაზე – ახალი მშენებლობები ისტორიულ ზონაში. შეხვედრაზე ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელის მოხსენება შემდეგ საკითხებს შეეხო: არსებული ვითარება ბათუმის ისტორიულ ნაწილში; დაგეგმილი და განხორციელებული სამშენებლო პროექტები და მათი ზეგავლენა ქალაქზე; საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება, როგორ და რას აშენებენ ისტორიული ქალაქების დაცულ ზონებში, როგორ იცავენ ბალანს ახალ მშენებლობებსა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს შორის. 

თამარ ამაშუკელი, ხელოვნებათმცოდნე: რა უნდა ავაშენოთ ისტორიულ ქალაქში და როგორ შეიძლება ის გადავარჩინოთ? ქალაქისთვის ყველაზე რთული არის მასშტაბის ცვლა. ევროპის ქალაქების ისტორიულ ზონებში, პრაღაში, მადრიდსა და ამსტერდამში არსად კორპუსი არ გვხვდება. ისტორიული განაშენიანება, როგორც წესი, არის ერთი სიმაღლის, შეიძლება განსხვავდებოდეს ერთი ან ორი სართულით.

საერთო განაშენიანებიდან, დომინანტების სახით, რამდენიმე ნაგებობაა ამოსული. როგორც წესი, ეს არის სასულიერო ნაგებობა და ე.წ. რატუშა (საბჭოს სახლი, მერია). ჩვენ რატუშის კულტურა არ გვქონდა, როგორც ეს ევროპაშია, თუმცა ბათუმსაც ჰყავდა თავისი „დომინანტები“, მაგალითად, ეს იყო „სობორო“, მისი დანგრევის შემდეგ კი დარჩა კათოლიკური ეკლესია. დღეს ბათუმში დომინანტები პრაქტიკულად  წაშლილია, ახლა დომინანტები უკვე ახალი მშენებლობებია.

60-იანი წლების პარიზში მოდაში იყო ისტორიული ქალაქების დანგრევის თემა და მათ ადგილას კორპუსების აშენება. ეს სოციალური მოთხოვნაც იყო, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ნახევარი ევროპა დანგრეული იყო. მაშინ მოთხოვნა გაჩნდა სწრაფ მშენებლობებზე, მზარდი იყო მოსახლეობის რაოდენობა.

იყო ასეთი არქიტექტორი, კორბუზიე, რომელსაც ჰქონდა ნახევარი პარიზის დანგრევისა და მის ადგილას კორპუსების აშენების გეგმა. პარიზსა და ევროპის დიდ ნაწილში ეს არ განხორციელდა ისტორიული ბრძოლების ხარჯზე. მალე მიხვდნენ, რომ ეს იქნებოდა დაღუპვა. ბათუმსა და თბილისში ეს ხდება 21-ე საუკუნეში. 50 წლის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს არ შეიძლება, თუმცა ჩვენთან ამ ამბავს ჯერ არ მოუღწევია.

60-იან წლებში პარიზში ააშენეს მონპარნასის კოშკი და მაშინვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ასეთი რამ აღარ უნდა აეშენებინათ. მიიღეს სხვადასხვა რეგულაცია, რომლითაც პარიზში დღეს იზღუდება ძეგლზე და საერთო ფონურ განაშენიანებაზე მაღალი შენობის აშენება. ასეა ევროპის ყველა ქალაქში. რატომ არ დაანგრიეს მონპარნასი კოშკი? იმიტომ, რომ კარგად ახსოვდეთ, რისი აშენება არ შეიძლება, რომ სხვას არავის მოუნდეს ასეთი შენობის ჩაშენება ისტორიულ ქალაქში.

ისტორიული ქალაქებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ტენდენცია არის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ტრენდი. ომის დროს დაინგრა ევროპის ძალიან ბევრი ქალაქი და მზარდი იყო ურბანიზაციის პროცესი, ანუ ბევრი ადამიანი ჩამოდიოდა სოფლიდან ქალაქში.

ადამიანები, რომლებსაც გული შესტკიოდათ ქალაქზე, მაშინ მიხვდნენ, რომ თუ ამას არ დაუპირისპირებდნენ რამეს, მივიღებდით სრულიად გაწმენდილ ქალაქებს. ამას მოჰყვა შემდეგ სხვადასხვა კონვენციის მიღება. ჩვენ ამ კონვენციებიდან თითქმის ყველას მიერთებული ვართ, ვაღიარებთ მათ უპირატესობას, თუმცა ისევე ვიცავთ, როგორც ჩვენ საკუთარ კანონს.

თბილისსა და ბათუმში ერთნაირი მდგომარეობა გვაქვს. თბილისის ფოტოებზე, თითო-ოროლას თუ ამოარჩევთ რომელია ძველი შენობა, ასევეა ბათუმში. პრაქტიკულად ჩვენ ვკარგავთ ურბანულ ქსოვილს.

რა უნდა ვქნათ? ეს შეკითხვა მოდის მოსახლეობისგან, რომელსაც ძალიან უნდა, რომ დაანგრიონ შენობა, მოდის ხელისუფლებისგან, რომელმაც არ იცის რა უნდა გააკეთოს, მოდის კულტურული მემკვიდრეობის დამცველებისგან. გამოსავალი იპოვა ევროპამ და ახალი ველოსიპედი გამოსაგონი არ არის, მაგრამ პასუხი იმაზე, თუ რატომ არ ვაკეთებთ ამას – არ მაქვს. ლოგიკაში არ ჯდება ეს ყველაფერი.

როდესაც ვთქვი, რომ პარიზმა მონპარნასის კოშკის შემდეგ აკრძალა მაღლივი კორპუსები ისტორიულ ზონაში, იმავე პერიოდში იქ გააკეთეს ახალი საცხოვრებელი და ბიზნესუბანი – დეფანსი. ასეთი უბანი აქვს ყველა ევროპულ ქალაქს. დეფანსის ქვეშ პრაქტიკულად არის ორსართულიანი ქალაქი, ფართო ქუჩები, საპარკინგე ადგილი, ტრანსპორტი… ის ამავდროულად არის მუზეუმი თანამედროვე არქიტექტურისა. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ გავიტანოთ ისტორიული ქალაქებიდან წნეხი. თუ ამას არ ვიზამთ, მაშინ მას ვერ გადავარჩენთ. ამ ადამიანებმა განვითარების ხაზი კი არ დაანგრიეს ძველზე ახლის აშენებით, არამედ შეინარჩუნეს ყველა ის ანაბეჭდი, რაც ქალაქს ატყვია.

შეხვედრა და დისკუსია

ქალაქი და ურბანული მემკვიდრეობა არის ალბათ ყველაზე კარგი ილუსტრაცია იმისა, თუ როგორი გემოვნების, მენტალობის, ტრადიციების ადამიანები ცხოვრობენ იქ.

თბილისსა და ბათუმს რომ შევხედოთ, მივხდებით, როგორი ადამიანები ვცხოვრობთ: ცოტა ისტერიულები,  ქაოსურები… არ ვიცით საით მივდივართ.

ახალი უბნები აუცილებლად უნდა შეიქმნას, მაგრამ აუცილებლად უნდა შევუწყოთ ხელი ძველის დაცვას. ბათუმმა სცადა, რომ ეს გაეკეთებინა. ახალი ბულვარის გაყვანისა და მონიშვნის შემდეგ დაიწყეს ახალი ბათუმის მშენებლობა, თუმცა, ამან სტიქიური ფორმა მიიღო და გადაიქცა თანამედროვე არქიტექტურის ძალიან ცუდ მაგალითად.

ამ ქალაქს ალბათ ორი მიმართულებით შეიყვანს ვინმე საერთაშორისო არქიტექტურულ სახელმძღვანელოში: ერთი – ეს არის ის, თუ როგორ შეიძლება გადააქციო კიტჩად ძალიან კარგად ნაშენები, ევროპული ყაიდის ქალაქი და მეორე, როგორ შეიძლება დაანგრიო 40 წელში ნაშენები ქალაქი 15 წელში.

თბილისი უფრო დიდია და მეტს იტანს, ვიდრე ბათუმი. თუ ეს არ დამთავრდა 5 წელში, სამწუხაროა, მაგრამ არაფერი არ დარჩება. ის, რომ ბიზნესქალაქი, მაღალი სართულებით, გადის ისტორიული ზონიდან, ჩვენთან არ განხორციელდა.

დასაწყისში მე ვახსენე რომან ფოსტერის ფრაზა: „სანამ მშენებლობას დაიწყებ, მოუსმინე ქალაქს“. აი ეს მოსმენა არქიტექტორებისთვის არის ყველაზე მთავარი, იმისთვის, რომ უხეში ჩარევა არ განახორციელონ.

რეკონსტრუქცია/რესტავრაცია/კონსერვაციის დროს შენობა ჰყვება რა დაემართა მას. გადაშლილი წიგნივით არის, ყველა ანაბეჭდი ჩანს. ეს არის ქალაქებისა და შენობების ყველაზე დიდი, ისტორიული ღირებულება, როდესაც ის მოგითხრობთ ამბავს. თუ ამის კითხვას ვისწავლით, შემდეგ დავაფასებთ და აღარ დავანგრევთ.

ევროპაში ერთი რამ ცალსახაა, მაქსიმალურად ცდილობენ ისტორიული ნაშთების შენარჩუნებას. მაგალითად, კედელს, ფანჯარას, ფრაგმენტს აკონსერვებს და შემდეგ აბამენ ახალ შენობას. ჩვენ შემთხვევაში, ვაღიარებთ, რომ ესა თუ ის ფრაგმენტი ან კედელი არის ღირებული, უბრალოდ ამას ვანგრევთ და ვაშენებთ მსგავსს  ახალს. რისთვის კეთდება ეს, ამას ვერავინ გეტყვით. ლონდონი არის ამის მაგალითი, როგორ შეიძლება ისტორიული ნაწილი შეინარჩუნო.

ჩვენ ვიცით, რომ რესტავრაცია მთავრდება იქ, სადაც იწყება ვარაუდი. თუ არ ვიცით რა იყო დოკუმენტურად, უბრალოდ ვამთავრებთ. თუ ამას ვაგრძელებთ, ეს უკვე რესტავრაცია არ არის. ძალიან დიდწილად, ბაგრატის ტაძარი ზუსტადაც რომ ეს არის, ზუსტად არავინ იცის გუმბათი როგორი იყო.

გვაქვს შეხება არქიტექტორებთან, რომლებიც მედიატორის როლს ვერ ასრულებენ, სადღაც რაღაცას ნახავენ და აკოპირებენ. ისტორიულ ქალაქში არქიტექტორების შესვლა ცალკე ამბავია. ძალიან მაღალი კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა გქონდეს, რომ ქალაქი გესმოდეს. ქალაქის  ღირებულებებიდან ძირითადის გამოყოფა უნდა შეგეძლოს, მისი გათანამედროვება და ახლის შექმნა ისე, რომ ძველიც არ დაანგრიო. ჩვენს არქიტექტორებს ქალაქის არ ესმით. ევროპის ძალიან დიდი არქიტექტორები თოკავენ თავიანთ ამბიციებს, როდესაც ისტორიას ეხებიან. ჩვენები ვერ თოკავენ.

ქვეყნდება შემოკლებით. ვიდეოჩანაწერს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ:

_________________

_________________
შეხვედრა გაიმართა პროექტის „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების  პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში.  პროექტის  მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

გადაბეჭდვის წესი


ასევე: