კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბათუმში ისტორიული სახლის გადარჩენის ოპერაცია დანგრევით დასრულდა – მერია დუმს

01.12.2025 •
ბათუმში ისტორიული სახლის გადარჩენის ოპერაცია დანგრევით დასრულდა – მერია დუმს

ბათუმში, გამსახურდიას #11-ში მდებარე ისტორიული სახლი ჯერ უსაფრთხოების ლენტით შემოსაზღვრეს, შემდეგ კი „მიწასთან გაასწორეს“. ასე გათავისუფლდა ადგილი ბათუმის ისტორიულ ზონაში სამშენებლოდ.

ერთ კვირაზე მეტია, რაც „ბათუმელები“ მერიისგან ელოდება პასუხს კითხვებზე: ვინ გადაწყვიტა შენობის საბოლოოდ დანგრევა და რას ეყრდნობოდა ეს გადაწყვეტილება? არსებობს თუ არა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა? მერია კითხვებს არ პასუხობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მერია ანგარიშვალდებულებას არ გრძნობს საზოგადოებასთან, არ სურს განმარტების გაკეთება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზეც კი, როგორიც არის ისტორიული შენობის განადგურება და ძველი ბათუმის იერსახის შეცვლა.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში ბათუმის მერიამ სწორედ ძველი ბათუმის ისტორიული იერსახის შესანარჩუნებლად, ძეგლების აღწერისა და აღრიცხვის მიზნით, სპეციალური ზონის შესაქმნელად არაერთი დოკუმენტის მომზადება და კვლევა დააფინანსა ქალაქის ბიუჯეტიდან.

ისტორიული სახლი გამსახურდიას ქუჩაზე, ძველ ბათუმში, 2025 წლის თებერვალში ჩამოინგრა, მანამდე კი შენობა წლების განმავლობაში იყო სახურავის გარეშე. შენობა 2013 წლის 21 სექტემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად ნაწილობრივ დაიწვა, რის გამოც საცხოვრისის პრობლემა შეექმნა 9 ოჯახს. შენობაში რამდენიმე წლის განმავლობაში წვიმდა და თოვდა. არც ერთ პასუხისმგებელ ორგანოს არ უზრუნია ისტორიული სახლის გადახურვაზე, რომ მისი გადარჩენა რეალურად შესაძლებელი ყოფილიყო.

ბათუმი, გამსახურდიას #11 – ასე გამოიყურებოდა შენობა წლების განმავლობაში ვიდრე ჩამოინგრეოდა

სახლი 2025 წლის თებერვალში ჩამოინგრა

ორსართულიანი სახლი, გამსახურდიას #11-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ იყო, თუმცა, გარდა იმისა, რომ ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობდა, ღირებული იყო მისი არქიტექტურაც.

ბათუმის ყოფილი მერი, ლაშა კომახიძე, წლების წინ ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ ისტორიული სახლის, როგორც ძველი ბათუმის განაშენიანების ნაწილის გადარჩენაზე, მერია იზრუნებდა, გადარჩენის გეგმაც კი გაახმოვანეს.

გამსახურდიას #11

ისტორიული შენობის მოვლა-პატრონობაზე ბათუმში ორი უწყებაა პასუხისმგებელი, ეს არის მერია და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.

„გადარჩენის გეგმის“ მიხედვით შენობა სრულად უნდა გამოესყიდათ. მერიას მესაკუთრეებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობი საბინაო ფონდიდან უნდა შეეთავაზებინა, შემდეგ კი უნდა ეპოვა ინვესტორი, რომელიც აიღებდა პასუხისმგებლობას ამ შენობის ავთენტური სახით აღდგენაზე, სანაცვლოდ კი შეძლებდა მის გამოყენებას კომერციული მიზნებისთვის ან შესყიდვას მისი იერსახის შენარჩუნების პირობით.

მერიამ ამ გეგმის გამხორციელებაზე მუშაობა დაიწყო კიდეც, რამდენიმე კერძო საკუთრება გამოისყიდეს, თუმცა, როგორც ბევრი სხვა, ეს პროექტიც იმდენ ხანს გააჭიანურეს, რამდენიც სახლის ჩამონგრევას დასჭირდა.

გეგმის გახმოვანების შემდეგ, ისტორიული სახლის გადარჩენის პროექტი, აჭარის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, პირველ წარმატებულ მაგალითად დაასახელა, როცა ბათუმის მერიამ მოახერხა მესაკუთრეებთან შეთანხმება მათ საკუთრებაში არსებული ბინების ალტერნატიულ ფართობებში გაცვლაზე.

2018 წელს საკრებულოსთვის გაგზავნილ განმარტებით ბარათში მერია წერდა, რომ ისტორიულ სახლს პირობიანი აუქციონის წესით გაასხვისებდა, ერთ-ერთი პირობა კი შენობის პირვანდელი იერ-სახის აღდგენა და მასში საზოგადოებრივი ობიექტის მოწყობა იქნებოდა. შემდეგ კი მერიამ ეს დოკუმენტი დააზუსტა, მასში მხოლოდ ერთი პირობის შესახებ ჩაწერეს, რომ მყიდველს საფასური 30 დღის ვადაში უნდა დაეფარა.

2023 წელს, უკვე არჩილ ჩიქოვანის მერობის პირობებში, ბათუმის მერიამ ეს სახლი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანა.

ამ წლების განმავლობაში დღის წესრიგში არასდროს დამდგარა შენობის მდგრადობის საკითხი, მეტიც, მერია შენობის პირველ სართულზე კომერციული ობიექტების მოწყობის პროექტებს ითანხმებდა და შესაბამის ნებართვებსაც გასცემდა.

მაგალითად, ამ შენობაში ფასადის ნაწილის რეკონსტრუქციის, კერძო ვიტრაჟის შეცვლის შეთანხმების თაობაზე მერიის მიერ 2024 წელს გაცემულ შეთანხმების დოკუმენტში ვკითხულობთ:

„თუ სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები გავლენას მოახდენს ობიექტის კონსტრუქციულ სიმტკიცეზე, მდგრადობასა და საიმედოობაზე, ასევე, ნაგებობის ცალკეული ნაწილების შეერთების კვანძებზე და საძირკველზე, წინამდებარე ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ისე განახორციელოს სამუშაოები, რომ შეინარჩუნოს ობიექტის სიმტკიცე, მდგრადობა და წონასწორობა ასევე, უზრუნველყოს მზიდი კონსტრუქციებისა და საინჟინრო სისტემების საიმედოობის შენარჩუნება, მაქსიმალურად დაიცვას ტექნიკური რეგლამენტებით და საექსპერტო დასკვნით დადგენილი მოთხოვნები.

აღნიშნულის შეუსრულებლობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება წინამდებარე ნებართვის მფლობელს. თუ I და II კლასების შენობა -ნაგებობების მშენებლობის პროცესში მშენებლობის ნებართვების მფლობელი არ ნიშნავს მშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველს, თანახმად ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” 121-ე მუხლისა, მაშინ წინამდებარე ნებართვის მფლობელი ვალდებულია თავად განახორციელოს მშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველობა, პერმანენტულად შეამოწმოს მშენებლობაზე დასაქმებული სპეციალისტების მიერ მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვა და მათი დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს“.

როცა მერია წერს, რომ განმცხადებელმა მაქსიმალურად უნდა დაიცვას „საექსპერტო დასკვნით დადგენილი მოთხოვნები“ – ეს ნიშნავს, რომ ასეთი დასკვნა მერიას ჰქონდა ? – პასუხი არც ამ კითხვაზე გვაქვს, იგივე მიზეზით – ბათუმის მერიაში კითხვებს არ პასუხობენ.

საჯარო რეესტრის უახლესი ამონაწერის მიხედვით, აქ საკუთრებას ინარჩუნებდა 4 მესაკუთრე [ძირითადად კომერციულ ობიექტებს პირველ სართულზე], სახლის დიდი ნაწილი კი მერიას საკუთრებად ჰქონდა დარეგისტრირებული.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ისტორიული სახლი უსახურავობის გამო „გახდა არამდგრადი“ და შემდეგ ის დაანგრიეს. ნანგრევებზე კი, როგორც წესი, მაღლივ კორპუსებს აშენებენ.

მშენებელი კომპანიები, რომლებიც მომავალში მშენებლობის მიზნით კვარტალურ გეგმებს ამუშავებენ, შესაბამის კვლევებს უკვეთენ სპეციალისტებს, რომ შემდეგ ის მერიას წარუდგინონ. კვარტალური განაშენიანების გეგმა მოიცავს კვარტლის განაშენიანების საერთო ხედვას, არსებულის ანალიზს და საექსპერტო კვლევას რამდენიმე მიმართულებით.

ასეთ კვლევებში ხშირად ვხდებით სპეციალისტების დასკვნებს კონკრეტულ შენობებთან დაკავშირებით, რამდენად მდგრადია მათი კონსტრუქციული ნაწილი და ექვემდებარება თუ არა აღდგენას. უარყოფითი დასკვნების შემთხვევაში ხშირად გვხვდება ექსპერტების განმარტება, რომ შენობას მოუვლელობა, განსაკუთრებით კი წლების განმავლობაში უსახურავოდ დატოვება აზიანებს. ცხადია, როცა შენობაში წვიმს, ეს მას გადარჩენის შანსს არ უტოვებს.

გამსახურდიას #11 ში მდებარე სახლის გადასარჩენად მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენის საჭიროებაზე მერიას მოქალაქეებიც სწერდნენ და აფრთხილებდნენ.

მსგავსი სახლის ფოტო, რომელიც ნიუ ორლეანშია გადაღებული, სოციალურ ქსელში ბაჩუკი ჩხეიძემ გამოაქვეყნა წარწერით: „ზუსტად ასეთი შენობა გვაქვს ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, რომელიც შეგნებულად ნადგურდება.“

მსგავსი სახლი ნიუ ორლეანში. აშშ-ში.

მის სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეები წერენ, რომ მათთვის სამწუხაროა, რომ ქალაქმა ძველი იერ-სახე და ისტორიული განაშენიანება ვერც ერთ ნაწილში სრულად ვერ შეინარჩუნა.

ბათუმის მერია საზოგადოებას 2018 წლიდან არწმუნებდა, რომ ცდილობდა სახლის გადარჩენას, მაგრამ ვერ გადაარჩინა. ახლა საზოგადოებას აქვს კითხვა – ვერ შეძლო? თუ რეალურად ამ სახლს ახალი კორპუსისთვის ამზადებდნენ?

გაასხვისებს თუ არა მერია გამსახურდიას #11-ში უკვე გამოთავისუფლებულ ადგილს სამშენებლოდ, ეს მალე გამოჩნდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: