დღეს სინოდის სხდომის დასასრულს ზოგიერთმა მიტროპოლიტმა და მთავარეპისკოპოსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, უმრავლესობამ კი საპატრიარქოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმაც:
„სინოდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოვითხოვოთ მამა გიორგის შეწყალება. უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე კი სინოდზე სიტყვა არ თქმულა, რადგან ყველა საკითხის განხილვას სჭირდება დრო და ენერგია.
სამი საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, იყო ძალიან შრომატევადი და მძაფრი. სინოდის სხდომის დრო ამოიწურა და ერთი ითქვა, რომ სავარაუდოდ, სინოდის სხდომების რაოდენობა გაიზრდება წლის განმავლობაში. არ ვიცი, წელს ჩატარდება თუ არა, მაგრამ პატრიარქის ინტრონიზაციის, 25 დეკემბრის წინა დღეებში, ყოველთვის ტარდება სინოდის სხდომა,” – განაცხადა მიტროპოლიტმა tv ფორმულა-ს პირდაპირ ეთერში.






