მთავარი,სიახლეები

კობახიძემ საპატრიარქოს 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოუყო სარეზერვო ფონდიდან

22.05.2026
კობახიძემ საპატრიარქოს 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოუყო სარეზერვო ფონდიდან

„ქართული ოცნების“ მთავრობამ საქართველოს საპატრიარქოს 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოუყო სარეზერვო ფონდიდან.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, ამ თანხით დაფინანსდება ღონისძიებები, რომლებიც ეძღვნება „საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს“.

სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონის გამოყოფის განკარგულებას ირაკლი კობახიძემ ხელი 21 მაისს მოაწერა.

მთავრობის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ღონისძიებები 2026 წლის პირველი ივნისიდან მიიღებს „მასშტაბურ სახეს“ და მოიცავს როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას, ასევე სამეცნიერო კონფერენციებს და სტუდენტურ ექსპედიციებს.

„ღონისძიებები სვეტიცხოვლობის დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება. 14 ოქტომბერს, დაგეგმილია სიმპოზიუმი თემაზე – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“- ნათქვამია „ქართული ოცნების“ მთავრობის ფეისბუქის გვერდზე განთავსებულ პოსტში.

ამავე დროს, მთავრობის კანცელარიის წინ, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები და თავად ბავშვები, ერთ თვეზე მეტია, საპროტესტო აქციას მართავენ და წამალს ითხოვენ.

მშობლებს, რომლებიც ღია ცის ქვეშ ათენებენ ღამეებს, პოლიცია არც კარვის გაშლის უფლებას აძლევს და პლედების შეტანასაც კი უკრძალავდა კანცელარიის ეზოში.

დიუშენით დაავადებული ბავშვების წამლის შეძენასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ„ბიუჯეტი ხალხის ფულია“ და „რაციონალურად“ უნდა გაიხარჯოს.

დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის წამლის შეძენის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეებმა პეტიციაც გაავრცელეს და ფაქტობრივად ყოველ დღე იმართება საპროტესტო აქცია წამლის მოთხოვნით, ამავე დროს, „ილიაუნის“ სტუდენტებმა ერთ დღეში 300 000 ლარამდე თანხის შეგროვება შეძლეს საქველმოქმედო კამპანიით.

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საპატრიარქოშიც მივიდნენ. თავდაპირველად, მათ არავინ შეხვდა, თუმცა მოგვიანებით, 19 მაისს, მათ მოახერხეს ახალ პატრიარქთან, შიო მესამესთან შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ მშობლებმა განაცხადეს, რომ საპატრიარქო მათ დაჰპირდა საქველმოქმედო ფონდის დაარსებას, სადაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებდა თანხების გადმორიცხვას დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: