ბათუმში, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მკვეთრი ფერებით გადაღებეს. ასეთი ჩარევა კი მიუღებელია.
შენობა კომპანია „სოდი ინვესტმენტს“ ეკუთვნის, რომელიც მე-19 საუკუნეში აგებული, მოდერნის სტილის შენობას რესტავრაციას უტარებს.
მფლობელი ძეგლის იერ-სახეში ჩაერია და შენობაზე არსებული ორნამენტები ფერადი საღებავებით შეღება. ძალიან მკვეთრი ფირუზისფერი და ფორთოხლისფერი ფერებით, რაც არ არის დამახასიათებელი არსებული მოდერნისტული შენობისთვის.
„ბათუმელები“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ იყო შენობაზე არსებული ორნამენტების მკვეთრ ფერებში გადაღებვა სააგენტოსთან შეთანხმებული და თუ არა, რა შესაბამისი ზომები მიიღეს?
სააგენტოს ხელმძღვანელი, ლაშა მიქელაძე ამბობს, რომ „იყო გადაცდომები“ და ის, რაც არ იყო შეთანხმებული სააგენტოსთან, „შესაბამისობაში მოვა“.
„პროექტის დეტალები ნამდვილად არ მახსოვს ზეპირად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ის რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო გადაღებვის ნაწილში, ეს არ იყო შეთანხმებული და ძეგლს დაუბრუნდება პირვანდელი სახე“, – ამბობს ლაშა მიქელაძე.
ძველი მოდერნის სტილის შენობა, რომელიც XIX საუკუნეშია აშენებული, ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია საქართველოში ამ სტილის ნაგებობებიდან.
შენობას აქვს მკაფიოდ ინდივიდუალური გეგმარება და მხატვრული კომპოზიცია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო შენობაა ბათუმში და, ბუნებრივია, მისი იერ-სახის შეცვლა, მცირე ჩარევაც კი დაუშვებელია.
შენობა წლების წინ სიმბოლურ, 1 ლარად არის გასხვისებული. ამ შენობის მფლობელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას კომპანიაა.

ისტორიული შენობის თავდაპირველი სახე.
„ბათუმელები“ ცდილობს შენობის მფლობელ კომპანიასთან დაკავშირებას, რომ მათი პოზიციაც მოვისმინოთ ორნამენტების გადაღებვაზე, თუმცა ამ ეტაპზე მათთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.
სატელეფონო ზარებს არც კომპანია „ნექსთის“ წარმომადგენელი პასუხს. შენობაზე გამოკრული ბანერების მიხედვით, ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეს კომპანია უნდა ასრულებდეს.
___
ვიდეო:






