მთავარი,სიახლეები

შეცდომები, რომლებიც პირველკლასელის მშობლებმა არ უნდა დაუშვან

26.09.2019 • 5312
შეცდომები, რომლებიც პირველკლასელის მშობლებმა არ უნდა დაუშვან

ბავშვისთვის პირველ კლასში წასვლა ერთ-ერთი პირველი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ეტაპია. ბავშვთა ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ ბავშვს საამისოდ წინასწარი შემზადება სჭირდება. გარდა ამისა, ფსიქოლოგი გვიზიარებს რამდენიმე ძალიან გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც მშობლები პირველკლასელ ბავშვთან მიმართებაში უშვებენ.

რატომ არის საჭირო ბავშვის სკოლისთვის მომზადება და როგორ უნდა მოხდეს ეს?

პირველი კლასი ბავშვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პირველი ნაბიჯია, საამისოდ საჭიროა, რომ ის სწორად მოვამზადოთ. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ბავშვებს სკოლას ვუხატავთ, როგორც საზეიმო, სადღესასწაულო დაწესებულებას, სადაც მივლენ და მხოლოდ სასიამოვნო ამბები დახვდებათ: “აი, შენ ახლა ჩანთა გექნება, ზურგზე მოიკიდებ, ახალ ფორმას ჩაგაცმევ, სკოლაში წახვალ, ახალი მეგობრები გეყოლება…” ყველაფერს ძალიან მხიარულად და ბედნიერად ვუსახავთ.

ჩვენ არ ვუხსნით ბავშვებს რეალობას, არ ვეუბნებით, სკოლაში იმის გამო მიდის, რომ ისწავლოს, რომ იქ ელოდება შრომა, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება არც თუ ისე მარტივი იყოს. ეს წინასწარ უნდა მივაწოდოთ ბავშვს და ვუთხრათ, რომ შენ იქ მოგიწევს ბევრი სწავლა, მაგიდასთან ჯდომა და ა.შ.  მაგრამ  სამაგიეროდ შენ მიიღებ საჩუქრად იმას, რომ გეცოდინება წერა-კითხვა, ეს კი საშუალებას მოგცემს, შენით წაიკითხო ის, რაც მოგინდება, შეგეძლება დაწერო, რაც მოგესურვება და ა.შ.

უნდა შევამზადოთ ბავშვები სირთულეებისთვის, იმისთვის, რომ ის გარკვეული დროით უნდა იჯდეს გაკვეთილზე და შეიკავოს ის ენერგია, რაც მას აქვს (რაც ძალიან რთულია), რომ უნდა იყოს ყურადღებით. ამავდროულად ბავშვი უნდა განეწყოს იმისთვის, რომ მას ყველაფერი გამოუვა.

წინასწარი შემზადების ვადა ინდივიდუალურია, ზოგიერთი ბავშვი ისეთი მონდომებულია, სულ არ სჭირდება შემზადება, ზოგი კი ბევრად უფრო ადრე უნდა შეამზადო ყველაფრისთვის. ამ საკითხებზე საუბარი უმჯობესია ზაფხულში, სკოლის მოახლოების პერიოდში დავიწყოთ. წლობით მზადება არ არის საჭირო.

თხოვნის არასწორი ფორმულირება

ყველაზე მთავარი შეცდომა, რომელსაც, ზოგადად, ბავშვის აღზრდაში ვუშვებთ არის ის, რომ ჩვენ ვცდილობთ ბავშვის აღზრდას აკრძალვებით – ეს არასწორია. როცა სკოლაში მიყვანილ ბავშვს ვეუბნებით: არ იხმაურო, არ იჩხუბო, არ ადგე სკამიდან, არ… არ… არ… მის  ქვეცნობიერს ეს “არ” – არ აინტერესებს, არ ესმის. ბავშვები ძირითადად ხატოვნად აზროვნებენ, გამოსახულებებით. როცა ვეუბნებით “არ ადგე”, ის გამოსახულებას ხედავს – ადგომას, “არა” ქრება და “ადგე” რჩება. გამოდის, რომ არასწორად ვეუბნებით ყველაფერს. ჩვენ კი არ უნდა ვუთხრათ “არ იხმაურო”, “ნუ იცელქებ”… არამედ  გავუშვათ საპირისპირო დადებითი სიგნალები,  ანუ  პოზიტიურად დავმოძღვროთ ბავშვები და ვუთხრათ: “კარგად მოიქეცი”, “ყურადღებით იყავი”, “მასწავლებელს მოუსმინე” და ა.შ.

პირველკლასელის მშობლის პირველი შეცდომა

პირველი შეცდომა, რასაც ისინი უშვებენ, არის ის, რომ სკოლაში მისვლის პირველივე დღეებიდანვე ითხოვენ ბავშვებისგან ზე-აქტიურობას, თავის გამოჩენას და თვითპრეზენტაციას გაკვეთილზე. თუ ბავშვი კლასში არ აქტიურობს, ან რაიმე კითხვაზე არ უპასუხა, ამის გამო იწყება საყვედურები, ეს საყვედურები ბავშვებისთვის ძალიან მძიმე და მტკივნეულია. მიუხედავად იმისა, რომ დაწყებითებში შეფასება არ იწერება, მშობელმა თავიდანვე უნდა სცადოს, რომ სწავლის პროცესში ბავშვი არ იყოს შეფასებაზე ორიენტირებული. მშობელმა უნდა უთხრას, რომ გაკვეთილის მოსმენის შედეგად შენ გეცოდინება წერა-კითხვა და იქნები ძალიან მაგარი, რადგან შენ თვითონ წაიკითხავ იმ ზღაპარს, რომელსაც მე გიკითხავ, რომელიც შენ ასე ძალიან გიყვარს… ცოტა რომ წამოიზრდება ვეუბნებით, რომ სწავლის შედეგად კარგი ექიმი გამოხვალ და ა.შ.

რა დოზით უნდა ჩაერიოს მშობელი პირველკლასელი ბავშვის სასკოლო კონფლიქტებში?

ზოგადად, მშობლები ნაკლებად უნდა ჩაერიონ პატარების კონფლიქტებში. რადგან სკოლაში მიგვყავს ბავშვი, ესე იგი, სკოლას ვანდობთ ბავშვს, სადაც არის მასწავლებელი და დამრიგებელი, რომლებიც ზრუნავენ ბავშვის კეთილდღეობაზე, ბავშვის განწყობაზე…

თუ ბავშვებს თუნდაც პატარა წაკამათება მოუვათ, მშობელი ამაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოს. ეს საქმე ბავშვს უნდა მივანდოთ. ძალიან ხშირია, რომ მიდიან მშობლები სკოლაში და იწყებენ საქმის გარჩევას, შენ ჩემს შვილს ეს რატომ უთხარი და ა.შ. არავის აქვს უფლება სხვისი შვილი დატუქსოს.

გარდა ამისა, ამით მშობელი ერთგვარ “დათვურ სამსახურს” უწევს ბავშვს. თუ მშობელი მუდმივად მის მაგივრად ჭრის პრობლემებს, ეს შემდგომში აისახება ბავშვზე. ასეთი ბავშვები იზრდებიან უპასუხისმგებლოები და ისევ მშობლები იმკიან ამ არასწორად დათესილ მოსავალს. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია ბავშვებს მივცეთ მეტი დამოუკიდებლობა, მეტი თავისუფლება, მათ ურთიერთობებში არ ჩავერიოთ და როდესაც სკოლიდან მოვლენ, მოვუსმინოთ მათ, მოვაყოლოთ სკოლაში ვიღაცასთან თუ იკამათა ან იჩხუბა. ეს უნდა დაცალოს ბავშვმა, სახელდება უნდა მოხდეს ემოციების, უნდა თქვას მე გავბრაზდი… რათა  შემდეგ ბრაზის მართვა მოხდეს. ამიტომ უნდა მოვუსმინოთ, თანავუგრძნოთ მათ: “უი, ეს როგორ მომხდარა, მესმის შენი”, მერე უნდა ვუთხრათ: “მე მჯერა, რომ შენ ხვალ ამას თვითონ მოაგვარებ. მოდი, აბა, სცადე, მეგობრობა მაინც უკეთესია…”. სახლში დაბრუნებულ ბავშვს ნუ დავხვდებით კარებში კითხვებით – აბა, რა ქენი? მასწავლებელმა რა გითხრა?… მშვიდად დავხვდეთ და დაველოდოთ სანამ თვითონ არ მოინდომებს, რომ გვითხრას რაღაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ რეალურად ვხედავთ იმის საფრთხეს, რომ ჩვენი ან სხვისი ბავშვი შეიძლება დაზიანდეს, აუცილებლად უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში პედაგოგი და შემდეგ დირექციაც, თუ ამის აუცილებლობა არის. თუმცა პირველკლასელებთან ეს ძალიან იშვიათია.

თუ კი ბავშვი წინააღმდეგია სკოლაში წასვლის

პირველი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ბავშვს არ სურდეს სკოლაში სიარული, შეიძლება იყოს ის, რომ ბავშვს დაუხატეს სკოლა ზედმეტად პოზიტიურად, ბავშვი მივიდა და აღმოჩნდა, რომ მერხთან უნდა იჯდეს და არ მოეწონა. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს სიძნელეები, თუნდაც ათვისების – ვერ აითვისა პირველად რაც მიაწოდეს, ბავშვი შეშინდა და დაიბნა. ასევე, მესამე შეიძლება იყოს ბავშვის ამბიციები – არიან ბავშვები, რომლებსაც ძალიან უნდათ, რომ იყვნენ ლიდერები, მაგრამ უცებ ვერ მოახერხეს ეს ლიდერობა და მიიჩნიეს, რომ ვიღაცამ დაჩრდილა, ამის გამო დაყარეს ფარ-ხმალი და აღარ უნდათ იქ წასვლა. ეს მაშინ ხდება, როცა ბავშვი სახლში კერპად არის ქცეული. ბავშვებს, რომლებსაც სახლში ყველაფრის მიღება შეუძლიათ, თავიანთი სიჯიუტით, ძალიან უჭირთ სკოლასთან შეგუება იმიტომ, რომ იქ ეს არ გამოსდით. ასეთ ქცევას აყალიბებს (განსაკუთრებით მაშინ, როცა ქცევა გვაქვს დარღვეული) შემთხვევები, როცა დედა სჯის ბავშვს, მაგრამ ბებია ეფერება, მამა სჯის, მაგრამ ბაბუა ეფერება და ა.შ. მაგრამ შეიძლება უბრალოდ სიახლეების შიშიც იყოს…

როგორ ვიქცევით ამ დროს? – პირველ რიგში, მშობელი უნდა დაჯდეს, მოუსმინოს ბავშვს, კარგად აახსნევინოს და გაუგოს, რატომ ეშინია, რატომ არ უნდა სკოლაში წასვლა. თუ ძალიან ინერვიულა,  შეიძლება ერთხელ დავტოვოთ კიდეც ბავშვი სახლში, მაგრამ ეს თუ რამდენჯერმე მოხდა, შემდეგ საერთოდ აღარ წავა სკოლაში, შინ კომფორტის ზონას შეიქმნის და დარჩება განათლების გარეშე, ამის უფლება კი ნამდვილად არ გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ არ გავუშვით ბავშვი სკოლაში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ უნდა შევუქმნათ სახლში კომფორტის ზონა. მაგალითად, არ წავიდა ბავშვი სკოლაში, იტირა, იწუწუნა, ვერ ადგა დილით საწოლიდან,  შემდეგ ადგა და მთელი დღე დაჯდა კომპიუტერთან მულტფილმებს უყურა… მეორე და მესამე დღეს ეს ბავშვი არავითარ შემთხვევაში სკოლაში არ წავა.  მაგრამ თუ ბავშვს სახლში კომფორტი არ ექნება შექმნილი, ბავშვებთან ურთიერთობა მისთვის უფრო სასურველი გახდება და სკოლაში წასვლას არჩევს.

როგორ უნდა ვამეცადინოთ ბავშვი

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყველა გაკვეთილი ზედიზედ მიყოლებით მოამზადოს ბავშვმა. სკოლიდან დაბრუნებული ბავშვი აუცილებლად ცოტა ხანი უნდა მოდუნდეს და დაისვენოს, სასურველია, ერთი საათი-საათნახევარი მაინც მოისვენოს (თუ გახანგრძლივებულში არ რჩება).

როცა ბავშვი დაისვენებს, უნდა შევუქმნათ მეცადინეობისთვის განწყობა, შევახალისოთ სწავლაზე – “რა კარგია ახლა, რომ გაკვეთილებს მოამზადებ და მასწავლებელს აჩვენებ, ნახე როგორ მოეწონება, შენც ძალიან კმაყოფილი იქნები… მოდი, ახლა დავსხდეთ და ვიმეცადინოთ”.

ერთ გაკვეთილს რომ მოამზადებს, მინიმუმ 10 წუთი მაინც უნდა მივცეთ შესვენება, მერე გადავდივართ მეორე საგანზე. სულთამხუთავივით თავზე არ უნდა დავადგეთ, თუ ვხედავთ, რომ უჭირს, დავასვენოთ. მშობელმა შესთავაზოს, მოდი ერთად ვიმეცადინოთ, ჯერ  მე დავწერ და მერე შენ დაწერე. რაც შეიძლება ხშირად გაუმეოროს,  ,,შენ ამას შეძლებ, გამოგივა…“.

ძალიან კარგია, თუ გამოვიყენებთ თამაშის პრინციპს – “ვინ უფრო სწრაფად და ვინ უფრო ლამაზად დაწერს”, ეს პატარა შეჯიბრი მასთან ერთად გააკეთეთ. ასევე პირველკლასელი ბავშვების მშობლებს ვურჩევდი, თუ უჭირს ბავშვს ციფრების და ასოების დამახსოვრება, აიღონ პლასტელინი და გამოაძერწინონ ისინი. არაჩვეულებრივად მუშაობს ეს მეთოდი. ძერწვის დროს ბევრი კოგნიტური უნარი აქტიურდება, რაც ხელს უწყობს მასალის ათვისებას.

დილით ადრე გაღვიძება

აუცილებელია, ბავშვი გააღვიძოთ ძალიან ფრთხილად. ბავშვი უნდა გააღვიძოს მშობელმა მომღიმარი სახით და არა ყვირილით – “დროზე ადექი, გოგო, სკოლაში გაგვიანდება”. ბავშვს დილით უნდა ესმოდეს მშვიდი ხმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფსიქიკისთვის. არ უნდა ავაჩქაროთ დილით, ჯობია დრო წინასწარ გავთვალოთ, ცოტა ადრე გავაღვიძოთ და  ლოგინში ნებივრობის ცოტა დროც ჰქონდეს. თუ ჩვენ რამეს ვერ ვასწრებთ, ამაში ჩვენი შვილები სულაც არ არიან დამნაშავეები.

აუცილებელია, რომ ბავშვი ვასაუზმოთ, პირველი კლასიდან უნდა გამოიმუშაოს ბავშვმა დღის რეჟიმი. დილით ტვინმა უნდა მიიღოს საკვები, რადგანაც წინ დიდი შრომა ელის და ენერგია სჭირდება.

ბონუსრჩევები:

არასოდეს ვესაუბროთ მასწავლებელს ბავშვის შესახებ ბავშვის თანდასწრებით. პედაგოგთან გასაუბრებას ბავშვი არ უნდა ესწრებოდეს. თუ რაიმე შენიშვნა არსებობს ბავშვთან მიმართ, ეს ჩვენ, უფროსებმა, უნდა გავარჩიოთ. ეს ბავშვებზე სერიოზულ ზეგავლენას ახდენს.

როდესაც ტვინი მუშაობს, მას აუცილებლად სჭირდება წყალი. წყლის მიღება ხელს უწყობს იმ ენერგიის აღდგენას, რომელიც გვეხმარება კოგნიტური უნარების მაქსიმალურ გამოყენებასა და სწრაფად აზროვნებაში. აზროვნების დროს ბავშვები იძაბებიან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წყლის საშუალებით მოხდეს ამ დაძაბულობის განეიტრალება. ბოთლით წყალი ბაშვებისთვის უნდა იყოს ყოველთვის ხელმისაწვდომი. პედაგოგებსაც ვთხოვთ, რომ დართონ ბავშვებს ნება, ედგათ მაგიდაზე ბოთლით წყალი.

პირველკლასელ ბავშვს ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული შეკავების უნარი. ზოგჯერ, როცა მათ საპირფარეშოთი სარგებლობა სურთ, პედაგოგები ეუბნებიან, რომ მოითმინონ და გაკვეთილის დამთავრების შემდეგ დატოვონ კლასი. ეს ფიზიოლოგიურად ჯერ კიდევ რთულია მათთვის, ბავშვებს საამისოდ ძალიან დიდი ენერგია სჭირდებათ და ეს მათთვის კიდევ ერთი სირთულეა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: