განათლება,მთავარი,სიახლეები

„საუკეთესო მასწავლებელი“-კონკურსი პედაგოგებისთვის

23.09.2019 • 1159
„საუკეთესო მასწავლებელი“-კონკურსი პედაგოგებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით ცხადდება კონკურსი „საუკეთესო მასწავლებელი“.

კონკურსი შეეხება ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს. ცენტრის ინფორაციით, „თითოეული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად.

კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და პედაგოგი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს კანდიდატად.

რეგისტრაციის ვადა: 23 სექტემბერი, 2019 – 7 ოქტომბერი 2019.

კონკურსში გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საგნის და მისი სწავლების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა – რაც გამოვლინდება წერილობით (მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შემოწმება) და ზეპირად (ვიდეოჩანაწერი) წარმოდგენილი „ჩემი პედაგოგიური კრედოს“ საშუალებით (ვიდეო წარმოდგენილი უნდა იყოს იმ ენაზე, რომელსაც ასწავლის მასწავლებელი) ასევე, მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დასწრებით;

ბ) შემოქმედებითი უნარების დემონსტრირება – რაც გამოვლინდება მასწავლებლის მიერ გამოქვეყნებული მასალებით (წერილები, მეთოდური და სასწავლო ლიტერატურა, ბლოგი);

გ) მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა – რაც დადასტურდება მოსწავლეების ქცევის, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ამსახველი მასალით;

დ) სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება – რაც დადასტურდება გაკვეთილზე დასწრებით და სხვა გაკვეთილების გეგმების გაცნობით;

ე) ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სწავლება – რაც გამოვლინდება ეთნიკური, კულტურული, რელიგიური განსხვავებულობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებით;

ვ) საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა – რაც გამოვლინდება მასწავლებლის მონაწილეობით სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი რეპუტაციით და აღიარებით თემის, ადგილობრივი მოსახლეობის, კოლეგების, სკოლის ადმინისტრაციისა და ფართო საზოგადოების მიერ.

ზ) პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება – რაც დადასტურდება მასწავლებლის მუდმივი ზრუნვით როგორც საკუთარ, ისე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე (ჩართულობა პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობაში; პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა; დამწყები და მომავალი მასწავლებლების მხარდაჭერა კონსულტაციის, მენტორინგის ან სხვა საშუალებებით; სხვა სახის საქმიანობა პროფესიის პოპულარიზაციის მიმართულებით).

თ) სამომავლო განვითარების გეგმები – რაც გამოვლინდება სამომავლო გეგმების შეფასებით, თანმიმდევრულობისა და მრავალფეროვნების მიხედვით.

საკონკურსო პირობების გაცნობა დაინტერესებულ  პედაგოგებს შეუძლიათ მასწავლებლის სახლის ვებგვერდზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: