მთავარი,სიახლეები

საუკეთესო ფილმები ციხის ცხოვრებაზე

02.09.2019 • 14930
საუკეთესო ფილმები ციხის ცხოვრებაზე

ციხის ცხოვრებაზე გადაღებული ფილმების უმრავლესობა ბოევიკია, იშვიათად, მაგრამ ამ თემაზე კომედიებსაც იღებენ. ციხესთან ასოცირდება ადამიანურ შიშებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი – თავისუფლების დაკარგვის შიში. მოცემულ ფილმებში  პატიმრების თვალით შიგნიდანაა დანახული ციხის ცხოვრება. ყველა თანხმდება, რომ დანაშაულისთვის სასჯელის მოხდა ლოგიკურია, მაგრამ ციხის თემაზე გადაღებულ ფილმებში ნაჩვენები გარემოებები მოვლენებს სულ სხვა მხრიდან წარმოაჩენს და მთავარი გმირების, პატიმრების მიმართ თანაგრძნობით ავსებს მაყურებელს.

 

მეცამეტე – 13th (2016)

დოკუმენტური ფილმი ამერიკის ციხის ცხოვრებას აღწერს და აჩვენებს მაყურებელს რა როლი აქვს რასობრივ თანასწორობას ერის ცხოვრებაში.

ფილმის სათაური ამერიკის კონსტიტუციის მეცამეტე თავს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც მონობა გაუქმებულია, მაგრამ ფილმი აჩვენებს, რომ ეს მხოლოდ ზედაპირული შეთანხმებაა და მონობა ციხეში დანაშაულისთვის სასჯელის ფორმადაც გამოიყენება, რიგ შემთხვევებში.

დოკუმენტური ფილმი აღწერს ციხის ბიზნესის ნამდვილ ისტორიას და უდიდეს მოგებას, რასაც მასობრივად იღებენ პატიმართა მონური შრომის ხარჯზე.

 

თორმეტწლიანი ღამე – A Twelve Year Night (2018)

ურუგვაი, 1973 წელი. ტუპამაროელი პარტიზანების ნაწილი, ვინც სამხედრო დიქტატურასთან სასტიკ დამარცხებას გადაურჩა, დააპატიმრეს და უმოწყალოდ აწამეს. მათ ციხის კედლებში 12-წლიანი გამოკეტვა ელით.

ფილმში რამდენიმე მთავარ გმირს სამხედრო დიქტატურის წარმომადგენლები იტაცებენ. გამტაცებლებს ეკრძალებათ პატიმრების დახოცვა, მაგრამ არ ეკრძალებათ მათი სიგიჟის ზღვრამდე მიყვანა და წამება.

სამი პატიმარი ცალ-ცალკე, ერთკაციან საკანში იხდის სასჯელს და ასე უნდა გაგრძელდეს 12 წელი.

2018 წლის ეს ფილმი რეჟისორმა ალვარო ბრენჩერამ გადაიღო და ამავე წელს კანის კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა.

 

შუაღამის  თავისუფლება (2018) – Freedom at Midnight (2018)

ინდური თრილერი ჩვეულებრივ ადამიანზე მოგვითხრობს, რომელიც სასტიკ ციხეს აღწევს თავს და გაქცევის ურთულეს გეგმას ადგენს საყვარელი ქალის გადასარჩენად. ეს თითქოს კარგად ნაცნობი სიუჟეტი, მსახიობების ოსტატობით, გაქცევის სულ სხვანაირი ისტორიაა. ფილმი გამორჩეულია იმითაც, რომ ციხის ეპიზოდები ინდოეთში, ტირუვანანტაპურამის ციხეშია გადაღებული და ყველა სცენა რეალისტურია.

 

სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი – The Stanford Prison Experiment (2015)

ჰოლივუდური ფილმი ციხის საშინელ ექსპერიმენტზეა. 1971 წელს სტენფორდელი პროფესორი ფილიპ ზიმბარდო 20 სტუდენტს ექსპერიმენტში მონაწილეობას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც მათ ციხის ზედამხედველებისა და პატიმრების როლები უნდა მოირგონ. იმიტირებული ციხე სტენფორდის უნივერსიტეტის სარდაფშია მოწყობილი. ფილმი აჩვენებს რა ემართებათ ადამიანებს, როცა საკუთარ სოციალურ როლში ბოლომდე შედიან და სისტემურ მოწყობას პროტესტის გარეშე ემორჩილებიან. ფილმის სიუჟეტი პროფესორ ზიმბარდოს რეალური ექსპერიმენტის ფაქტებზეა აგებული.

 

შემდეგი სამი დღე – The Next Three Days (2010)

ფრანგული ფილმის ამ რიმეიქში მთავარ როლებს რასელ ქროუ, ელიზაბეტ ბენქსი და ლიამ ნისონი ასრულებენ. ბენქსის გმირი ქალი ირწმუნება, რომ ის შეცდომით დაადანაშაულეს საკუთარი ბოსის მკვლელობაში, რისთვისაც სამუდამო პატიმრობას უსჯიან.

ქალი მკვლელობის ადგილის დატოვებისას ნახეს და მისი თითის ანაბეჭდები იარაღზეც აღმოჩნდა. პატიმრის მეუღლე, ჯონი, რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობს ცოლის ციხიდან დახსნას. საბოლოოდ ჯონი ლარას ციხიდან გატაცების გეგმას შეიმუშავებს. რასელ ქროუს პერსონაჟი ციხიდან გაქცევის ოსტატი აღმოჩნდება.

 

გაქცევა შოუშენკიდან – Shawshank Redemption (1994)

მე-20 საუკუნის 40-იანი წლები წარმატებული ბანკირი ენდი დუფრეინი ახალ ცხოვრებას იწყებს შოუშენკის ციხეში. ის ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობისათვის იხდის სასჯელს. თუმცა, ფილმის ფინალში გამოჩნდება, რომ მკვლელი სრულიად სხვა ადამიანია. თავის ცოდნას ყოფილი ბანკირი ციხის ამორალური ზედამხედველისთვის ბუღალტრად მუშაობაში იყენებს. მთავარ გმირს პატიოსნების და გათავისუფლების მუდმივი იმედის გამო ციხეში ხანგრძლივი ყოფნის მანძილზე სხვა პატიმრები უმეგობრდებიან, მათ შორის ხანდაზმული პატიმარი, სახელად რედი. ფილმში მთავარ როლებს ტიმ რობინსი და მორგან ფრიმანი ასრულებენ.

 

მიყვარხარ ფილიპ მორის – I Love You Phillip Morris (2009)

რეალურ ამბებზე დაფუძნებული კომედიური ფილმი გლენ ფიკარისა და ჯონ რეკვის სარეჟისორო დებიუტია.

პოლიციელი სტივ რასელი თაღლითობისთვის გისოსებს მიღმა აღმოჩნდება, სადაც ის ქარიზმატულ ფილიპ მორისს ხვდება. რასელი მთელ ცხოვრებას მორისს უძღვნის იმ შედეგების მიუხედავად, რაც ამ ყველაფერს მოჰყვება.

 


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: