ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი
____
როგორ დასრულდება ომი უკრაინაში? ეს კითხვა კონფლიქტს 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, დრონების ომის ეპოქამდე სდევს. სწორედ ამ ფუნდამენტურ საკითხზე მსჯელობდნენ ექსპერტები ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დისკუსიაზე, რომელსაც უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ჰერბსტი უძღვებოდა.
უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ანდრიი ზაგოროდნიუკმა აღნიშნა, რომ ყირიმსა და შავ ზღვაში რუსეთის პერსპექტივა „უკიდურესად მძიმეა“, თუმცა კრემლში ჯერ არ ჩანს პოლიტიკური ნება, ახლო მომავალში ომის დასასრულებლად ნაბიჯები გადაიდგას.
თუმცა, რა მოხდება, თუ ბრძოლის ველზე შექმნილი რეალობა მოსკოვს იძულებულს გახდის კურსი შეცვალოს? ნატოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, გენერალ-ლეიტენანტმა დაგლას ლუტმა ყურადღება გამახვილა იმაზე, რომ უკრაინული ძალები სისტემატურად ჭრიან რუსების მომარაგების ხაზებს. ლუტის თქმით, ტაქტიკურ ზონაში დანაკარგების თანაფარდობა დაახლოებით რვა რუსზე ერთ უკრაინელს შეადგენს, რამაც კიევს ინიციატივის ხელში ჩაგდების საშუალება მისცა.
„არმიის სრული ჩამოშლა შესაძლოა ზედმეტად ოპტიმისტური სცენარი იყოს“, – აღნიშნა ლუტმა. – „თუმცა ისტორიამ იცის მაგალითები, როდესაც მომარაგებას მოწყვეტილი, დაბალი საბრძოლო სულისკვეთების არმიები შიგნიდან იშლებოდნენ. ასე რომ, ტერიტორიების გათავისუფლება შესაძლოა არა მხოლოდ პირდაპირი იერიშებით, არამედ რუსული არმიის კოლაფსითა და კაპიტულაციით მოხდეს – ეს ისეთი ფაქტორია, რასაც კრემლი თვალს ვერ დაუხუჭავს“.
- ტექნოლოგიური რბოლა და ახალი კოალიციები
მიუხედავად ოპერაციული წარმატებებისა, უკრაინის წინაშე მწვავე გამოწვევები რჩება – პირველ რიგში, რუსული ბალისტიკური სარაკეტო დარტყმები ენერგეტიკულ და სამოქალაქო ობიექტებზე. ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა კლარა კალუდეროვიჩმა, რომელიც ახლახან დაბრუნდა ხარკოვისა და დნიპროს ფრონტის ხაზებიდან, აღნიშნა, რომ მძიმე ბალისტიკის ეფექტური დაბლოკვა კიევისთვის კვლავ მთავარ სუსტ წერტილად რჩება.
ამ პრობლემის საპასუხოდ, ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მრჩეველმა დებრა კეგანმა ყურადღება გამახვილა ევროპული ქვეყნებისა და უკრაინის ახალ ინიციატივაზე, რომელიც Patriot-ის სისტემებთან შედარებით ბევრად იაფი და სწრაფი საჰაერო თავდაცვის საშუალებების შექმნას ისახავს მიზნად. კეგანის თქმით, პროექტის მონაწილეებს შთამბეჭდავი და სწრაფი სამოქმედო გეგმა აქვთ, რაც იშვიათი პრეცედენტია ევროპულ-ამერიკულ პარტნიორობაში. მან ასევე დასძინა, რომ მაღალტექნოლოგიური შეიარაღების დეფიციტი მხოლოდ დასავლეთს არ აქვს – რუსეთისა და ირანის ჰიპერბგერითი და ბალისტიკური მარაგებიც ამოწურვადია.
ამასთან, კალუდეროვიჩმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შიდა ინდუსტრიული წარმოება მისაბაძი მაგალითია დასავლეთისთვის: მაგალითად, ადგილობრივი კომპანიები თვეში ათასობით დრონს აწყობენ, რაც საშუალოდ ყოველ 24 წამში ერთ დრონს შეადგენს.
- ყირიმის ხაფანგი და ესკალაციის საფრთხეები
ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) წარმომადგენელმა, ჯორჯ ბაროსმა დეტალურად აღწერა, თუ როგორ გადაიქცა ყირიმის ნახევარკუნძული მოსკოვისთვის უსაფრთხო ზურგიდან სერიოზულ ოპერაციულ ხაფანგად. უკრაინის მიზანმიმართულმა დარტყმებმა რუსეთის საჰაერო თავდაცვისა და რადარების სისტემა მძიმედ დააზიანა, რამაც ნახევარკუნძულზე საწვავის დეფიციტი და ელექტროენერგიის მასობრივი გამორთვები გამოიწვია.
საჰაერო ფარის მოშლა უკრაინულ დრონებს საშუალებას აძლევს, ყირიმის სიღრმეში დაუსჯელად იმოქმედონ, რაც პირდაპირ აისახება სამხრეთ ფრონტზე რუსული დაჯგუფებების მომარაგებაზე.
რაც შეეხება შესაძლო ესკალაციას, ზაგოროდნიუკმა აღნიშნა, რომ საგარეო ფაქტორები, განსაკუთრებით ჩინეთის პოზიცია, კრემლს აკავებს ბირთვული იარაღი გამოიყენოს. თუმცა, მან გააფრთხილა, რომ ბრძოლის ველზე მარცხის შემთხვევაში, მოსკოვი ბირთვული დარტყმის ნაცვლად, დიდი ალბათობით, ევროპელი მეზობლების წინააღმდეგ „ჰორიზონტალურ ესკალაციას“ – ჰიბრიდულ და არაკონვენციურ შეტევებს მიმართავს დასავლეთის ყურადღების გადასატანად.
დისკუსიის დასასრულს, ატლანტიკური საბჭოდან მიროსლავა ღონღაძის კითხვაზე ირანული ბალისტიკური რაკეტების შესაძლო საფრთხის შესახებ, გენერალმა ლუტმა განმარტა, რომ თეირანის მცდელობა, გააფართოოს ომის გეოგრაფია, უფრო სიმბოლურია და რეალურ სამხედრო სურათს ვერ შეცვლის.
ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ ევროპელი მოკავშირეების მიერ სტრატეგიული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება უკრაინის მდგრადობის მთავარი გარანტია.






