მთავარი,სიახლეები

გაზრდილი K2 – 554 კვადრატულ მეტრზე ცხრასართულიან სასტუმროს ააშენებენ

17.06.2019
გაზრდილი K2 – 554 კვადრატულ მეტრზე ცხრასართულიან სასტუმროს ააშენებენ

2019 წლის 13 მაისს, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დაეთანხმა მოქალაქე ოთარ ჭეიშვილის თხოვნას ბათუმში ჰ. აბაშიძის #8-ში დაგეგმილი სამშენებლო პროექტის K2 კოეფიციენტის გაზრდაზე.

ლაშა კომახიძის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მერიისავე ინიცირებით დამტკიცებულ ცვლილებას 50-ე დადგენილებაში – „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“. დადგენილება ქალაქმშენებლობის რეგულაციებს განსაზღვრავს ბათუმის ტერიტორიაზე.

ცვლილების მიხედვით, რომელიც ბათუმის საკრებულომ 2019 წლის მარტში დაამტკიცა, განისაზღვრა K2 კოეფიციენტის გაცემის წესები და ის გარკვეულწილად სამშენებლოდ გათვალისწინებული ტერიტორიის ფართობს დაუკავშირდა. ამავე ცვლილებით გადაწყდა, რომ K2 კოეფიციენტის გაზრდაზე თანხმობას აღარ მისცემენ მშენებელს, რომელსაც მშენებლობა 600 კვადრატულ მეტრზე ან უფრო მცირე ზომის ნაკვეთზე აქვს დაგეგმილი.

 ბათუმში 600 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე K2 აღარ გაიცემა – ცვლილებების პროექტი

„დაუშვებელია მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის K2 კოეფიციენტის გაზრდა კონკრეტულ ფუნქციურ ზონებში არსებულ სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ოდენობა არ აღემატება 600 კვ.მ-ს“, – ზუსტად ასე, სიტყვა-სიტყვით წერია დადგენილებაში.

ბათუმის მერი ამ ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, თუმცა მისი გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში, პრაქტიკაში განხორციელებულ ქმედებას არ დაემთხვა. საქმე იმაშია, რომ სამშენებლო ფართობი, სადაც მოქალაქე ოთარ ჭეიშვილი მშენებლობას გემავს, რეესტრის მონაცემებით და მერის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში მოცემული ინფორმაციითაც, ზუსტად 554 კვადრატული მეტრია.

მერი K2 კოეფიციენტის გაზრდაზე თანხმობას შესაბამისი კომისიის რეკომენდაციით გასცემს. კომისიაში შედიან ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი და სპეციალისტები.

ბრძანების მიხედვით, მერიაში მიზანშეწონილად მიაჩნიათ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რადგან სამშენებლო ობიექტი სივრცით-მოცულობითი და არქიტექტურულ-ვიზუალური თვალსაზრისით აკმაყოფილებს არსებული ტერიტორიის ურბანული განაშენიანებისა და განვითარების პრინციპებს, ასევე, საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ არსებული განაშენიანებისა და ქალაქმშენებლობითი პარამეტრების მოთხოვნებს.

„საბჭოს რეკომენდაცია სპეციალურ [ზონალური] შეთანხმებაზე დადებითი გადაწყვეტილების თაობაზე, მისაღებია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, აღნიშნულის გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, ჰ. აბაშიძის ქუჩა N8-ში მდებარე 545.00 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე, განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.“

ნებართვის მაძიებელი ჰაიდარ აბაშიძის #8-ში ცხრასართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს, ერთი ორსართულიანი სახლისა და ორი ბელეტაჟის დემონტაჟის ხარჯზე. ეს ადგილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია. შესაბამისად, მოქალაქე ოთარ ჭეიშვილმა პროექტის შეთანხმების თაობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალურ საბჭოსაც მიმართა. საბჭომ პროექტი შეითანხმა.

ბათუმი. ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის #8

ზონალური საბჭოს სხდომაზე წარმოადგინეს ასევე ახალი პროექტის რენდერიც, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ აითვისებს ამ ადგილს ახალი სასტუმრო მისი მშენებლობის შემდეგ.

 

პროექტის რენდერი

მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის, მირიან მეტრეველის განმარტებით, განაცხადი ამ კონკრეტულ მშენებლობაზე მერიაში გაცილებით ადრე იყო შეტანილი, ვიდრე დადგენილებაში ცვლილება შევიდოდა, ამიტომაც ეს ცვლილება ამ კონკრეტულ პროექტზე ვერ გავრცელდებოდა. შესაბამისად, კომისიამ რეკომენდაცია გასცა.

დადგენილებაში მართლაც წერია:

„არ ვრცელდება განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტის გაზრდის თაობაზე ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე, რომელთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება არ არის მიღებული.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: