სიახლეები

როცა პატარა გოგოებს ინტიმური ფოტოების გადაღებას აიძულებენ – ფაქტები 50%-ით გაიზარდა 

01.02.2024 •
როცა პატარა გოგოებს ინტიმური ფოტოების გადაღებას აიძულებენ – ფაქტები 50%-ით გაიზარდა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, საქართველოში, გასულ წელთან შედარებით, 50 პროცენტითაა გაზრდილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტები. 2023 წელს ასეთი 197 შემთხვევა აღირიცხა.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება და გავრცელება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას ამ მუხლით საქმის გამოძიების დაწყების შესახებ. დაზარალებულები ხშირად არიან არასრულწლოვნები.

მაგალითად, 2023 წლის დეკემბერში სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია არასრულწლოვანი გოგონების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე – წალკაში მცხოვრებმა 28 წლის კაცმა სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა, რომლის გამოყენებითაც უკავშირდებოდა არასრულწლოვან გოგონებს და მათ მოტყუებითა და იძულებით გადააღებინა და გადააგზავნინა ინტიმური შინაარსის ფოტოები და ვიდეოები.

შემდეგ კი ორი არასრულწლოვნის ინტიმური ფოტო საჯაროდ გამოაქვეყნა სოციალური ქსელის ყალბ გვერდზე და ამ გზით დაზარალებულებს დამატებით ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეომასალის გადაღება და გადაგზავნა აიძულა.

28 წლის კაცი დააკავეს და მას ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. ამ შემთხვევაში დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული ფაქტი ასევე არასრულწლოვანს შეეხებოდა. 2024 წლის იანვარში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 24 წლის კაცმა ფეისბუქის საშუალებით 13 წლის გოგოს შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეოკადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

ფოტოების მიღების შემდეგ კაცი გოგონას დაემუქრა, რომ ამ ფოტოებს მშობლებს გაუგზავნიდა, თუ დამატებით სხვა კადრებს არ გადაიღებდა. ფაქტის შესახებ 13 წლის არასრულწლოვნის დედამ გაიგო და მან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

ამ შემთხვევაში პროკურატურამ 24 წლის კაცს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის წარუდგინა, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის ფაქტებზე დაზარალებულები მხოლოდ არასრულწლოვნები არ არიან. მაგალითად, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა კაცმა ყოფილ მეუღლეს მობილური ტელეფონი წაართვა და საკუთარ მობილურ ტელეფონში დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაიტანა.

შემდეგ კი, ყოფილ მეუღლეზე შურისძიების მოტივით ინტიმური შინაარსის ფოტოები დაზარალებულის ნათესავებს whatsapp-ის საშუალებით გადაუგზავნა.

შს სამინისტრო აღნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობის ზრდა მსხვერპლთა მხრიდან პოლიციის მიმართ ნდობისა და მიმართვიანობის გაზრდას უკავშირდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: