მთავარი,სიახლეები

რატომ შეწყვიტა 9 აპრილის მემორიალის ესკიზზე გამოცხადებული კონკურსი ბათუმის მერიამ

14.09.2017
რატომ შეწყვიტა 9 აპრილის მემორიალის ესკიზზე გამოცხადებული კონკურსი ბათუმის მერიამ

9 აპრილის გმირთა მემორიალის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებული კონკურსი ბათუმის მერიამ შეწყვიტა და იმავე მომსახურებასა და იმავე სავარაუდო ღირებულებით კონკურსი ხელახლა გამოაცხადა. ტენდერი მერიამ მაშინ შეწყვიტა, როცა ორ პრეტენდენტს უკვე წარდგენილი ჰქონდა ესკიზები.

საკონკურსო კომისიის ოქმში ვკითხულობთ, რომ შეწყვეტის მიზანი საკონკურსო დოკუმენტაციის დახვეწა იყო.

სატენდერო დოკუმენტაციის შედარებით ჩანს, რომ შეწყვეტილ და მიმდინარე ტენდერებში ცვლილება, ძირითადად, ტექნიკურ დავალებაშია შეტანილი. ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში წინა დავალება მეორდება, რომელზეც დამატებულია ორი პუნქტი:

[checklist]

  • მემორიალის სიმაღლე [კვარცხლბეკის ჩათვლით თუ მსგავსი მოისაზრება] არ უნდა აღემატებოდეს 4 მეტრს;
  • თვით მემორიალი უნდა იყოს მონუმენტური სახის, ბრინჯაოში ჩამოსხმული, ხოლო კვარცხლბეკი [თუ მსგავსი მოისაზრება] შესაძლებელია იყოს გრანიტის ან სხვა მასალისაგან დამზადებული [ავტორის შეხედულებისამებრ, ესკიზზე მითითებული ავტორისათვის სასურველი მასალა].

[/checklist]

წინა კონკურსში მერიას მემორიალის ესკიზი ინდმეწარმე თეიმურაზ მახარაძემ და შპს „ვოლ“-მა შესთავაზა.

თეიმურაზ მახარაძის ესკიზის მიხედვით მემორიალი ბრინჯაოში უნდა ჩამოისხას, თუმცა სიმაღლე 7 მეტრია [და არა 4, რასაც მერია ამჯერად ითხოვს].

რაც შეეხება „ვოლ“-ის მიერ შეთავაზებულ წინადადებას, კომპანიაში ფიქრობენ, რომ მემორიალი ბეტონის ფილებისა და სვეტებისგან უნდა შედგებოდეს [60 ბეტონის და 21 კოროზირებული რკინის სვეტი], თუმცა განმარტებით ბარათში სიმაღლის ზომები მითითებული არ არის.

ხელახლა გამოცხადებულ კონკურსშიც მემორიალის ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6335 ლარია. მემორიალის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ბიუჯეტი ამჯერადაც არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. ტენდერში წინადადებების მიღება 28 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბერს დასრულდება.

თეიმურაზ მახარაძის მიერ წარდგენილი ესკიზი ტენდერში, რომელიც ბათუმის მერიამ შეწყვიტა / ფოტო სატენდერო დოკუმანტაციიდან

თეიმურაზ მახარაძის მიერ წარდგენილი ესკიზი ტენდერში, რომელიც ბათუმის მერიამ შეწყვიტა / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

შპს „ვოლ“-ის მიერ წარდგენილი ესკიზი ტენდერში, რომელიც ბათუმის მერიამ შეწყვიტა / ფოტო სატენდერო დოკუმანტაციიდან

შპს „ვოლ“-ის მიერ წარდგენილი ესკიზი ტენდერში, რომელიც ბათუმის მერიამ შეწყვიტა / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

ადგილი სადაც 9 აპრილის მემორიალი უნდა მოეწყოს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ადგილი ბათუმის ბულვარში [ბსუ-ს წინ], სადაც 9 აპრილის მემორიალი უნდა მოეწყოს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: