მთავარი,სიახლეები

მოქანდაკე, რომელმაც პროტესტის ნიშნად თავი ნახევრად გადაიპარსა

12.04.2018 • 3353
მოქანდაკე, რომელმაც პროტესტის ნიშნად თავი ნახევრად გადაიპარსა

დღეს, 12 აპრილს, მოქანდაკე თემურ მახარაძემ პროტესტის ნიშნად თავი ნახევრად გადაიპარსა და ბათუმის ბულვარში იმ ადგილას დადგა საპროტესტო ტრაფარეტით, სადაც 9 აპრილის მემორიალი უნდა დაიდგას.

მოქანდაკის პროტესტის მიზეზი 9 აპრილის თემაზე შექმნილი მემორიალის ესკიზი გახდა. კონკურსში, რომელიც 9 აპრილის მემორიალის ესკიზის შესაქმნელად იყო გამოცხადებული, თემურ მახარაძის მიერ მომზადებულმა ესკიზმა გაიმარჯვა.

მოგვიანებით ბათუმის მერიის სატენდერო კომისიამ ესკიზის მიხედვით მემორიალის მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში, რომელშიც ესკიზის ავტორიც მონაწილეობდა, სხვა კომპანიამ – “დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლმა” გაიმარჯვა. კომპანიამ 81 ათას ლარად მემორიალი უნდა ააგოს და მის ირგვლივ ტერიტორია კეთილმოაწყოს.

თემურ მახარაძე ამბობს, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა. ის აპირებს ყოველდღე დილის ათი საათიდან ორ საათამდე ბათუმის ბულვარში დადგეს და სპეციალური ტრაფარეტით გააპროტესტოს  მერიის გადაწყვეტილება.

“ვაპროტესტებ იმას, რომ მინდა იყოს საავტორო უფლება დაცული. ვერც ერთი “გამდიდებელი” ჩემი ესკიზის, ჩემს საავტორო უფლებას ვერ დაიცავს. მით უმეტეს ეს კომპანია [“დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლი], რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში, ფასის უაზროდ დაკლების გამო. სატენდერო ფასთან შედარებით, 25 %-ით ნაკლებ თანხაში აკეთებს მემორიალს. იმდენად დიდი თანხა დააკლო, რომ ამის გამო სამხარაულიდან აიღო ცნობა. შეუძლებელია მაგ თანხაში გააკეთოს მხატვარმა. კომპანიას ნამუშევრის შესრულება დაჰყავს ხელოსნობის დონეზე“.

თემურ მახარაძე ამბობს, რომ მას პროტესტისთვის კიდევ ერთი მიზეზი აქვს: „ამავე კომპანიას დაბა ქედაში დადგმული აქვს  ყადირ შერვაშიძის ბიუსტი, რომლის ავტორიც მე ვარ. ამ ტენდერშიც “დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლმა” გაიმარჯვა და დაბალი ხარისხის ბიუსტი დადგა. ეს არის საქართველოს მხატვართა კავშირის დასკვნა. ეს არის ძალზე ცუდად შესრულებული არამხატვრული ნამუშევარი, რომელიც შეიძლება დაიდგას მხოლოდ სასაფლაოზე, გამონაკლის შემთხვევაში და არა საჯარო სივრცეში”.

მახარაძის მიაჩნია, რომ მხოლოდ გამარჯვებულმა ავტორმა უნდა შექმნას მემორიალი: “20 სმ-ის ესკიზიდან როდესაც დიდდება ნამუშევარი, ავტორის გარდა ვერავინ გადაწყვეტს რა როგორ გააკეთოს. ავტორმა იცის თუ რა აქვს გათვალისწინებული. შეუძლებელია ამის განსაზღვრა ვიღაც გამდიდებლის მიერ, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს გარდა იმისა, რომ ქანდაკება არის მრგვალი. ტენდერში დადებულია მხოლოდ ერთი მხარე. არ არის უკანა და გვერდითი მხარე. მე არ ვარ ვალდებული და არც მივცემ [პროექტს], როგორც კონკურენტს“.

თემურ მახარაძის თქმით, ის ესაუბრა როგორც ქალაქის, ისე აჭარის ხელმძღვანელობას, მაგრამ არ მოუსმინეს: „ეს არ არის ასფალტის დაგება ან შენობის აგება, სადაც აქედან აქამდე უნდა გაკეთდეს. ეს არის შემოქმედებითი პროცესი. ეს ვერ გავაგებინე, ვერ ქალაქის მერს, ვერც მთავრობას. უახლოეს დღეებში საქართველოს მხატვართა კავშირი მიმართავს მთავრობას წერილით, რომ არ შეიძლება შემოქმედებითი ნამუშევრის ტენდერში გატანა და სხვის მიერ განხორციელება. ეს მთავრობა აღარ იქნება და სამი მეტრო ბრინჯაოში გადიდებული რაღაც  დარჩება. ვინც არ უნდა გაადიდოს, ავტორად მე ვითვლები, ამიტომ მე არ მინდა ვიღაცის შესრულებულ ნამუშევარზე პასუხი ვაგო, ვიყო ცუდი ქანდაკების ავტორი,” – ამბობს თემურ მახარაძე.

“ესკიზის  მიხედვით გამოცხადდა მონუმენტის დამზადებაზე ტენდერი. ტენდერში გაიმარჯვა სხვა კომპანიამ. ყველაფერი მოხდა კანონის სრული დაცვით,” – უთხრეს “ბათუმელებს” ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/120284/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: