მთავარი,სიახლეები

უნივერსიტეტი პროკურატურას ულტიმატუმს უყენებს – 8 ნოემბრის აქცია მეთერთმეტედ გაიხსენეს

08.11.2018 • 1825
უნივერსიტეტი პროკურატურას ულტიმატუმს უყენებს – 8 ნოემბრის აქცია მეთერთმეტედ გაიხსენეს

8 ნოემბრის აქცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეთერთმეტედ გაიხსენეს. ამჯერადაც აჩვენეს კადრები და ფოტოები, თუ როგორ შევარდნენ სპეცრაზმელები 2007 წლის 8 ნოემბრის დილას უნივერსიტეტის აუდიტორიებში და დაარბიეს სტუდენტები, ლექტორები…

დარბეული და ამ დრომდე გამოუძიებელი აქცია კიდევ ერთხელ გაიხსენეს ამ აქციის თვითმხილველებმა. „ზოგი მათგანი ცოცხალიც კი აღარ არის,“ – დასძინა რექტორმა, მერაბ ხალვაშმა თავის გამოსვლაში და ხელისუფლებას „8 ნოემბრის საქმის“ დროული გამოძიებისკენ მოუწოდა. ამჯერად უნივერსიტეტის რექტორმა საჯარო მიმართვის დროს „ულტიმატუმიც“ ახსენა.

„ჩვენ არ გვაქვს დღეს პასუხი, რომ ვთქვათ, ვინ დაგეგმა, ვინ აგო პასუხი. მე ცალსახად ვუერთდები სტუდენტების შეხედულებას… დღეს ჩვენ კიდევ უფრო მკვეთრად გამოხატული პოზიციით უნდა მივმართოთ ხელისუფლებას, გარკვეული ვადა მივცეთ, რომ მოხდეს დროულად ამ საქმის გამოძიება. ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ, ერთიანი შეთანხმებით მოვამზადოთ, ულტიმატუმი იქნება თუ რა იქნება, არ ვიცი, ეს უნდა მოვითხოვოთ,“ – აღნიშნა მერაბ ხალვაშმა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

რექტორის თქმით, 2016 წლიდან ამ დრომდე უნივერსიტეტმა სამჯერ მიმართა წერილობით პროკურატურას და ითხოვა პასუხი კითხვებზე: რატომ არ სრულდება 8 ნოემბრის საქმის გამოძიება? რა ეტაპზეა ძიება? პროკურატურასაც სამჯერ ერთი და იმავე შინაარსის პასუხი გამოუგზავნია: „მიმდინარეობს გამოძიება“.

რატომ გახდა უნივერსიტეტის მოთხოვნა რადიკალური ახლა? გუშინ „ბათუმელებს“ ამავე აქციის მონაწილემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ უთხრა, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად ახსენდებათ მხოლოდ ეს პროცესი და სინამდვილეში „8 ნოემბრის“ გამოძიებას არავინ აპირებს, რადგან ადამიანები, რომლებიც არბევდნენ ან პასუხი მოეთხოვებოდათ იმაზე, რაც მოხდა, დაწინაურდნენ და ისევ ხელისუფლებაში არიან.

„ასე არ არის, ჩვენ ყოველწლიურად ვიხსენებთ 8 ნოემბერს… ჩვენ ვსაუბრობთ ულტიმატუმზე, რადგან შეუძლებელია ათწლეულობით ამის გაგრძელება. ეს იყო უნივერსიტეტის ავტონომიურობის, ინსტიტუციის შეურაცხყოფა,“ – გვითხრა მერაბ ხალვაშმა.

8 ნოემბრის გახსენებისთვის უნივერსიტეტს მადლობა ცოტნე ანანიძემ გადაუხადა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა.  2007 წლის 8 ნოემბრის აქციის მონაწილე ისიც არის. გამოუძიებელი საქმის ფონზე დეპუტატმა თქვა, რომ „გახსენება დიდი პრევენციაა“.

„განსაკუთრებული მადლობა თქვენ, რომ ამას იხსენებთ, ეს გახსენება არის ძალიან დიდი პრევენცია, რომ სამომავლოდ, ღმერთმა დაიფაროს და მსგავსი რამ აღარ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში,“ – მიმართა ცოტნე ანანიძემ უნივერსიტეტში შეკრებილებს.

რატომ არ გამოიძია ხელისუფლებამ ამ დრომდე „8 ნოემბრის აქციის საქმე“? – დეპუტატმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ უმაღლესი საბჭო გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობას არ ახორციელებს, ხოლო პროკურატურასთან კომუნიკაციის დროს მან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.

„რამდენჯერაც მქონდა კომუნიკაცია აჭარის პროკურატურასთან და ეს არ უკავშირდება მხოლოდ 7 და 8 ნოემბრის აქციებს, მივიღე პასუხი, რომ საქმე არის აღძრული, თუმცა იგი არაა სამწუხაროდ ბოლომდე მიყვანილი. საკმარისი დრო იყო სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ჩემი აზრით, რომ მისულიყო ბოლომდე. ვერ გეტყვით რა აფერხებს ამას, რომელიმე პიროვნება, თუ პოლიტიკური ნება,“ – ამბობს ცოტნე ანანიძე.

საქმის გამოუძიებლობის მიზეზი ხომ არ არის ის, რომ დარბევის ორგანიზატორები ახლა „ოცნების“ ხელისუფლებაში არიან? „ბათუმელებმა“ ცოტნე ანანიძეს მაგალითისთვის დავით ბედია დაუსახელა, რომელიც 8 ნოემბრის აქციის დარბევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დავით ბედია ისევ სუს-ში მუშაობს.

„დავით ბედიასთან დაკავშირებით არის საუბრები, რომ იქ იმყოფებოდა, მე პირადად არ მახსოვს… დავით ბედია რაღაც პერიოდი არ მუშაობდა რომელიმე სამართალდამცავ უწყებაში, მაშინ რა უშლიდა ხელს გამოძიებას, რომ შედეგზე გასულიყო? მე იმას ვიტყვი, რომ „სამართლიანობის აღდგენა“ იყო ჩვენი ხელისუფლების არა მხოლოდ დაპირება, არამედ ეს ხელისუფლების ვალდებულებაა. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელსაც არ გავექცევი და არც არავინ უნდა გაექცეს. მთავარი არის, უფლებამოსილმა ორგანომ რაც შეიძლება მალე დაასრულოს ამ საქმის გამოძიება და გადავიდეს საქმე სასამართლოში. სასამართლო განსჯის ვინ არის დამნაშავე,“ – გვითხრა ცოტნე ანანიძემ.

უნივერსიტეტში 8 ნოემბრის აქციის გახსენებაზე არ გამოჩენილან სხვა პოლიტიკოსები, ასევე ადამიანები, რომლებიც თერთმეტი წლის წინ იყვნენ სტუდენტები. „ბათუმელებმა“ მოსაზრების გამოხატვა რამდენიმე სტუდენტს სთხოვა, ვინც ახლა სწავლობს ბათუმის უნივერსიტეტში – რას ნიშნავს ამ დრომდე უნივერსიტეტის დარბევის გამოუძიებლობა?

„არ ვიცი, პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ ცუდი ფაქტია. ეტყობა, არ აწყობთ და ამიტომ არ გამოიძიეს,“ – გვითხრა ნათია ბერიძემ.

სტუდენტების ნაწილს აღარ სჯერა გამოძიების დასრულების და არც კომენტარის გაკეთება სურს. შეგვხვდნენ ისეთებიც, რომლებმაც არც კი იცოდნენ, რას აპროტესტებდნენ დღეს უნივერსიტეტის მთავარ ფოიეში შეკრებილები. „აქციის დარბევაზეა ეს შეხვედრა? მე მეგონა, ტელევიზია რომ დახურეს, მაგაზე იყო პროტესტი“, – თქვა ერთ-ერთმა, რომელიც შეხვედრას უკვე ტოვებდა, როცა კითხვა დავუსვით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: