Batumelebi | სად არიან ის ადამიანები, რომლებმაც 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები დაარბიეს სად არიან ის ადამიანები, რომლებმაც 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები დაარბიეს – Batumelebi
RU | GE  

სად არიან ის ადამიანები, რომლებმაც 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები დაარბიეს

„8 ნოემბერი მხოლოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად ახსენდებათ. 11 წლის განმავლობაში ერთი დეტალი გამოიძია მაინც ვინმემ ამ საქმიდან? ვინმემ პასუხი აგო? ისინი საკუთარ თავს ვერ დასჯიან, ის ადამიანები ისევ ხელისუფლებაში არიან,“ – ამბობს რეზო ხარაზი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში. იგი 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მომსახურების სამსახურში მუშაობდა და კარგად ახსოვს ადამიანები, ვინც აქციას არბევდნენ და დღემდე ხელისუფლებაში არიან. ხვალ, 8 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტოგამოფენით კიდევ ერთხელ გაიხსენებენ 2007 წლის 8 ნოემბერს ამ უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევის ფაქტს.

ხელისუფლების წარმომადგენლები სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფოტომასალას აზიარებენ, ოპოზიცია კი მათ „სამართლიანობის აღდგენას“ ახსენებს – დაპირებას, რომლითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ამ დარბევის ერთ-ერთი თვითმხილველი იყო რეზო ხარაზიც.

  • რეზო, რატომ იყავით თქვენ 8 ნოემბრის აქციაზე. თქვენ ხომ მაშინაც მიხეილ სააკაშვილს გულშემატკივრობდით?

იმ დილით ჩვეულებრივ მივედი სამსახურში დილის ცხრაზე, უკვე საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. ძალიან დაძაბული იყო მდგომარეობა, ზოგადად, თუმცა უნივერსიტეტში არაფერი იგრძნობოდა, მიდი-მოდიოდა ხალხი… ცოტა ხანში უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბა ხალხი და გავიგეთ, რომ იგეგმებოდა აქცია. არ ვიცოდი კანონი რას ითვალისწინებდა ამ დროს, რადგან საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული და უნივერსიტეტის მაშინდელ კანცლერს, მალხაზ ნაკაშიძეს შევხვდი. მან მითხრა, რომ ეს საფრთხე იყო.

მივედი ეზოში შეკრებილებთან და ვუთხარი, რომ აქციის გამართვის ნაცვლად, იქნებ სააქტო დარბაზში შეკრებილიყვნენ. მაშინ აგრესია და გაღიზიანება მოჰყვა ამას და მე მესმის მათი. მეც მქონდა პროტესტის გრძნობა, მაგრამ მე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარმოვადგენდი მაშინ. იქ იყო კაკო ძნელაძე, გია მასალკინი, ვახტანგ ღლონტი და სხვები.

ამასობაში, ეზოში შავებში ჩაცმული ადამიანები გამოჩნდნენ, ისინი არ იყვნენ სპეცრაზმელები. მათთან მე და ლაშა ბაჟუნაიშვილი, მაშინდელი სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე მივედით. ვკითხეთ, რა ხდებოდა, მაგრამ მოგვიცილეს, თქვენ ვინ გეკითხებათო. მერე მოგვაკითხეს და გვითხრეს, რომ სტუდენტური საცხოვრებლისკენ უნდა გავყოლოდით ქუჩის მხარეს. იქ, ქუჩის კუთხეში, დავით ბედია გველოდებოდა, ის მაშინ პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.

დავით ბედიამ თქვა, აქცია არ უნდა შედგესო. ვუთხარი, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა ვუთხრა სტუდენტებს-მეთქი. არ ვიცი, აქცია არ გამოვაო…

ამასობაში აქციის მონაწილეები ქუჩის მხარეს გადმოვიდნენ, უნივერსიტეტის წინ. მე და ლაშას, სხვათა შორის, სტუდენტებმა დაგვიჯერეს და ეზოში შევიდნენ. სტუდენტებს ვუთხარით, რომ აქციის დარბევის საფრთხე დიდი იყო. აქციის მონაწილეები აღარც ქუჩაში იყვნენ და არც სააქტო დარბაზში შევიდნენ. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა და ყველას კარგად ახსოვს. ეს იყო ძალიან ცუდი ფაქტი.

  • ეს იყო ცუდი ფაქტი, თუ დანაშაული? 

კი, ეს იყო დანაშაული, მაგრამ რა გამოიძიეს ამ 11 წლის მანძილზე, რომელი დეტალი გამოიძიეს? ის დავით ბედია დღეს სუს-ის მაღალჩინოსანია, პირიქით, დააწინაურეს…

ჩემი სათქმელი დღეს არის ის, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს სამართლიანობის აღდგენის დაპირებით. დაპირების შესრულების ნაცვლად, პირიქით, ის ადამიანები, ვისაც 8 ნოემბერზე პასუხისმგებლობა უნდა ეგრძნო მინიმუმ, ხელისუფლებაში დარჩნენ ან დაწინაურდნენ. მე დღესაც მხვდებიან ის სტუდენტები, რომლებიც 8 ნოემბერს დაარბიეს. ისინი მუშაობენ ბანკებში, საჯარო სექტორში და ასე შემდეგ. როცა ერთმანეთს ვხედავთ, პირველ რიგში, ეს აქცია გვახსენდება, მაგრამ არც ერთ მათგანს დღეს აღარ სჯერა, რომ სამართლიანობა ამ კუთხით აღდგება.

რეალურად 8 ნოემბერი ახსენდებათ მხოლოდ მაშინ, როცა პოლიტიკური ქულების დაწერაა საჭირო. წინა წლებში არ იყო 8 ნოემბერი? მაშინაც იხსენებდნენ, მაგრამ ისე, რომ ვერც გაიგებდი. ან თუ რექტორი ვარ და მაწუხებს ეს საკითხი, რატომ დაველოდები 8 ნოემბერს, ხომ შეიძლება ნებისმიერ დროს მოვთხოვო პასუხი ხელისუფლებას, რატომ არ გამოიძიე ამ დრომდე ეს საქმეო.

  • დავით ბედიას გარდა, კიდევ ვინ გახსენდებათ 8 ნოემბრის აქციის დარბევიდან, ვინც ახლა ხელისუფლებაშია? 

იმ პერიოდში, როცა უნივერსიტეტი დაარბიეს, სოდ-ის ერთ-ერთი უფროსი იყო არჩილ ჩიქოვანი, რომელიც ახლა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსია. აქციიდან ასევე მახსოვს უჩა შანიძე, ის უშუალოდ დარბევის შემდეგ გამოჩნდა. უჩა მაშინ უშიშროების წარმომადგენელი იყო და ახლა „ოცნების“ აქტივისტია. თორნიკე რიჟვაძის მამა – დავით რიჟვაძე მაშინ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს კრიმინალურ პოლიციაში იყო და ზურაბ პატარაძე ვინ იყო, ხომ ვერ შემახსენებს ვინმე? ზურაბ პატარაძე ელჩი იყო. ახლა გული შესტკივა თურმე ხალხზე და ჩამოვიდა წინასაარჩევნოდ აჭარაში… და მაშინ რატომ არ ჩამოვიდა ხალხთან გვერდში დასადგომად, რატომ არ თქვა, ხალხო, რაღაც ცუდი მოხდაო? უმაღლესი საბჭოს წევრი და „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი ირაკლი ჭეიშვილი სად იყო მაგ დროს? გამოვიდეს და თვითონ თქვას, ირაკლი ჭეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ უკრავდა ტაშს, ისევე როგორც მერაბ კარანაძე. მერაბ კარანაძე იმ დროს „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორი იყო და რომ დაეძახათ, ისიც ტაშის კვრით მიესალმებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. დღეს დეპუტატი ცოტნე ანანიძე როცა ამ აქციის კადრებს აზიარებს, მის გვერდით ზის მერაბ კარანაძე, ის მისი თანაგუნდელია ახლა და იქნებ იმას დაუსვას კითხვა, რატომ არ ჰქონდა რეაქცია ამ ყველაფერზე.

  • თქვენ პასუხს სთხოვთ ადამიანებს იმაზე, რომ პროტესტი არ ჰქონდათ, რომ ვიღაცის მამა თანამდებობის პირი იყო მაშინ? 

მე რატომ მთხოვენ აბა პასუხს, ესაა ლოგიკური? მეც რეალურად დაზარალებულად აღვიქვამ ჩემს თავს… „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგო ამისთვის პასუხი პოლიტიკურად, 2012 წლიდან უნდა დაწყებულიყო დასჯის პროცესი იმ ადამიანების, ვინც ეს აქცია დაარბია. დასჯილი არავინ გვინახავს და მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერას ნუ ცდილობენ, ამას ვამბობ მე.

_______

მთავარ ფოტოზე: გაზეთ „ბათუმელების“ პირველი გვერდი, 2007 წლის 14 ნოემბრის ნომერი 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი