მთავარი,სიახლეები

რას გააკეთებს პატრული, თუკი მძღოლი მარიხუანას ტესტირებაზე უარს იტყვის

18.09.2018 • 5541
რას გააკეთებს პატრული, თუკი მძღოლი მარიხუანას ტესტირებაზე უარს იტყვის

პარლამენტმა უკვე დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომელიც მარიხუანას მოხმარების კუთხით კონტროლს აწესებს. თუკი დეპუტატები შსს-ს ინიციატივას დაეთანხმებიან, მარიხუანას მოწევა მხოლოდ პირად სივრცეში გახდება შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში მარიხუანას მოწევისთვის ადმინისტრაციული წესით დაგაჯარიმებენ.

ცვლილება ეხება შემთხვევასაც, თუკი მძღოლი ავტომანქანის საჭეს მარიხუანას მოწევის შემდეგ მიუჯდება. ამ შემთხვევაში მარიხუანას მოწევა სისხლის სამართლის წესით დაისჯება – ჯარიმით [ჯარიმის ოდენობას მოსამართლე განსაზღვრავს, თუმცა მისი მინიმალური ოდენობა 2 ათასი ლარია], ან ერთ წლამდე პატიმრობით.

„ბათუმელებმა“ სცადა გაეგო, რას გააკეთებს პატრული, თუკი თქვენ, როგორც ავტომანქანის მძღოლი, მარიხუანას ტესტის გავლაზე უარს იტყვით.

„ავტომანქანის, ასევე ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრანსპორტის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ფსიქოაქტიური სიმთვრალის მდგომარეობაში ჯარიმას გამოიწვევს, ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით,“ – ვკითხულობთ კანონპროექტში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტში შეიტანა. განმარტებით ბარათში შსს ცდილობს იმის დასაბუთებას, თუ რატომ ჩათვალა მარიხუანას მოწევა საჭესთან სისხლის სამართლებრივ დანაშაულად.

„ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის დამახასიათებელია ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედება, მათ შორის, ფსიქოსომატური აქტივობის დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება, მანძილის და დაშორების აღქმის დარღვევა, რაც განსაკუთრებით სარისკოა სატრასნპორტო საშუალების მართვის დროს. ამიტომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოდის ადმინისტრაციული ქმედების ჩადენისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული საგზაო მოძრაობის მონაწილე პირების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე,“ – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

„არსად არაა დადასტურებული ის, რომ მარიხუანით თრობა უფრო მეტი რისკის შემცველია, ვიდრე ალკოჰოლით თრობა. შემოთავაზებული ვერსიით, თუკი საჭესთან ნასვამი დაჯდებით, ისევ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებით, მარიხუანას მოწევის დადგენა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. ეს არის ამ კანონპროექტის მიმართ მთავარი კითხვის ნიშანი, რადგან მიდგომა დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს,“ -ამბობს ნიკა სიმონიშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებაზე, სადაც ხაზი გაესვა იმას, რომ მარიხუანას მოწევა არაა იმაზე უფრო მეტად, ან ნაკლებად მავნებელი, ვიდრე ალკოჰოლის მიღება. საია-ში ეჭვობენ, რომ თუკი პარლამენტი შსს-ს ხედვებს გაიზიარებს, ეს კანონიც დისკრიმინაციულობის კუთხით ხელახლა შეიძლება გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პოლიციელს შეუძლია ნებისმიერი ჩვენგანი გააჩეროს ქუჩაში და „საფუძვლიანი ეჭვის“ საფუძველზე ლაბორატორიაში გადაიყვანოს, თუმცა პირს უფლება აქვს არ ჩააბაროს ლაბორატორიას ბიოლოგიური მასალა. ასეთ შემთხვევაში, პოლიცია ვერ დაადგენს პირი ნარკოტიკის, მათ შორის, მარიხუანას მომხმარებელი არის თუ არა.

რა ხდება ავტომანქანის მართვის დროს, როცა პოლიციელს ასევე „საფუძვლიანი ეჭვი უჩნდება“, რომ მძღოლს მარიხუანა აქვს მოწეული? – შსს-ს კანონპროექტში ამ კითხვაზე პასუხს ვერ ნახავთ. საია-ში კი მიიჩნევენ, რომ ეს პროცედურა კანონპროექტში უნდა იყოს გაწერილი.

„სავარაუდოდ, ეს პროცედურა გაიწერება შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივ ბრძანებაში, მაგრამ ასეთი საკითხის გადაწყვეტა კანონქვემდებარე აქტებზე, ანუ ამ შემთხვევაში – ბრძანებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, იგი პირდაპირ კანონში უნდა იყოს გაწერილი. ჩვენი წინასწარი ინფორმაციით, აპირებენ, რომ იგივე წესი ამოქმედდეს მარიხუანას ტესტზე, რაც ალკოტესტის შემთხვევაშია, ანუ თუკი პირი დღეს მოქმედი კანონმდებლობით ალკოტესტის გავლაზე უარს იტყვის, ეს მიიჩნევა სამართალდარღვევად და მას იმავე ჯარიმას უწერენ,“ – გვითხრა ნიკა სიმონიშვილმა.

საია-ს იურისტი განმარტავს, რომ ასეთი ანალოგია მიუღებელია, რადგან ალკოტესტის დადასტურების შემთხვევაში საქმე გვაქვს სამართალდარღვევასთან, მარიხუანას ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, პირი დამნაშავედ მიიჩნევა და მას სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცემენ.

„სისხლის სამართლის საქმეში მეტი მტკიცება ევალება თავად სახელმწიფოს. ის, რომ პირი უარს აცხადებს ტესტზე, ვერ იტყვის პროკურატურა, რომ დამნაშავეა. პირის იძულება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე,“ – განმარტავს იურისტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე ისაუბრა მარიხუანას ტესტირებაზე. მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ ტესტირება ალკოტესტის მსგავსი იქნება და კანონის დამტკიცების შემთხვევაში, მარიხუანას შესამოწმებელ აპარატებს მალევე შეიძენენ.

რა ინსტრუქცია ექნება პატრულს, თუკი მას მძღოლი მარიხუანას ტესტის გავლაზე უარს ეტყვის? – შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ ამ კითხვაზე საჯაროდ პასუხი არ გაუცია. უწყების პრესსამსახური განმარტებას დაგვპირდა, თუმცა იგი ამ დრომდე არ მიგვიღია.

კითხვები გაჩნდა მარიხუანას მიღების ხანგრძლივობასთან დაკავშირებითაც – შესაძლოა ტესტმა მარიხუანას მიღება დაადასტუროს მაშინაც, როცა მძღოლი მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ  რამდენიმე დღის ან კვირის წინ იყო.

„დაისჯებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, ანუ იმ მომენტში მართავენ სატრანსპორტო საშუალებას, როდესაც არიან ნარკოტიკული თრობის ქვეშ. ანალოგიური მდგომარეობაა სამსახურში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნასთან მიმართებითაც,“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ შენიშვნები შსს-ს კანონპროექტზე კიდევ აქვს: მარიხუანას მოწევისთვის ვერ მიედავებიან, მაგალითად,  მოპედის მძღოლს [მოპედის მძღოლი ალკოჰოლის მიღებისთვის ჯარიმდება]. მარიხუანას მოწევისთვის ასევე ვერ მოსთხოვენ პასუხს თვითმფრინავის პილოტს, მატარებლის მემანქანეს ან გემის კაპიტანს. მათი პასუხისმგებლობა მხოლოდ ავარიის შემთხვევაში აქტიურდება.

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება შედის იმ მუხლშიც, რომელიც „ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსლუატაციის წესების დარღვევას“ გულისხმობს – თუკი დადგინდება, რომ ავარიის მიზეზი მძღოლის ნარკოტიკული თრობაა და ავარიამ სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, მძღოლი 2-დან 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება. „მძიმე დაზიანების“ შემთხვევაში მძღოლს თავისუფლების აღკვეთა 4-დან 6 წლამდე ელის. თუკი ავარიამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ეს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს, ხოლო 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობის შემთხვევაში მძღოლს 8-დან 12 წლამდე ჩასვამენ ციხეში.

ამ შემთხვევაში სასჯელის ზომა ემთხვევა ალკოჰოლური სიმთვრალის დროს ჩადენილ დანაშაულს.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: