მთავარი,სიახლეები

ვის ეშინია ბათუმში მეჩეთის მშენებლობის – რიჟვაძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

30.07.2018 • 6542
ვის ეშინია ბათუმში მეჩეთის მშენებლობის – რიჟვაძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

„ახალი მეჩეთის მშენებლობა ჯერ არ იგეგმება“ – თორნიკე რიჟვაძე“, – ამ სათაურით სიუჟეტი აჭარის ტელევიზიამ 28 ივლისს გამოაქვეყნა, რამაც მუსლიმი საზოგადოების ერთ ნაწილში მღელვარება გამოიწვია. საპასუხოდ ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ ფეისბუქში დაწერა, რომ „მისი [მეჩეთის] მშენებლობა მალე დაიწყება“. აჭარის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ აჭარის ტელევიზიამ ინტერვიუ არასწორი ინტერპრეტაციით გააშუქა.

„ბათუმელებმა“ სცადა აჭარის მთავრობის პრესსამსახურთან დაეზუსტებინა, რას ნიშნავს „მეჩეთი ჯერ არ აშენდება“, რაზედაც გვითხრეს, რომ „მეჩეთის თემის გააქტიურება ერთი კვირაა მიზანმიმართულად ხდება“, რომ „თორნიკე რიჟვაძეს მსგავსი ფრაზა გადაცემაში არ უთქვამს“ და უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ამ თემაზე „მთავრობის თავმჯდომარის ნათქვამი არასწორი ინტერპრეტაციით გაშუქდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ”.

როგორც აჭარის ტელევიზიის, ისე აჭარის რადიოს სიუჟეტის სრულად ნახვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თორნიკე რიჟვაძეს მსგავსი ფრაზა მართლაც არ უთქვამს. მან თქვა: „ყველა სახელმწიფოებრივად და ასევე პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი, ვთვლი, რომ ბოლომდე გაერკვეოდა ჩემი განცხადების შინაარსსა და მიზანში.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული საერთო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე. შესაბამისად, ჯერ გადაწყვეტილების ნაწილში უნდა იქნას კონსენსუსი მიღწეული, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულ ფორმას, ეს უკვე არის შემდგომი მსჯელობის საგანი“.

გადაცემის წამყვანს აღარ უკითხავს, თუ როგორ წარმოუდგენია აჭარის ხელისუფლების პირველ პირს ამ თემაზე კონსენსუსის მიღწევა. შესაბამისად, ჩვენ ვცადეთ გაგვერკვია აჭარის მთავრობაში, რას ნიშნავს „საზოგადოებრივი კონსენსუსი“, რამდენად შესაძლებელია მეჩეთის თემაზე კონსენსუსის მიღწევა და იმ შემთხვევაში, თუ კონსენსუსი არ მიიღწევა, თუ აშენდება მეჩეთი. მთავრობის პიარში გვითხრეს, რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის უფლებამოსილება მათ არ აქვთ და უმჯობესია ეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს პირადად ვკითხოთ.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი კი თვლის, რომ სიუჟეტი სრულ შესაბამისობაშია მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ კომენტართან.

„არასწორი ინტერპრეტაცია არცერთ შემთხვევაში ჩვენ არ გაგვიკეთებია. არც ბატონი თორნიკეს შემთხვევაში და არც სხვა შემთხვევაში. მან ისაუბრა ამის შესახებ ვრცლად ჩვენთან „კომპეტენტურ პასუხში“ და რეპორტიორმა, რაც იყო ამ ინტერვიუდან მთავარი გზავნილი მიაწოდა მაყურებელს. მან ხაზგასმით და მკაფიოდ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებული არაა, გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსის გზით და საზოგადოების ჩართულობით. ჩვენც ვთქვით ასეთი რამ, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება ახალი მეჩეთის აშენება. ზუსტად ამას ნიშნავს. ვინ რაში გვადანაშაულებს გაუგებარია,“ – ამბობს შორენა ღლონტი.

აჭარის ტელევიზიით გასულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში მუსლიმი საზოგადოების მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა  ტარიელ ნაკაიძემ ფეისბუქზე კატეგორიული პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ბათუმში ახალი მეჩეთი ისედაც გახსნილია, „მალე დაიწყება მისი მშენებლობა და ამას ხელს ვერავინ შეუშლის“.

ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მუსლიმები წყვეტენ ხელისუფლებასთან ორი წლის წინ დაწყებულ კონსულტაციებს მეჩეთის მშენებლობის საკითხზე. ტარიელ ნაკაიძემ, რომელიც ამავდროულად მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელია, „ბათუმელებს“ უთხრა:

“როგორც თავიდან გვაქვს გაცხადებული, ჩვენ ამ თემას მივიყვანთ ბოლომდე სამართლებრივად, რის უფლებასაც საქართველოს კონსტიტუცია და კანონი გვაძლევს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გზას ვაგრძელებთ, მაგრამ თუ ხელისუფლება დაიწყებს რაღაც კონსენსუსზე საუბარს, რომ უნდა გაითვალისწინოს „ქართული მარშის“ და ვიღაცეების აზრი, ჩვენ ამ თამაშში ვერ შევალთ და განვახორციელებთ იმ უფლებას, რაც გვაქვს. ჩვენ მზაობას ყოველთვის გამოვხატავთ, რომ ეს თემა ხელისუფლებასთან ერთად, სამართლებრივ ჩარჩოებში გადაწყდეს და სამართალი აღადგინოს ხელისუფლებამ ქართველ მუსლიმებთან მიმართებით, რადგან ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა“.

ტარიელ ნაკაიძე თვლის, რომ მსგავსი ურთიერთსაპირისპირო განცხადების გაკეთების უფლება ხელისუფალს არ აქვს: „ის [თორნიკე რიჟვაძე] დღეს იძახის, რომ მეჩეთი უნდა აშენდეს, ხვალ იძახის, რომ შემდგომში უნდა აშენდეს, მერე ვიღაცებთან შეთანხმებაზე საუბრობს და გულისხმობს იმ ჯგუფებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში აქტიურობენ – ეს არასწორი მიდგომაა. თუ ასე გააგრძელებს თავის დამოკიდებულებას ხელისუფალი, ჩვენ ავაშენებთ მეჩეთს იმ წესით, რის უფლებასაც გვაძლევს კანონმდებლობა, ისე, როგორც ააშენეს ბათუმში 25 ეკლესია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ კანონი და ხელისუფლებამ შეიგნოს, რომ დაიცვას მუსლიმისა თუ არამუსლიმის უფლებები თანაბრად“.

მუსლიმი მრევლი ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის უფლებას ბოლო 20 წელია ითხოვს

ტარიელ ნაკაიძის თქმით, მსგავსი განცხადებები, „მუსლიმების ფსიქიკაზე ზედმეტი თამაშებია“, რაც დაუშვებელია: „გასცემს ნებართვას? – უნდა თქვას, რომ მე ვარ ხელისუფალი და დავიცავ ადამიანების უფლებას. ვერ აკეთებს და არ ეკუთვნის მუსლიმ თემს ეს უფლება, მაშინ თქვას, რომ არ აქვს მუსლიმ თემს ამის უფლება. შუალედური დამოკიდებულება იწვევს ვითარების დაძაბვას. ჩვენ ვიცავთ კანონს და თუ კანონს არ დაიცავს ხელისუფალი, მაშინ ჩვენ ვაიძულებთ მას ამ კანონის დაცვას”.

აჭარის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ თავის პირველ კომენტარში თქვა, რომ „ბათუმში მეჩეთი ქართული ფულით უნდა აშენდეს“, რის შემდეგაც სოციალურ ქსელებში მის მიმართ აგრესიული კამპანია დაიწყო.

თორნიკე რიჟვაძემ მეჩეთის მშენებლობაზე ფაქტობრივად იგივე თქვა, რაც მისმა წინამორბედმა ზურაბ პატარაძემ სულ რაღაც 40 დღის წინ. ზურაბ პატარაძე მსგავს განცხადებებს, რომ „მეჩეთის მშენებლობის საკითხი გადაწყვეტილია“ და მხოლოდ „ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე მუშაობენ“, ორი წლის განმავლობაში რეგულარულად აკეთებდა. თუმცა, მაშინ ამისთვის არც მედიას და არც ფეისბუქსაზოგადოებას დიდი ყურადღება არ მიუქცევია.

რა მოხდა თორნიკე რიჟვაძის შემთხვევაში და მისი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ხომ არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია და საბოლოოდ უარს აცხადებს მეჩეთის მშენებლობის უფლების გაცემაზე? – ვითარების შესაფასებლად „ბათუმელებმა“ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) ხელმძღვანელს, თამთა მიქელაძეს მიმართა. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს მუსლიმი თემის ინტერესებს სასამართლოში.

თამთა მიქელაძე:

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი ნამდვილად გახდა პოლიტიკური თამაშის ნაწილი და გარკვეული სპეციალური დაძაბულობის საფუძველი სწორედ იმიტომ, რომ მთავრობას არ ეყო გამბედაობა და გონიერება თავის დროზე მიეღო ეს გადაწყვეტილება, რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი და ძალიან მარტივი საკითხი – სალოცავის გახსნა. ჩვენ ვხედავთ, რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელები ყველა ჯერზე სხვადასხვა არგუმენტით სპეკულირებენ და მუდმივად ხდება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხის გადავადება, გაჭიანურება. ვფიქრობ, ბოლო განცხადებები, რომელიც ახალმა ხელმძღვანელმა გააკეთა იყო წინააღმდეგობრივი – ჯერ საუბრობდა, რომ მეჩეთი აშენდება, ამას მოჰყვა წინააღმდეგობა, შემდგომში აღმაშენებლის ძეგლის მშენებლობით დაბალანსდა და ბოლოს ერთ-ერთ რადიოში თქვა, რომ ეს საზოგადოების კონსენსუსის საკითხი უნდა გახდეს და ამ ეტაპზე მშენებლობის გეგმა არ არსებობს.

თამთა მიქელაძე

საინტერესოა რა ტიპის კონსენსუსზე საუბრობს. თუ საუბარია ადგილობრივ ქრისტიანულ ჯგუფებს შორის კონსენსუსზე (რომლებიც წინააღმდეგი არიან მეჩეთის მშენებლობის), კონკრეტულ პოლიტიკური ჯგუფებზე, ცხადია, ასეთი კონსენსუსი შეუძლებელი იქნება. მაგრამ მე ვიცი, რომ ბათუმში, აჭარაში არის ძალიან ბევრი სამართლიანი ადამიანი, რომელიც თავს ქრისტიანად მონიშნავს და რომელიც ფიქრობს, რომ მუსლიმ თემს აქვს ახალი მეჩეთის მშენებლობის უფლება. შესაბამისად, საზოგადოებაში არსებული ეს პოზიტიური განწყობა მთავრობამ უნდა გამოიყენოს საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. ამდენად კონსენსუსი შედგება ამის უკან ძალიან დიდი პოლიტიკური ინტერესი რომ არ არსებობდეს ან არასწორი წარმოდგენები სამართლებრივი და სეკულარული სახელმწიფოსი.

მეორეს მხრივ, თუ საზოგადოებრივ კონსენსუსში იგულისხმება მუსლიმი თემის შიგნით მთავრობის მიერ ხელოვნურად შექმნილი ორი მხარე, რომელიც რეალურად არ არსებობს – სამმართველო, რომელიც, სამწუხაროდ, არის ინსტრუმენტალიზებული მთავრობის მხრიდან და მეორე – თვითორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ახალ მეჩეთს აშენებს, თუ მათ შორის კონსენსუსზეა საუბარი, ესეც უსამართლო დალაგებაა აქტორების, რადგან სამუფთო სამმართველო დღეს მთლიანად სახელმწიფო ნებაზეა მიბმული. თუმცა სამუფთო სამმართველო ვერ ახერხებს თქვას უარი იმაზე, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის საჭიროება არსებობს.

სწორედ იმის გამო, რომ ახლა წინასაარჩევნო პერიოდია, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფი ამ საკითხის გარშემო მოძლიერდება და მთავრობას უნდა ეყოს კეთილი ნება, ისეთი პოზიციონირება გააკეთოს, რომ ანტიისლამური განწყობები კიდევ უფრო არ გაძლიერდეს და თვითონ არ გახდეს ამის ხელშემწყობი.

თუმცა ამ პოლიტიკური გონიერების ნიშნებს მე ამ მთავრობაში ვერ ვხედავ, რადგან უკვე ბევრი შეცდომა დაუშვეს.

მუსლიმი თემი 2014 წლიდან ელოდებოდა „ქართული ოცნების“ დაპირების შესრულებას – რომ მეჩეთს ააშენებდნენ. 2015-16 წლებში თემმა ისევ მისცა სახელმწიფოს შესაძლებლობა, რომ აეშენებინა მეჩეთი, მაგრამ მათ პასუხიც კი არ გასცეს. საბოლოოდ, თემმა თანხა შეაგროვა და მიწის ნაკვეთი შეიძინა, მაგრამ მთავრობამ ამჯერადაც არ მისცა აშენების ნებართვა. ანუ მუსლიმმა თემმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს საკითხი არ გამხდარიყო პოლარიზების საფუძველი ჯგუფებს შორის.

ამის შემდეგ ჩვენ მივმართეთ სასამართლოს. შემდეგი ეტაპი იყო მოლაპარაკების პროცესი მერიასთან, მაგრამ ის განცხადება, რაც მერმა გააკეთა, იყო პრობლემური. მან თქვა, რომ მეჩეთის მშენებლობა შესაძლებელი გახდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გადაეცემოდა მრევლის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი. ეს თემისთვის პრინციპულად მიუღებელია. ცხადია, ისინი ამას არ დასთანხმდნენ…

ჩვენ სასამართლოს მივუბრუნდით და ვთხოვეთ, რომ პროცესი გაგრძელდეს, რადგან მოლაპარაკებებმა სამართლიანად არ ჩაიარა. ახალი მთავრობის პირობებში რაიმე შეიცვლება თუ არ ეს ჩვენთვის უცნობია, თუმცა ამას არც აქვს მნიშვნელობა, რადგან მოპასუხე მხარე სასამართლოში ბათუმის მერიაა.

ჩვენ ვხედავთ, რომ მუსლიმი თემის ყველა ნაბიჯი იმისკენ იყო მიმართული, რომ მეჩეთის მშენებლობა არ გამხდარიყო დაპირისპირების მიზეზი. ისინი იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის, კარდაკარ შეაგროვეს თანხა საჭირო ნაკვეთის შესაძენად. ეს ახალგაზრდები საკუთარი ხელით ასრულებენ მეჩეთში სამუშაოებს, ამდენად მათ უფრო ძლიერი ემოციური კავშირები აქვთ ამ მეჩეთთან, ვიდრე, ვთქვათ, სხვა შემთხვევაში ექნებოდათ.

პრინციპში ისინი ბოლო განცხადებებით არც აღელვებულები არიან და არც განსაკუთრებული მოლოდინები აქვთ მთავრობების მიმართ. მათი განცდა ასეთია – მუსლიმი თემი აპირებს სამართლებრივი დავის გაგრძელებას.

მთავარი ფოტო ახალი მეჩეთი ბათუმის გარეუბანში – ფიცრული, სადაც მუსლიმები ბოლო ერთი წელია ლოცულობენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: