მთავარი,სიახლეები

„ჩემი ბედნიერება ბავშვების ჟრიამულია” – სკოლის ბუფეტის 70 წლის მცხობელი

29.06.2018 • 2753
„ჩემი ბედნიერება ბავშვების ჟრიამულია” – სკოლის ბუფეტის 70 წლის მცხობელი

„ჩემი ბედნიერება ბავშვების ჟრიამულია. რომ შემოგრიალდებიან ბუფეტში და სიხალისე შემოაქვთ ყველაფერი მავიწყდება“, – ამბობს 70 წლის ლარისა თორია, რომელიც უკვე 44 წელია სამეგრელოს ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის ბუფეტში მუშაობს მცხობელად.

„ყველაფერში“ შვილის რამდენიმეწლიან პატიმრობას გულისხმობს, როცა ოჯახის შემოსავალი მხოლოდ მისი პენსია და ცხობით გამომუშავებული ხელფასი იყო.

ამბობს, რომ ბავშვების დაპურება მისთვის სიამოვნებაა და არამხოლოდ ყოველდღიური ვალდებულება, სამსახური. მეტიც, რთული წლებთან გამკლავება ამ საქმიანობით შეძლო.

„სკოლაში ბავშვებს ჩემი გამომცხვარი რაღაცებიდან ყველაზე ძალიან კრემიანი ფუნთუშები მოსწონთ, ხაჭაპურიც. ვცდილობ ყოველთვის ყველაფერი გემრიელი იყოს“, – ამბობს ყოფილი პატიმრის დედა, რომლის შვილიც უკვე ციხიდან გათავისუფლდა და ცდილობს ცხოვრებას აქტიურად დაუბრუნდეს. მართალია, ახალგათავისუფლებულს ჯერ ოფიციალური სამსახური არ აქვს, მაგრამ ოჯახში უამრავი საქმეა: თხილის პლანტაციებიო, მიწის დამუშავება ბაღჩა-ბოსტნისთვის და ა.შ.

70 წლის ლარისა თორია ორგანიზაცია „თანაზიარის“ მეშვეობით „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების  მხარდაჭერის პროგრამაში“, პროექტების წერა ისწავლა, საქმეში ნათესავი დაიხმარა და ღუმელი, ჭურჭელი, სკოლის ბუფეტისთვის აუცილებელი ინვენტარი შეიძინა, მცირე ბიზნესი გააუმჯობესა. ასე მისი შემოსავალიც მნიშვნელოვნად გაიზარდა და სკოლის მოსწავლეებიც უფრო კმაყოფილები არიან.

ლარისა თორია სამომავლოდ პატარა ბუფეტის გაფართოებაზე ფიქრობს, სურს მაცივარი, კიდევ უფრო დიდი ღუმელი, მეტი და ლამაზი, ახალი ჭურჭელი შეიძინოს. მერე დახლის დადგმასაც შეძლებს და სკოლის გარდა შესაძლოა სოფის მოსახლეობასაც მოემსახუროს.

70 წლის ლარისა თორიას საქმეში, რაც ოჯახის შემოსავლის მთავარი წყაროა შვილიშვილები, რძალი და შვილიც ეხმარება.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამას“ დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს ოთხ სხვადასხვა რეგიონში ახორციელებს.

პროგრამა ყოფილი პატიმრებისა და პატიმართა ოჯახის წევრების რესოციალიზაციას, დასაქმებას, განათლებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას უწყობს ხელს.

პროექტში აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში მცხოვრები ოჯახებია ჩართული, რომლებსაც სამედიცინო და იურიდიული სერვისებით სარგებლობაც შეუძლიათ პროგრამის ფარგლებში.

პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: