მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხულოში 7 ბაღი დააჯარიმა

21.03.2018
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხულოში 7 ბაღი დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მონიტორინგის საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული შვიდი საბავშვო ბაღი დააჯარიმა. ჯარიმამ მთლიანობაში 6 000 ლარი შეადგინა.

დიდაჭარის, ოქრუაშვილების, ღორჯომისა და დიოკნისის ბაღები – 1200, ხოლო საციხურის, ღურტისა და სოფელ ვერნების საბავშვო ბაღები – 400 ლარით დაჯარიმდნენ.

ხულოს ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ბაღები, ძირითადად, სამზარეულოში გამოვლენილ არაკრიტიკული შეუსაბამობისთვისაა დაჯარიმებული.

არაკრიტიკულ შეუსაბამობად და ჯარიმის მიზეზად სააგენტო, ძირითადად საბავშვო ბაღებში, სამზარეულო ოთახში, პერსონალისთვის ნიჟარისა და გარეცხილი ინვენტარისთვის ქვაბების, თასებისა და მათი საწრეტების არარსებობას, დაზიანებულ სამზარეულო ჭურჭელს, სანდოდ შეუფუთავ ელექტროგაყვანილობას ასახელებს. ბაღებში ხორცის, ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტის დასამუშავებლად გამოიყენება ხის დაფები და ბაღებს არ გააჩნიათ სასმელი წყლის მიკროლაბორატორიული კვლევის ოქმები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მონიტორინგის საფუძველზე წელს დაჯარიმებული შვიდი ბაღიდან, ღურტის ბაღის გარდა  ყველა ბაღი სააგენტომ გასულ წელსაც თითქმის იგივე დარღვევების გამო დააჯარიმა. გაერთიანებაში ამბობენ, რომ პრობლემების სრული მოგვარება ყველა ბაღში ვერა, მაგრამ ნაწილობრივად მოაგვარეს.

აღნიშნული პრობლემის მოგვარებასთან ერთად, სააგენტომ საბავშვო ბაღებს ხულოში სასმელი წყლის გაწმენდის რეკომენდაცია მისცა.

„გასულ წელს 20-ვე საბავშვო ბაღში სასმელ წყალთან დაკავშირებით სააგენტომ შენიშვნა და რეკომენდაცია მოგვცა. წელსაც ანალოგიური პრობლემაა. ბაღები სოფლის წყაროს წყლებით მარაგდება, რომლებიც მინარევებს შეიცავს. მართალია არ არის წყალი მომწამვლელი, მაგრამ მისი დალევა არარეკომენდებულია. საჭიროა წყლის გაწმენდა. ყველა ბაღში გვაქვს წყლის რეზერვუარები, რომლის დეზინფექცია უნდა მოვახდინოთ, დეზინფექციისთვის საჭირო საშუალებებზე ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ. რაც შეეხება სააგენტოს მიერ ბაღებზე წელს გაცემულ რეკომენდაციებს, გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით გამგეობას უკვე მივმართეთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ ხულოს ბაღების გაერთიანების წარმომადგენელმა ზორბეგ ჯოყილაძემ.

სააგენტოს მიერ თებერვალში დაჯარიმებული შვიდი ბაღის, მთლიანობაში 6 000 ლარი საჯარიმო თანხა (აიპ) ხულოს ბაღების გაერთიანებამ მარტის თვის ბოლომდე უნდა გადაიხადოს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: