მთავარი,სიახლეები

„შინმოვლა საქართველოში“: ბათუმის მერიის პროგრამით უკმაყოფილოთა რიცხვი იზრდება

19.03.2018 • 2545
„შინმოვლა საქართველოში“: ბათუმის მერიის პროგრამით უკმაყოფილოთა რიცხვი იზრდება

კოალიცია „შინმოვლა საქართველოში“ ბათუმის მერიის შინმოვლის პროგრამის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა, რომელიც „სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფმა“ ჩაატარა, ბოლო რამდენიმე წელს მოიცავს.

ორგანიზაცია „შინმოვლა საქართველოში“ ხელმძღვანელმა, უჩა ვახანიამ, ამ თემაზე დღეს, 19 მარტს, ბათუმში სასტუმრო „რედისონში“ პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, მერიის შინმოვლის პროგრამა არის შინმოვლის ყველაზე ცუდი მაგალითი, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტები პროგრამით განსაზღვრულ მომსახურებას ვერ იღებენ.

„როგორც ვიცით, ამ დროისთვის მერიის შინმოვლის პროგრამით 90 ადამიანი სარგებლობს, ჩვენ მხოლოდ 17 მათგანის გამოკითხვა მოვახერხეთ. თუმცა ვიდეო და ფოტომასალა უფრო მეტი გვაქვს, რადგან არის შემთხვევები, როცა პაციენტები უკმაყოფილების მიუხედავად, ამაზე საჯაროდ საუბარს მაინც თავს არიდებენ.

ბათუმის მერია პირველი იყო ვინც შინმოვლის პროგრამა დაიწყო და ეს უნდა ყოფილიყო ყველაზე კარგად განვითარებული პროგრამა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, რადგან ტენდერში მერიის ფავორიტი კომპანია იმარჯვებდა, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა ამ მიმართულებით. ჩვენ მერიის ტენდერი რამდენჯერმე გავასაჩივრეთ და შესყიდვების სახელმწიფო სააგენტომ დისკვალიფიკაცია მისცა როგორც ტენდერში გამარჯვებულ „ტრასტკოლაბორეიშენს“, ასევე მის ქვეკონტრაქტორს „სავლეს“, რომელიც ასევე არაკომპეტენტური იყო ამ საქმეში,“ – ამბობს ვახანია.

მისი თქმით, მერიამ ტენდერების ჩაშლის შემდეგ, შინმოვლის პროგრამა ერთპირთან მოლაპარაკების გზით, საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასს“ მისცა. პროგრამის ბიუჯეტი კი, რომელიც თავდაპირველად 170 ათასი ლარი იყო, 50 ათას ლარამდე შეამცირა.

უჩა ვახანიას თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ  როგორც პროგრამის შესახებ ინფორმირებულობა, ასევე მომსახურების ხარისხი, წლების მიხედვით უარესდება.

„თუკი 2016 წელს პაციენტები ამბობდნენ, რომ პროგრამის შესახებ ინფორმაციის ხარისხი იყო 17 პროცენტი, 2017 წელს არაინფორმირებულობის ხარისხი 34-პროცენტამდე გაიზარდა.

პროგრამაში გათვალისწინებული და რეალური მომსახურების შესაბამისობა თუკი 2016 წელს 64 პროცენტი იყო, გასულ წელს 14 პროცენტამდე ჩამოვიდა. პაციენტების დიდი ნაწილი, ასევე ოჯახის წევრების უკმაყოფილების ხარისხი გაიზარდა მომსახურებასთან დაკავშირებით,“ – ამბობს ვახანია.

მისი თქმით, თუკი პროგრამა თვეში ექთნის 13 ვიზიტს ითვალისწინებს, რეალურად, პაციენტთან თვეში სამჯერ მიდის ექთანი: „ექთანი პრაქტიკულად,  შინმოვლაში არ ეხება პაციენტს. დაუტოვებს რაღაც წამალს და მიდის. მოვლაში არ არის ჩართული არც მასაჟისტი, არც მრავალდარგობრივი მიმართულების ექიმები. შინმოვლის პაციენტს სჭირდება დაბანა, ჩაცმა, გადაადგილება, კვება, ჰიგიენური კონტროლი. გარდა ამისა, მათ სჭირდებათ მასალების და მედიკამენტების მიწოდება და სხვადასხვა სპეციალისტების დახმარება, რასაც მერიის პროგრამის მიხედვით ვერ იღებენ“.

კოალიცია „შინმოვლა საქართველოში“, ხელვაჩაურის ათ სოფელში ახორციელებდა შინმოვლის პროგრამას, რომელსაც დონორი ორგანიზაციები და ნაწილობრივ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებდა, თუმცა პროგრამა უფინანსობის გამო შეწყდა.

„ჩვენი პროგრამის ფარგლებში ერთ პაციენტზე თვეში 100 ლარი იყო გათვალისწინებული, ბათუმის მერია კი ამ პროგრამის ფარგლებში თვეში 50 ლარს ხარჯავს ერთ ადამიანზე, თუმცა ხარისხი ბევრად გაუარესებულია წინა წლებთან შედარებით“ – ამბობს ვახანია.

მისი აზრით, დღეს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები შინმოვლის პროგრამაზე ფაქტობრივად ფუჭად იხარჯება. მიუხედავად ამისა, შინმოვლის პროგრაგრამაში ჩართვის მსურველთა რიცხვი იზრდება.

როგორც მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურში „ბათუმელებს“ განუმარტეს, მერია შინმოვლის პროგრამაზე ბიუჯეტიდან 64 ათას ლარს ხარჯავს, რომელიც მთლიანად ჰიგიენურ საფენებსა და მედიკამენტებზე იხარჯება. „სხვა ხარჯებს მთლიანად „კარიტასი“ ანაზღაურებს“ – გვეუბნება სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო ლომთათიძე. მისი თქმით, შინმოვლის პროგრამით პაციენტები კმაყოფილი არიან.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: